ფარერის კუნძულები ლაშქრობისთვის, ჩიტებზე დაკვირვებისთვის და დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის იდეალური ადგილია. მის თვალწარმტაც ბუნებასთან შეხვედრისას სუნთქვა ნამდვილად შეგეკვრებათ.

რა უნდა იცოდეთ ყველა სეზონის შესახებ, სანამ მოგზაურობას დაგეგმავთ:

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფარერის კუნძულები სეზონურია და ამინდზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. აქ ერთი დღის მანძილზე შესაძლოა 4 სხვადასხვა სეზონი გამოსცადოთ. ამინდი ხანდახან 5 წუთში შესამჩნევად იცვლება. ყველა აქტივობა, რომელიც ფარერის კუნძულებს ახსიათებს, მთელი წლის მანძილზე ხელმისაწვდომი არაა. მაგალითად, ჩრდილოეთ ციალის ხილვა. ხანდახან ბორნები ქარის გამო არ მუშაობენ, ხანდახან კი წვიმა დაგეგმილ ლაშქრობას შლის. ზამთარში აქ თოვლს აუცილებლად ნახავთ, მაგრამ შესაძლოა ის მაისშიც იხილოთ.

ივნისიდან აგვისტომდე საუკეთესო დროა ამინდის და აქტივობების კუთხით

არავინ ჩადის ფარერებზე მზეზე გასარუჯად. ტემპერატურა აქ როგორც წესი 7-დან 13 გრადუსამდე მერყეობს. ზაფხულის თვეებში მოგზაურობა მეტ გასაქანს მოგცემთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს პიკი სეზონია და ყველა ღირსშესანიშნაობა და გზა ამ დროს ღიაა. მეორე რიგში იმიტომ, რომ ჩიტების მიგრაციის პერიოდია. პიკი სეზონია  ლაშქრობისთვისაც, რადგანაც ზაფხულში ფარერებზე დღის სინათლე 20 საათსაც კი გრძელდება. ზაფხულში ფესტივალები, კონცერტები და ღონისძიებებიც ეწყობა. მაგალითად, 28 ივლისს ფარერების ეროვნული დღესასწაულია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს, სხვა სეზონებთან შედარებით, ფასებიც მაღალია.

სექტემბრიდან დეკემბრამდე და მარტიდან ივნისამდე საუკეთესო დროა ბიუჯეტური მოგზაურობისთვის

სექტემბრიდან ფარერებზე ტრანსპორტიც სტანდარტულ სერვისებზე გადადის. ამინდი თითქმის აგვისტოს მსგავსია და სექტემბერში საშუალება გექნებათ ბუნებით ხალხმრავლობის გარეშე დატკბეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფარერის კუნძულები იშვიათადაა გადატვირთული, შემოდგომაზე გაცილებით ცარიელია და ბევრად მისაღებ ფასებსაც გვთავაზობს. ამ პერიოდში სინათლის ხანგრძლივობა მცირდება და მოწმენდილ ცაზე ღამით ციალის დანახვის შანსიც იზრდება. იგივე შეიძლება ითქვას გაზაფხულზე. გაზაფხულის ბოლოს, როცა ველური ყვავილები ყვავიან და მიგრირებული ჩიტები ბრუნდებიან, კუნძული განსხვავებულ სილამაზეს იძენს.

დეკემბრიდან მარტამდე საუკეთესო დროა ჩრდილოეთის ციალის სანახავად

ციალისთვის გჭირდებათ საკმარისად ბნელი ღამე და უღრუბლო ცა. ზამთარი აქ მართლაც ბნელია და დღის სინათლე მხოლოდ 5 საათს გრძელდება. შესაბამისად, დიდი ალბათობით შეძლებთ ავრორას ხილვასაც. ტემპერატურა 1-დან 6 გრადუსამდე ეცემა და ამ დროს ლაშქრობა მხოლოდ მოკლე მანძილებზეა რეკომენდირებული. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა ზოგი გზა დაკეტილი იყოს, ასევე ღირსშესანიშნაობებიც და ტრანსპორტის სერვისები ლიმიტირებული გახდეს. ზამთარში ფარერებზე იხილავთ გაყინულ ნავსადგურებს, გამოცდით ყინულში ცურვას და იხილავთ სოფელს, ტჯორნუვიკს, სადაც 24 საათის მანძილზე სულ ღამეა. თუ ექსტრემალური მოგზაურობა გიყვართ, მაშინ ზამთარი აირჩიეთ.