მალტა პატარა ევროპული კუნძულია მრავალფეროვანი კულტურით. მისი კულინარიული ტრადიციები დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა. მალტური სამზარეულო გაჯერებულია ზეთისხილით, ზეითუნის ზეთით, ყველით, თევზით და ხორცით, განსაკუთრებით კურდღლის. იმის გამო, რომ ის პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, აქ ყველაფერს ნახავთ. მაგრამ, სჯობს უკვე ცნობილი პიცის და ბურგერების ნაცვლად, რაიმე ტრადიციული დააგემოვნოთ.
Stuffat Tal-Fenek – კურდღლის კერძი
მალტის ეროვნული კერძი კურდღლის ხორცისგან მზადდება. მას კუნძულზე ყველგან მიაგნებთ. ის ზავდება წითელ ღვინოში, ტომატის სოუსში, საკმაზებში და ბოსტნეულში. მას მოგართმევენ კარტოფილთან ან პასტასთან ერთად.

Pastizzi – ქუჩის კვება
მალტის ქუჩების ყველაზე ტიპური საკვები პასტიზია, რომელსაც სხვადასხვა ვარიაცებით შეხვდებით. ეს ფუნთუშეული ან ბარდით ივსება ან რიკოტას ყველით. მას ყველგან იყიდით.

Hobz Biz-Zejt – პური ტოპინგებით
ეს სწრაფი ლანჩის ვარიანტია – სენდვიჩი მომზადებული მალტური პურისგან და სხვადასხვა ინგრედიენტებისგან. მას აყრიან პომიდორს, თინუსს, ხახვს, ნიორს და ასხავენ ზეითუნის ზეთს.

Ftira Ghawdxija – პიცა
ფტირას მალტაზე ყველგან იპოვნით. ეს მრგვალი პურია სხვადასხვა საკმაზებით და აქაურ პიცის ვარიანტს წარმოადგენს. მისი ცომი ჩვეულებრივ პიცაზე სქელია, ამიტომაც მძიმე ინგრედიენტებსაც იტევს: სოსისებსა თუ კვერცხს. და რაც მთავარია, ის ყოველთვის შეიცავს კარტოფილს!

Zalzett Tal-Malti – სოსისი გრილზე
ევროპის ყველა ქვეყანას აქვს თავისი სოსისის მომზადების ვერსია და არც მალტაა გამონაკლისი. აქაური ვარიანტი ღორის ხორცისგან მზადდება და ბოსტნეულთან ერთად მოაქვთ.

Torta Tal Lampuki – ცომეული
ეს ღვეზელი თევზისგან მზადდება და პიტნასთან და კარტოფილთან ერთად ცხვება. მას კაფეტერიებში და რესტორნებში მიაგნებთ. განსაკუთრებით, ზღვაზე მოწყობილ საკვებ სივრცეებში.

Aljotta – თევზის სუპი
ამ ტრადიციულ კერძს მალტაზე ყველა სეზონზე მიირთმევენ. რეცეპტი იმის მიხედვით იცვლება, თუ კონკრეტულ დღეს რომელ თევზს და ზღვის პროდუქტს მოიპოვებენ. მას ჩვეულებრივ კაფეებშიც მიირთმევთ, ხოლო ელეგანტურ ვერსიას რესტორნებში მიაგნებთ.

Timpana – გამომცხვარი მაკარონი
ეს მსუბუქი საჭმელი არაა, მაგრამ დასამახსოვრებელი ნამდვილადაა. მაკარონისგან გაკეთებული ღვეზელი სხვა ინგრედიენტებსაც შეიცავს.

Imqaret – ორცხობილა
დილის ყავასთან ან დესერტზე მისართმევი ეს ნამცხვარი მალტის კიდევ ერთი კულინარიული სიმდიდრეა. პატარა ხრაშუნა ორცხობილა სეზონური ხილით ივსება და ზაფხულში ნაყინთან ერთადაც მიირთმევენ.

Bigilla – ლობიო
მალტური ლობიო ქოთანში ყველთან, პილპილთან, მწვანილთან და ზეთისხილთან ერთად უნდა მიირთვათ. მიაყოლეთ ღვინო, ლუდი ან კოქტეილი.

Gbejniet – ყველი
მალტურ კერძებში ყველი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ხშირად ცხვრის რძისგან მომზადებულ რიკოტას იყენებენ. ამ გემრიელ ყველს კი პატარა ფორმებში ბევრგან შეიძენთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ აპეტაიზერად ან მაკარონთან მისაყოლებლად.











