პარიზის ცენტრში, ილ დე ლა სიტეს კუნძულზე მდებარე ნოტრ-დამი, ანუ პარიზის კათედრალი მსოფლიოს ერთ-ერთი აღიარებული მონუმენტია. 2019 წლის 15 აპრილს მის სახურავს ცეცხლი მოეკიდა და თითქოს შეუძლებლად მიიჩნეოდა მისი სრული რეაბილიტაცია. მე-13 საუკუნის ამ ტაძრის ნაგებობის ძირითადი ნაწილი შენარჩუნდა, თუმცა სამწუხაროდ დაზიანდა მისი ცნობილი კოშკურა. რესტავრაციის გამო, კათედრალის კარი ხანძრის შემდეგ ამ დრომდე საჯაროდ დახურული იყო. 7 დეკემბერს პარიზის ცნობილი მონუმენტი საჯაროდ კვლავ გაიხსნა. თუ გსურთ მას ეწვიოთ, ჩვენ გარკვეულ რჩევებს მოგცემთ.

საუკეთესო დრო რომ ნოტრ-დამს ეწვიოთ: ვვარაუდობენ რომ ნოტრ-დამს დღეში 40 000 ვიზიტორი ეწვევა, თუმცა რეზერვაციის ახალი სისტემა რიგის დროს ამცირებს. თუმცა არის დღის გარკვეული დროები როცა აქ ჩვეულზე მეტი ხალხია. მაგალითად მესის დროს, რომელიც ყოველდღე დილის 8, შუადღის 12 და საღამოს 6 საათზე ტარდება 1 საათის ხანგრძლივობით. კვირაობით წირვა ტარდება 8:30-ზე, 10-ზე, 11:30 და 18:00 საათზე. ასევე, კვირას დღის 4 საათზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ორღანს, დასწრება უფასოა.

რა დრო უნდა გაატაროთ ნოტრ-დამში? თუ ჯგუფურ ტურს შეუერთდებით, მისი ხანგრძლივობა 45 წუთიდან 1 საათამდეა. გიდები კათედრალის ისტორიას გაგაცნობენ. დამოუკიდებლად დაახლოებით ნახევარი საათი ივარაუდეთ.

ნოტრ-დამის რეზერვაცია/დაჯავშნის ახალი სისტემა: ახალი სისტემის წყალობით შემცირდება მოლოდინის დრო და ვიზიტორები თავად აირჩევენ სასურველ პერიოდს ნახევარი საათის ცდომილებით. შესაბამისად, ვიზიტორებს მაქსიმუმ 30 წუთი მოუწევთ ლოდინი. თუ რეზერვაციის გარშე მიხვალთ, მაშინ ბევრად დიდი დრო დაგჭირდებათ კათედრალში შესასვლელად. რეკომენდირებულია მიხვიდეთ 15 წუთით ადრე თქვენს მითითებულ დრომდე. აპლიკაცია მუშაობს ანდროიდსა და აიოსზე. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია აუდიო გიდებიც.

შესვლის ღირებულება: ნოტრ დამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილების, მათ შორის საკურთხევლის მონახულება უფასოა. თუმცა საგანძურში შესვლა 10 ევრო ღირს.

მთავარი სანახაობები: ჯერ შეხვალთ კათედრალის სამ თაღოვან შესასვლელში, შემდეგ ცენტრალურ “უკანასკნელი განკითხვის” ნაწილში და გაყვებით კათედრალის სიმბოლურ ტრადიციულ ბილიკს, რომლებიც პილიგრიმებმა შუა საუკუნეებში გაიარეს. მარცხენა და მარჯვენა საკურთხევლებთან ბევრი ხელოვნების ნიმუშია თავმოყრილი, ასევე სკულპტურები.

ღვთისმშობლის ქანდაკება (The statue of Our Lady) კათედრალის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ის სპეციალურად ნოტრ-დამისთვის არ შექმნილა, ის იმ ეკლესიიდან გადმოიტანეს, რომელიც აქ ღვთისმშობლის ეკლესიამდე იდგა. მხატვრობაში გადააწყდებით სცენებს იესოს ცხოვრებიდან. ასევე კონტრასტულია კათედრალის გოთიკურ არქიტექტურაში არსებული ფერადი ვიტრაჟები.

როდისაა ღია ნოტრ-დამი? კათედრალი ღიაა წლის მანძილზე ყოველდღე დილის 7:45-დან საღამოს 7 საათამდე. ხუთშაბათობით ნოტრ-დამი იკეტება საღამოს 10 საათზე. ხოლო შაბათ-კვირას ღიაა დილის 8:15 საათიდან 19:30-მდე.

როგორ მოხვდებით ნოტრ-დამში: კათედრალი პარიზის ცენტრში მდებარეობს და მასთან მოხვედრა მარტივია მეტროთი ან ფეხით. უახლოესი მეტროსადგურია სიტე (Cité), საიდანაც ეკლესიამდე მისასვლელად 5 წუთი დაგჭირდებათ. ფეხით უნდა გადაკვეთოთ რომელიმე ხიდი – ნოტრ-დამის ან დარკოლის და დატკბეთ ხედებით სენაზე.











