თუ ბილეთი საბერძნეთისკენ უკვე დაჯავშნილია, დროა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობისთვის მომზადება უკვე დაიწყოთ. ჩვენ წარმოგიდგენთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ჩასვლისას აუცილებლად გამოგადგებათ.

გახსოვდეთ, რომ ნაღდი ფული აქ მეფეა

ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საბერძნეთს ქეში მართავს, ასე რომ იყავით დარწმუნებულები რომ ფული მუდამ თან გაქვთ. ბანკომატებს ქალაქების ცენტრებში ყველგან იპოვნით, თუმცა კუნძულებზე ნაკლებად, იქ კი რესტორნები და გარკვეული დაწესებულებები საკრედიტო ბარათებს არ იღებენ. რა თქმა უნდა, სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებში და ტურისტულ ადგილებში ბარათს ყველა გაგიტარებთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, იქონიეთ საკმარისი რაოდენობის კუპიურაც.

დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ

სამწუხაროდ, საბერძნეთი არაა კარგად მომზადებული სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის. თუ თქვენ მათ რიგებში ხართ, ან მგზავრობთ სპეციალური საჭიროებების მქონე პიროვნებასთან ერთად, დარწმუნებული იყავით რომ ოთახს სწორად ჯავშნით. თუ აპირებთ კუნძულებს ესტუმროთ, დააკვირდით, ქმნიან თუ არა ისინი პირობებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გაითვალისწინეთ სიგარეტის კვამლი

კვლევების მიხედვით, ბერძნების 50% ეწევა, რაც არამწეველთა გარკვეული ნაწილისთვის გამაღიზიანებელია. მიუხედავად იმისა, რომ დახურულ სივრცეებში მოწევაზე შეზღუდვა უკვე არსებობს, თქვენ შეიძლება ხშირად მოხვდეთ ისეთ კაფესა და რესტორანში, სადაც ადამიანები შიდა სივრცეშიც ეწევიან.

იყავით ფხიზლად საჭესთან

ბერძნები მანქანებს აგრესიულად მართავენ, განსაკუთრებით ათენში. თუ ავტომობილის დაქირავებას აპირებთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ. ქალაქგარეთ სიტუაცია უკეთესია. მოტოციკლეტები მუდამ სახიფათოდ დაძვრებიან, სხვა მძღოლები გადასწრებას მარცხნიდანაც ცდილობენ და მარჯვნიდანაც. საუკეთესო ვარიანტში, დედაქალაქში ტარებისგან თავი შეიკავეთ, სხვაგან შეგიძლიათ თავისუფლად დასხდეთ საჭესთან, უბრალოდ ყურადღება გამოიჩინეთ.

ტაქსი ჭკვიანურად გამოიყენეთ

საბერძნეთში ტაქსის საფასური დაბალია, თუმცა აეროპორტის გზა გამონაკლისს წარმოადგენს. როცა ტაქსს გააჩერებთ, ჩაჯდომამდე მძღოლი მიმართულებას გკითხავთ და ჯერ თავად გადაწყვეტს აწყობს თუ არა თქვენი მარშრუტი. ეს უცნაურად ჟღერს, თუმცა საბერძნეთში არავის უკვირს. ასევე, არ გაგიკვირდეთ, თუ ტაქსი გზად სხვა მომხმარებელსაც გაიყოლებს, მას შემდეგ რაც თქვენ ჩაგისვამთ. თუ წინააღმდეგი ხართ, ამის შესახებ უბრალოდ უნდა უთხრათ.

დაჯავშნეთ ადრიანად

ტურისტულ სეზონზე, რაც უფრო ადრე დაჯავშნით ფრენას და სასტუმროს, მით უფრო ნაკლებს გადაიხდით. აქ დატვირთული პერიოდი ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

დალიეთ ალკოჰოლი, ოღონდ მოიქეცით შესაფერისად

ბერძნები რეგულარულად სვამენ, მაგრამ იშვიათად თვრებიან. ამავეს მოელიან თქვენგან.

კუნძულებზე ბოთლში ჩამოსხმული წყალი დალიეთ

საბერძნეთის დიდ ქალაქებში შეგიძლიათ წყალი პირდაპირ ნიჟარიდან დალიოთ, მაგრამ კუნძულებზე უმჯობესია თუ ნაყიდ წყალს ამჯობინებთ. სამწუხაროდ, კუნძულებზე ჯერ საკმარისი წყალი არაა და რაც აქვთ, იმასაც ჰიგიენური მიზნებისთვის იყენებენ.

უნდა იცოდეთ სამუშაო დროები

საბერძნეთში მაღაზიები, დაწესებულებები და სუპერმარკეტები დილის 9-დან საღამოს 9-მდეა ღია. პატარა მაღაზიები კი ძირითადად მუშაობენ შემდეგი გრაფიკით: 9:00-14:30 ან 17:30-20:30. კვირაობით თითქმის ყველაფერი დაკეტილია.

არ მოგერიდოთ WiFi-ს მოკითხვა

საბერძნეთში ვირტუალური ინტერნეტი ყველგან მუშაობს. იკითხეთ პაროლი ნებისმიერ საჯარო ადგილას, სასტუმროსა და კაფე-ბარში. შეგიძლიათ იყიდოთ საკუთარი ინტერნეტ ბარათიც სპეციალურ კიოსკებში.

არ ჩარეცხოთ ტუალეტის ქაღალდი

არ ჩააგდოთ ქაღალდი უნიტაზებში: ამ წარწერას აქ ყველა ტუალეტში იხილავთ. საბერძნეთში საკანალიზაციო არხები 50მმ დიამეტრისაა და ქაღალდი მათში ადვილად იჭედება.

გადით გარეთ და ათვალიერეთ

საბერძნეთი უმშვენიერესი ქვეყანაა. მას აქვს სანაპიროები, მთები, ტბები, მიდვრები და ქალაქები. აქ უამრავი რამის ნახვაა შესაძლებელი და თუ ნაკლებად ტურისტულ ადგილებზე დარჩენას გადაწყვეტთ, უფრო იაფადაც გამოხვალთ.

ბონუსი

ქურდობის ან რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, დაუკავშირდით ტურისტულ პოლიციას. მათი აგენტები ბევრ ენაზე საუბრობენ და ინფორმაციას მარტივად მოგაწვდიან. ისინი პასუხობენ ნომერს 171 ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. მიმართეთ მათ და დაუყონებლივ აღმოგიჩენენ დახმარებას!