არაფერია იმაზე მეტად პარიზული, ვიდრე დღის რომელიმე მონაკვეთში ქალაქის რომელიმე კაფეში ერთი ჭიქა ესპრესოს დალევა. არ აქვს მნიშვნელობა მყუდრო ინტერიერში დასხდებით თუ კაფის მზით გამთბარ ღია ნაწილში და ქუჩის მოძრაობას დააკვირდებით, ყველა შემთხვევაში შეიქმნით პარიზულ ატმოსფეროს. ისინი წვიმიან დღეებშიც გასიამოვნებენ. ტრადიციული პარიზული კაფეები დიდი ხანია რაც ცნობილი არტისტების საყვარელი სივრცეა. ჩვენ საუკეთესო მათგანები შეგიკრიბეთ.
Cafe de la Paix
მისამართი: 5 Pl. de l’Opéra, 75009
ეს საკულტო კაფე, რომელსაც მთავრობამ ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭა, მე-9 რაიონში მდებარეობს და ბევრ ნახატში, ფილმში თუ პოემაში ხვდება. ორნამენტებით მორთული ინტერიერი და ოპერა გარნიესთან სიახლოვე მას მუზეუმის იერს აძლევს. ერთ დროს აქ ჯდომა უყვარდათ ფრანგ მწერლებს: გი დე მოპასანს და ემილ ზოლას. პარიზელებში არსებობს რწმენა, რომ აქ შესვლისას აუცილებლად გადაეყრები ვინმე ნაცნობს.
Le Select
მისამართი: 99 Bd du Montparnasse, 75006
ერთ-ერთი საუკეთესო კლასიკური პარიზული კაფე მონპარნასზე მდებარეობს და ცნობილი მომხმარებლების დიდი სიით დაიკვეხნის: ჰენრი მილერი, ერნესტ ჰემინგუეი, პაბლო პიკასო და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, მის ტერასაზე მიირთმევდნენ ყავას თავისუფალ დროს. მოზაიკის ფილები იატაკზე და დაწნული სკამები პარიზული კაფეების ტრადიციული მახასიათებელია.
Les Deux Magots
მისამართი: 6 Pl. Saint-Germain des Prés, 75006
როდესაც ჯან პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი კაფე დე ფლორში არ კამათობდნენ, ისინი სწორედ აქ ისხდნენ. 1812 წელს გახსნილი ეს კაფე ტურისტებისა და პარიზის ელიტის თავშეყრის ადგილია. შეუკვეთეთ café crème და დასხედით მზიან ტერასაზე. წარმოიდგინეთ როგორ ატარებდნენ აქ დროს ჰემინგუეი, კამიუ და პიკასო.
Café de Flore
172 Bd Saint-Germain, 75006 Paris, France
Les Deux Magots-დან ქუჩის გადაღმა Café de Flore-ს დაინახავთ ფართო ფანჯრებით. მართალია ის იმდენად იქცა ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილად, რომ სტუდენტებსა და ადგილობრივ არტისტებს აღარ იზიდავს, თუმცა მისი მონახულება ნამდვილად ღირს. როგორც ზევით ვახსენეთ, აქ სარტრი და ბოვუარი ხშირად კამათობდნენ სხვადასხვა საკითხზე.
Bar Hemingway
მისამართი: 15 Pl. Vendôme, 75001
პირველ რაიონში, Ritz Hotel-თან მდებარე ჰემინგუეის ბარი სარტრის გარდა, ჯეიმს ჯოისსაც უყვარდა და მისი ფოტოები ბარის კედელზეც კია გამოკრული. დააგემოვნეთ აქ ლუდი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ჰემინგუეის ფავორიტი კი ალაოს ვისკი იყო. ტყავის სკამებში ჩაფლობით, გეგონებათ, რომ წარსულში გადაინაცვლეთ, ფილმის “ამერიკელი პარიზში” გადასაღებ მოედანზე.
La Closerie des Lilas
171 Bd du Montparnasse, 75006
მონპარნასის ეს კაფე 1847 წლიდანაა ღია და მას ოსკარ უაილდი, პოლ სეზანი და ემილ ზოლა სტუმრობდნენ. ამბობენ, რომ ჰემინგუეიმ სწორედ ამ კაფეში დაწერა: “აღმოხდების მზე (ფიესტა)”. მისი შიდა და გარე სივრცეც სიმწვანით თითქოს “სუნთქავს”.
Le Procope
მისამართი: 13 Rue de l’Ancienne Comédie, 75006
ამ კაფეში ვიზიტით წარსულში გაემგზავრებით. პარიზის უძველესი კაფე 1686 წელს დაარსეს და დღემდე თავს იწონებს გასაოცარი ინტერიერით: მაღალი ჭერით, ანტიკური ნახატებით, ძვირფასი შანდლებით. აქ ისეთი ფიგურები დადიოდნენ, როგორებიც არიან: ჟან-ჟაკ რუსო და ბენჟამინ ფრანკლინი. დალიეთ ყავა და ტრადიციული ფრანგული კერძები. შეგიძლიათ ახვიდეთ კიბეებზე და მოინახულოთ ნაპოლეონის ქუდი, რომელიც როგორც ამბობენ, მან ამ კაფეში დატოვა.
Le Tournon
18 Rue de Tournon, 75006
ლუქსემბურგის ბაღებიდან ორ ნაბიჯში მდებარე ეს კაფე სავსეა ქალაქის ჟურნალისტებით, პოლიტიკოსებით და ცნობილი სახეებით. ცნობილი ჯაზის ღამეები სწორედ აქ დაიწყეს, როდესაც დუკ ელინგტონი თავის ბენდთან ერთად ამ კაფეში გამოდიოდა. დააგემოვნეთ ფრანგული ღვინო და კერძები, ან უბრალოდ კაპუჩინო.
Fouquet’s
99 Av. des Champs-Élysées, 75008 Paris, France
ეს კაფე-რესტორანი 1899 წლიდანაა ღია. ფრანგმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 2007 წელს თავისი გამარჯვება აქ აღნიშნა. ფუკეტი ცეზარის კინოდაჯილდოების წვეულებებს მასპინძლობს. აქ სასმლის მირთმევისას ხედი შანზ-ელიზეზე გექნებათ.
Le Train Bleu
Pl. Louis-Armand, 75012 Paris, France
მიირთვით ტრადიციული ფრანგული ლანჩი ან სადილი მსოფლიოს ძველ მატარებლის სადგურზე. ეს კაფე Gare de Lyon სადგურში მდებარეობს და მშვენიერი ადგილია შეჩერდეთ თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ. მისი ფერადი ინტერიერი და დეკორაციები, “მშვენიერ ეპოქას” ეხმიანება. შეგიძლიათ უბრალოდ მიირთვათ ლუდი, ჭიქა ყვინო ან ყავა.
La Coupole
მისამართი: 102 Bd du Montparnasse, 75014 Paris, France
ელეგანტური ვახშამი მოდურ კაფეში სასიამოვნო იქნება შამპანიურითაც და ცივი ყავითაც. მას ეკუთვნის საცეკვაო მოედანი, რომელიც ძალიან უყვარდათ ჟოსეფინ ბეკერს, ბოვუარს და სარტრის. აქ ხან ტანგოს, ხან სალსას, ხანაც ჯაზს უკრავენ.
Café de la Rotonde
მისამართი: 105 Bd du Montparnasse, 75006 Paris, France
La Coupole-დან ორ ნაბიჯში კიდევ ერთი მშვენიერი კაფე დაგხვდებათ. ის 1911 წელს გაიხსნა და პიკასოს და მოდილიანის სტუმრობის ეპიცენტრად იქცა. ამბობენ, რომ როდესაც თანხა არ ქონდათ, ნახატებითაც კი იხდიდნენ ხოლმე. როტონდას დღეს არტ-დეკოს ელეგანტურობა და ძველებური პარიზული ატმოსფერო აქვს.
Café des Deux Moulins
მისამართი: 15 Rue Lepic, 75018
ეს პატარა კაფე ჟან-პიერ ჟონემ გახადა პოპულარული, როდესაც 2001 წელს აქ თავისი ფილმი “ამელი” გადაიღო. ფილმის სცენებში არსებული ინვენტარი დღეს აქ თითქმის სრულადაა წარმოდგენილი.