როგორც ცნობილია, პარიზელები გასაოცარი სტილით და მოდის დიდი სიყვარულით გამოირჩევიან. მცირე ბიუჯეტითაც კი ისინი დაუვიწყარ ლუქებს ქმნიან. საფრანგეთის დედაქალაქი მნიშვნელოვანი მოდის ცენტრია. მუზეუმების და ცნობილი მონუმენტების შემდეგ, ვიზიტორები მას სწორედ ხარისხიანი შოპინგისთვის სტუმრობენ. ჩვენ წარმოგიდგენთ პარიზის 7 პოპულარულ უბანს საყიდლების მოყვარულთათვის: ფასდაკლებების მაძიებლებისთვის, დიზაინერების პროდუქციის მსურველთათვის, მოდის ქომაგებისთვის და მათთვის, ვინც უბრალოდ ვიტრინების თვალიერებით ტკბება. აქ ყველანაირი ბიუჯეტია გათვალისწინებული:

1 ლუვრი და ტუილრის რაიონი

ქუჩები: St. Honore; Faubourg Saint-Honoré; la Paix; Place Vendome

განკუთვნილია: დიზაინერების სამოსისთვის, სახლის დეკორაციებისთვის, კოსმეტიკისთვის

როგორ მოხვდებით: კონკორდის მეტრო; ტუილრი (პირველი ხაზი), პირამიდები (ხაზი 7 და 14).

ეს მშვენიერი რაიონი პარიზის დიზაინის და მოდის გულისცემაა. ლუვრისა და ტუილრის უბანში იხილავთ ცნობილ დიზაინერებს: ვერსაჩეს, ჰერმესს, სან-ლორენს და აშ. აქ მდებარეობს ელეგანტური მაღაზიები, მათ შორის კოსმეტიკის და სუნამოების. სამეფო სასახლის სიახლოვეს ვინტაჟური მაღაზიები და სამკაულიც შეგხვდებათ.

2 ჰაუსმანის ბულვარი და დიდი ბულვარი

ქუჩები: Boulevard Haussmann; Place de la Madeleine.

განკუთვნილია: პრესტიჟული მაღაზიებით დაინტერესებულთათვის

როგორ მოხვდებით: ჰავრ-კომარტინის მეტრო (ხაზები 3 ან 9), ოპერა (ხაზები 3, 7, 8)

ძველი პარიზული მაღაზიები გალერეა ლაფაიეტსა და ჰაუსმანის ბულვარზეა განაწილებული. აქ შეიძენთ ძვირფასს სამოსს, საკვებს, სახლის ნივთებს, სამკაულს და სხვა. ვივიენის გალერეაში ჟან-პოლ გოტიეს ბუტიკი, უნიკალური წიგნის მაღაზია, ხის სათამაშოების და საჩუქრების მაღაზიებიც დაგხვდებათ.

3 მარე/The Marais

ქუჩები: Francs-Bourgeois, Place des Vosges, Turenne, Rosiers

განკუთვნილია: ეკლექტური მოდისთვის, ვინტაჟური მაღაზიებისთვის, ხელნაკეთი სამკაულისთვის, კოსმეტიკისთვის და სუნამოებისთვის

როგორ მოხვდებით: სან-პოლის მეტრო (პირველი ხაზი)

ისტორიული მარეს უბანი უნიკალური და ხელნაკეთი ნივთების, ასევე ხელოვნების მოყვარულებს დააინტერესებთ. თუ გსურთ საუკეთესო ხარისხის ჩაი (მაღაზიები: Mariage Frères, Kusmi Tea), შოკოლადი (მაღაზია: Josephine Vannier) და სხვა პროდუქცია, მარე ამ შემთხვევაშიც გასიამოვნებთ.

4 მონტანის გამზირი და შანზ-ელიზე

ქუჩები: Avenue Montaigne და Avenue des Champs-Elysées

განკუთვნილია: დიზაინერების პროდუქციისთვის, ქსელური მაღაზიებისთვის

როგორ მოხვდებით: ალმა მარკოს მეტრო (ხაზი 9); ფრანკლინ რუზველტის (ხაზები 1 და 9)

აქ მორიგი ლეგენდარული დიზაინერები დაგხვდებიან: შანელი, დიორი, ლუი ვიტონი. თუმცა, მათ გვერდს ცნობილი ქსელური მაღაზიებიც უმშვენებენ. მაგალითად, ზარა. პატარებს დისნეის მაღაზია მოეწონებათ.

5 სან-ჟერმან-დე-პრე

ქუჩები: Blvd. St.-Germain, St. André-des-Arts, Sèvres

განკუთვნილია: კლასიკური ბრენდებისთვის, წიგნებისთვის, სახლის ნივთებისთვის

როგორ მოხვდებით: სან-ჟერმან-დე-პრეს მეტრო (ხაზი 4), სევღ-ბაბილონი (ხაზი 10)

ერთ დროს აქ ცნობილი ინტელექტუალები სალონურ კაფეებში იკრიბებოდნენ. დღეს ის კლასიკური მაღაზიების, იშვიათი წიგნების, უნიკალური საჩუქრების და ვინტაჟური ნივთების ჰაბია.

6 რივოლი

ქუჩები: Rivoli, Pierre-Lescot, Etienne Marcel, Turbigo

განკუთვნილია: დიდი ქსელური მაღაზიებისთვის

როგორ მოვხვდეთ: შატელე-ლე ჰალსის მეტრო (ხაზი 4)

უზარმაზარი საკვების ბაზარი Les Halles, საყიდლების ცენტრალურ ლოკაციად მე-20 საუკუნეში იქცა. ლე ჰალსის მეტრო დიდი მიწისქვეშა მოლია, სადაც ბევრ გლობალურ ქსელურ მაღაზიას აღმოაჩენთ. რივოლის ქუჩაზე კი საუკეთესო შეთავაზებებს იპოვნით, “პარიზულ ფასდაკლებებს”, აქ მდებარეობს ზარა და H&M.

7 პარიზის ფლი მარკეტი

მისამართი: 99 All. des Rosiers, 93400 Saint-Ouen-sur-Seine

განკუთვნილია: ანტიკური ნივთებისთვის, ფასდაკლებული და ვინტაჟური სამოსისთვის თუ ფეხსაცმლისთვის

როგორ მოხვდებით: პორტ დე კლინგენკურის მეტრო (ხაზი 4) ან გარიბალდი (ხაზი 13)

ქალაქის ეს უდიდესი ვინტაჟური ბაზრობა მე-19 საუკუნით თარიღდება. თუ შოპინგი გაინტერესებთ, ამ ლოკაციას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. აღმოაჩინეთ ანტიკური ავეჯი, ძველი ნივთები, ვინტაჟური სამოსი, მხატვრობა და აშ. კვირის დღეები საუკეთესო ვარიანტია აქ ვიზიტისთვის.