ამსტერდამში ვიზიტისთვის იდეალური პერიოდია გვაინი სექტემბერი და ადრეული ოქტომბერი. ამ დროს აქ ჯერ კიდევ თბილა და იმდენი ტურისტი აღარაა. ამსტერდამის შიპოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მატარებლით მოხვდებით, რომლის ღირებულებაცაა 5.90€. გზას 15-20 წთ დასჭირდება. გირჩევთ წაიღოთ თბილი მოსაცმელი და ქოლგა, სეზონს მნიშვნელობა არ აქვს.

პარასკევი ველოსიპედისა და მუზეუმებისთვის

დილა: გირჩევთ საცხობს: Bakkerij Mater. აქ უგემრიელეს სენდვიჩებს ამზადებენ პირდაპირ ღუმელიდან. აიღეთ ყავა და გაუყევით წყლის არხს.

როგორ უნდა გაატაროთ დღე: იქირავეთ ქალაქის ველოსიპედი და შეიგრძენით ამსტერდამი ნამდვილი ჰოლანდიელივით. სასტუმროებში ჯგუფურ ველო-ტურებსაც შემოგთავაზებენ და გიდები ქალაქს ბორბლებით მოგატარებენ. ველოსიპედით გულის ჯერების შემდეგ, მოინახულეთ Negen Straatjes – უბანი სავსე პატარა, დამოუკიდებელი მაღაზიებით და გალერეებით. თითეული მათგანი რაღაც განსხვავებულს გვთავაზობს. სადილისთვის და ვახშამისთვის მიაკითხეთ Festina Lente-ს, სადაც მენიუ ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად ამსტერდამი. აქვე დალევთ საღამოს კოქტეილებს და იცეკვებთ. გირჩევთ ორ ბარს: Radio Radio და Bar Oldenhof.

შაბათი

დილა: მოინახულეთ სტედელიკის მუზეუმი, სადაც თანამედროვე ხელოვნება ცენტრალურ პოზიციაზეა. აქ ნახავთ მონდრიანის და კუნინგის ნამუშევრებს. მუზეუმს აქვს კომფორტული კაფეც.

როგორ უნდა გაატაროთ დღე: მუზეუმის შემდეგ, ორი ვარიანტია: ვანგოგის მუზეუმი და რიკსმუზეუმი (Rijksmuseum). ხანდახან ორივე მუზეუმი ძალიან გადატვირთულია. ამიტომაც, შეგიძლიათ მიაკითხოთ რემბრანტის სახლს. თუ უფრო ქუჩის ხელოვნება გაინტერესებთ, გირჩევთ ისიამოვნოთ ბორანზე ამსტერდამ ნორდში. ეს ყოფილი ინდუსტრიული არეალი კრეატიული ჰაბია, კედლებზე დახატული ნახატებით და შთამბეჭდავი გრაფიტით.

სადილისთვის და ვახშმისთვის გირჩევთ სკეიტ კაფეს (Skate Cafe). აქ ლაივ მუსიკის საღამოები ეწყობა. უფრო მყუდრო ატმოსფეროსთვის გირჩევთ კაფეს: Gertrud. თუ სპონტანურად გადაწყვეტთ სადმე შესვლას Cafe Cenc საუკეთესოა პატარა პორციებით.

კვირა

დილა: გაატარეთ დილა უბანში The Jordaan, სადაც აუცილებლად ინატრებთ, რომ ნეტავ აქ გეცხოვრათ. აქ ლამაზი წყლისპირა სახლები, ხელოვნების გალერეები და ინდი კაფეებია. გაისეირნეთ მის მშვიდ ქუჩებში, ფარულ ბაღებში და ფერად ნავებთან.

როგორ უნდა გაატაროთ დღე: დარჩით ჯორდანში და ეწვიეთ ანა ფრანკის სახლს, სადაც თინეიჯერმა მწერალმა 2 წელი გაატარა. აუცილებლად დაათვალიერეთ ამსტერდამი კაიაკით ან ნავით, რადგანაც ქალაქი წყლიდან სულ სხვანაირად ჯადოსნურია. სადილისა და ვახშმისთვის გირჩევთ Bar Centraal-ს, ხოლო ღამის კოქტეილებისთვის პაბს: Amsterdam brown bar.

ბონუს რჩევა: თუ გაქვთ კიდევ ერთი დღე, წადით უტრეხტში. ის ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც ამსტერდამი და მასზე უფრო მშვიდი და სამოძრაოდ მარტივი. მატარებლის ღირებულებაა 9 ევრო, გზას კი 25 წთ სჭირდება.