ქალაქ რეიმსში ჩასვლა ნიშნავს საფრანგეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის აღმოჩენას და გამოკვლევას. უამრავი საინტერესო წერტილით და 4 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით, რეიმსი ამ ქვეყანაში მოგზაურობისას გამოსატოვებელი არ არის.
1. ღვთისმშობლის კათედრალი
ეს რეიმსის აუცილებლად სანახავი მონუმენტია, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს. ის გოთიკური არქიტექტურის ნამდვილი შედევრია. ანტიკური კათედრალის ნანგრევებზე აგებული რეიმსის ღვთისმშობლის ტაძარი პარიზის ნოტრ-დამზე დიდია. აქ საფრანგეთის 25 მეფის კორონაცია შედგა. ადით კოშკურის ტერასაზე და დატკბით პანორამული ხედითაც. რეიმსის კათედრალი ღიაა ყოველდღე დილის 8-ის ნახევრიდან საღამოს 8-ის ნახევრამდე. შესვლა უფასოა.

2. ტაუს სასახლე
კათედრალთან კიდევ ერთი იუნესკოს დაცული ძეგლი – The Palace of Tau მდებარეობს, რომელიც ერთ დროს რეიმსის მთავარეპისკოპოსების რეზიდენცია იყო. დღეს აქ მუზეუმი და საგამოფენო სივრცეა. იხილავთ ნივთებს მეფეების კორონაციის რიტუალებიდან. ბილეთის ფასია 8 ევრო, თუმცა რეიმსის ქალაქის ბარათს თუ შეიძენთ (Reims City Pass) უფასო იქნება.

3. რეიმსის წმ. რემის ბაზილიკა
მე-11 საუკუნეში აგებული ეს ბაზილიკა (Reims Saint-Remi Basilica) თითქმის სრულად განადგურდა პირველი მსოფლიო ომის დროს. მისი ინტერიერი რეიმსის კათედრალზე არანაკლებ შთამბეჭდავია.

4. წმ. რემის ისტორიის მუზეუმი
ბაზილიკასთან მდებარე ყოფილი სამეფო წმ. რემის სააბატო და რემის მუზეუმი იუნესკოს მესამე მემკვიდრეობის ძეგლია ამ ქალაქში და მისი არქიტექტურის გამო მონახულებად ნამდვილად ღირს. მუზეუმში 17 საგამოფენო ოთახია მდიდარი კოლექციებით, პრეისტორიის პერიოდიდან რენესანსის ჩათვლით. შესვლის ღირებულებაა 4 ევრო, თუმცა უფასოა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს.

5. მარსის კარიბჭე
Mars gate გალურ-რომაული ტრიუმფალური თაღია. ის 4 მონუმენტურ თაღს შორის უდიდესი იყო ძველ რეიმსში, მაგრამ დღეს მხოლოდ ერთიღა შემორჩა. 30 მ. სიგრძის და 15 მ სიმაღლის ამ თაღს ტრიუმფალურს უწოდებდნენ რომაულ სამყაროში.

6. შამპანიურის სახლი
ქალაქი რეიმსი ენოტურიზმითაც მნიშვნელოვანია. ქალაქის რიგით მეორე უდიდესი ღირსშესანიშნაობაა შამპანიურის სახლი (Champagne House). მოინახულებთ შამპანიურის ბოთლების მარანს, დააგემოვნებთ ამ ალკოჰოლურ სასმელს, ნახავთ ვენახებს. ტურის ღირებულებაა 26 ევრო.

7. მოინახულეთ ვილა დემუაზელი
Villa Demoiselle – არტ დეკოს და არტ ნუვოს ნამდვილი შედევრია. ის მეოცე საუკუნის დასაწყისში ააგეს, თუმცა მას შემდეგ სრულად განახლდა.

8. შამპანიურის სახელობის პარკი
Parc de Champagne – ახლოსაა შამპანიურის სახლებთან. თუ მას ზაფხულში ეწვევით, ის სასიამოვნო სეირნობას გპირდებათ. დღეს ის რეიმსის უდიდესი საჯარო პარკია, მწვანე ოაზისი.

9. რეიმსის ავტომობილის მუზეუმი
საფრანგეთში 5 მასშტაბური ავტომობილის მუზეუმია, მათ შორის ერთ-ერთი რეიმსში (Reims Champagne Automobile Museum) მდებარეობს. აქ 230-ზე მეტი მანქანაა თავმოყრილი 1908 წლიდან დღემდე. აქ ასევე ნახავთ მინიატურებსა და სათამაშოებს.

10. კარნეგის ბიბლიოთეკა
Carnegie library – ლოკაციაა, რომელიც რეიმსის ხსენებისას ფრანგებისთვის ერთ-ერთი პირველი ასოციაციაა. ტურისტებში ნაკლებად ცნობილი ეს მარგალიტი 20-იანი წლების აშშ-ს მოგაგონებთ. შესვლა უფასოა.

11. გალო-რომაული კრიპტოპორტიკუსი
Gallo-Roman cryptoporticus – რეიმსის ანტიკური ფორუმია, სადაც უფასოდ შეხვალთ და გამოფენებს იხილავთ.

12. ლა ვერგერის მუზეუმი
Hotel Le Vergeur Museum მე-15 საუკუნის შენობაში მდებარეობს და ისტორიულ მონუმენტადაა აღიარებული. 1935 წლის შემდეგ ის ხელშეუხებელია და ნამდვილად სასიამოვნო დასათვალიერებელია.

13. რეიმსის პლანეტარიუმი/Reims Planetarium
რეიმსის პლანეტარიუმი მშვენიერი კულტურული აქტივობაა თუ რეიმსში ბავშვებთან ერთად ხართ. მუსიკის სივრცე მოგხიბლავთ ვარკსვლავებიანი ცის თაღით. ის ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო პლანეტარიუმადაც ითვლება. რეიმსის ქალაქის პასით შესვლა უფასოა.

რეიმსის ქალაქის ბარათით (Reims City Pass) უფასოდ გეკუთვნით:
- მუზეუმებში და აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობებში შესვლა;
- ისარგებლებთ ქალაქისავტობუსისტურით
- უფასოდ ივლით საზოგადოებრივი ტრანსპორტით
- ფასდაკლებით შეხვალთ შამპანიურის სახლებში
- ფასდაკლებით ისარგებლებთ ზოგ რესტორანში
ფასები დღეების მიხედვით განსხვავდება.











