ბელგიის დედაქალაქი ცოცხალი ევროპული ჰაბია, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს ხელგაშლილი ხვდება. ჩვენ ამ ქალაქის ახალ ვიზიტორებს სასარგებლო რჩევებს მოგცემთ.

1. ორი ბრიუსელი არსებობს და დიახ, ეს დამაბნეველია

ბრიუსელი ქალაქიცაა და რეგიონიც, რომლის შემადგენლობაში 18 სხვა დასახლებაც შედის. ბელგიელები ბრიუსელს იყენებენ მხოლოდ დედაქალაქზე საუბრისასაც და ზოგადად რეგიონზე საუბრის დროსაც. ამიტომაც, შეგიძლიათ დააზუსტოთ.

2. კარგაად გადაამოწმეთ აეროპორტი

ბრიუსელს ორი აეროპორტი ემსახურება: ბრიუსელის და ბრიუსელ-შარლეროის. პირველი მათგანი უფრო დიდია და ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. მეორე კი ქალაქიდან 1 საათის დაშორებითაა განთავსებული და ძირითადად ბიუჯეტურ ავიახაზებს ემსახურება. ყურადღება გაამახვილეთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკან დასაბრუნებლად თქვენი აეროპორტისკენ მატარებლით ან ავტობუსით წახვალთ.

3. გამოიყენეთ მეტრო, ტრამვაი და ავტობუსები ქალაქის დასათვალიერებლად

ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველგან მიხვალთ და თანაც, მარტივად. ბილეთის აპარატებს მეტროს, ტრამვაის და ავტობუსის გაჩერებებზე შეხვდებით. მთავარი ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოსაა და ფეხითაც დაათვალიერებთ, ამიტომაც ავტობუსით მგზავრობისას აიღეთ ერთი გზის ბილეთი, ულიმიტო დღური ბილეთის აღება ღირს მაშინ, თუ ერთ დღეში სხვადასხვა უბნის მონახულებას გეგმავთ.

4. მატარებელი საუკეთესო მეთოდია აქ სასიარულოდ

ბრიუსელის მიწისქვეშა მატარებელი მთელ ქალაქს მოგატარებთ. 35 მატარებლის გაჩერების საშუალებით, ის უფრო მალე მიგიყვანთ ნებისმიერ ადგილას, ვიდრე ტრამვაი ან ავტობუსი.

5. არ დაგეგმოთ მუზეუმში ვიზიტი ან მდიდრული ვახშამი ორშაბათს

ორშაბათს ბრიუსელში ბევრი ადამიანი ისვენებს და მუზეუმების და რესტორნების დიდი ნაწილი ამ დროს დაკეტილია. სჯობს თუ ბრიუსელში კვირის მეორე ნახევარს დაგეგმავთ.

6. ბრიუსელში ყველაფერი ბილინგუალურია

ბელგიის დედაქალაქი ოფიციალურადაა ბილინგუალური კერა. ყველაფერი დაწყებული საგზაო ნიშნებიდან დამთავრებული სარეკლამო ბანერებით, მატარებლის საინფორმაციო დაფებით, ქუჩის სახელებით, აქ ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზეა.  ბრიუსელი მულტიკულტურული ქალაქია და ინგლისურით მარტივად გახვალთ ფონს.

7. იქონიეთ ხურდა ფული საპირფარეშოებისთვის

Madame/Monsieur Pipi – ასე ეძახიან ადამიანებს, რომლებიც საპირფარეშოებთან სხედან და მათ სისუფთავეზე და წესრიგზე აგებენ პასუხს. ისინი ხან რიგში მდგომ ადამიანებს ესაუბრებიან, ხან კითხულობენ, ხან ქსოვენ, ხან კროსვორდებს ავსებენ. მათ ის კონკრეტული ორგანიზაციები (ბარები, რესტორნები და სხვ.) ხელფასს არ უხდიან, რომლებსაც კონკრეტული საპირფარეშოები ეკუთვნით. ასე რომ, თუ ტუალეტით ისარგებლებთ, დაუტოვეთ 0.50 ცენტი ან 1 ევრო.

8. ყოველთვის თან გქონდეთ ქოლგა ან საწვიმარი

თუ ამინდის პროგნოზი გიჩვენებთ, რომ იმ დღეებში, როცა ბრიუსელში ყოფნას გეგმავთ, კარგი ამინდებია, ნუ დაუჯერებთ. ბელგია ცნობილია წვიმით და ბელგიელებს მუდამ უდევთ ჩანთაში ქოლგა ან საწვიმარი მოულოდნელი ამინდის ცვლილებისთვის.

9. კოცნა, ხელის ჩამორთმევა თუ ჩახუტება?

ბრიუსელში, ფრანგულენოვანი კულტურა დომინანტია, ასე რომ ხშირად დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ლოყაზე კოცნით ეგებებიან, მაშინაც კი თუ ერთმანეთს არ იცნობენ და ეს-ესაა გააცნეს. ფლამანდიური კულტურის მიხედვით, კი ისინი უბრალოდ ხელს ართმევენ ერთმანეთს. ასე რომ, თუ დარწმუნებული არ ხართ როგორ მიესალმოთ აქ ადამიანს, თქვენც უბრალოდ ხელი ჩამოართვით მას.

10. ბავშვები და ძაღლები ბარებში ძალიან უყვართ

შუადღის საათებში აქაურ ბარებში მთელი ოჯახი ერთად სადულობს. ზრდასრულები ლუდს სვამენ, მაშინ როცა ახალშობილს საბავშვო ეტლში სძინავს, მოზრდილი ბავშვები კი თავისთვის თამაშობენ. კაფეები და ბარები ბელგიელებისთვის სოციალიზაციის ადგილია და ისინი თვლიან, რომ ბავშვები ამ გამოცდილებისგან გარიყულნი არ უნდა იყვნენ, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც შიდა სივრცეებში მოწევა აიკრძალა. ძაღლებიც ოჯახის წევრები არიან და მათ წყლის ჯამით უმასპინძლდებიან.