მათ ვისაც ბალკანეთის ქვეყნებში უმოგზაურია, სარაევოს ერთ-ერთ ფავორიტ ქალაქად ასახელებს. ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქი სავსეა სიცოცხლით და მრავალფეროვანი კულტურით, რომელიც განსხვავებულია ევროპის სხვა დედაქალაქებისგან. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:
დაათვალიერეთ ბაზრობა: Baščaršija Bazaar
ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სარაევოს შესწავლა რომ დაიწყოთ, ეს ფერადი ბაზრობაა, რომელიც ქალაქის ისტორიული ცენტრის გულში მდებარეობს, ცნობილი ლაბირინთული ქუჩებით და ხეივნებით. აქ უამრავი დახლია სადაც ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, საკმაული, სუნელები და სხვა უამრავი რამ იყიდება. სარაევოს ხშირად აღწერენ ფრაზით: “როცა აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს” და ამ ბაზრობაზე ამას ნამდვილად შეიგრძნობთ.

გაიარეთ ხის შადრევანთან: Sebilj
ბაზრობის მოვლის დროს, გაატარეთ გარკვეული დრო სარაევოს ამ საკულტო ძეგლის ადგილას. მის გარშემო კაფე-რესტორნები და საცხობებია. ის მე-18 საუკუნეშია აგებული და მას შემდეგ, ქალაქის სავიზიტო ბარათია. ხის შადრევანს უნიკალური დიზაინი აქვს და ლეგენდის თანახმად თუ ამ შადრევნიდან წყალს დალევთ, აუცილებლად დაბრუნდებით სარაევოში.

ეწვიეთ მეჩეთს: Gazi Husrev-Beg Mosque
ეს მეჩეთი ქალაქის მნიშვნელოვანი ძეგლია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ის მე-16 საუკუნეში აშენდა და დღემდე ბალკანეთში უდიდეს და ყველაზე ლამაზ მეჩეთად ითვლება, ისლამური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშად. დაათვალიერეთ მისი ეზო და მავზოლეუმიც. შესვლის ღრებულებაა 1.5 ევრო. მის წინ მდებარე მუზეუმშიც მეჩეთის ბილეთით შეხვალთ.

მოინახულეთ სარაევოს მუზეუმები
ბოსნიაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა გაიაზროთ ქალაქის ტრაგიკული ისტორია. ომებმა და კონფლიქტებმა ბოსნიელი ხალხი მნიშვნელოვნად დააზარალა. აქ რამდენიმე არაჩვეულებრივი მუზეუმია. მაგალითად, War Childhood Museum ბოსნიელი ადამიანების ცხოვრებას გვიყვება ომის პერიოდებიდან; ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული მუზეუმი – ქვეყნის არქეოლოგიურ ისტორიას; Gallery 11/07/95 – ომის ფოტოგრაფიის მუზეუმია; The Museum of Crimes – აერთიანებს არტეფაქტებს ომით დაზარალებულთა ცხოვრებიდან და აშ.

არ გამოგრჩეთ სარაევოს მერია
ავსტრია-უნგრული იმპერიის ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურა სარაევოს მერიაა, შენობა რომელიც შთაგონებულია ისლამური ხელოვნების სტილით. აქ განთავსებული იყო ქალაქის მერია, თუმცა, სამწუხაროდ ომისგან მიყენებული ზიანის გამო ის დაიხურა და 2014 წელს საზოგადოებისთვის ახლიდან გაიხსნა.

შეისწავლეთ ლათინური ხიდის ისტორია
სარაევოში ერთ-ერთი ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ოტომანურ სტილში აგებული ლათინური ხიდი. ის ერთის შეხედვით განსაკუთრებულად არ გამოიყურება, თუმცა ისტორიკოსების აზრით, სწორედ ამ ხიდზე მომხდარი მოვლენის გამო დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. 1914 წელს, ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ფრანც ფერდინანდი ამ ლოკაციაზე მოკლეს. აქვე დგას იმ ავტომობილის რეპლიკა, რომელშიც პრინცი იჯდა. ხიდთან მდებარე მუზეუმში კი ყველანაირ ინფორმაციას შეიტყობთ.

ადით მთაზე: Trebević Mountain
სარაევოში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა მწვანე ტყესა და ულამაზეს ბუნებაში თავის ამოყოფა, სადაც გონდოლათი სულ რაღაც 20 წუთში მოხვდებით. ეს მთა პოპულარული ადგილია ადგილობრივებში, რომლებიც აქ სიმშვიდეში სასეირნოდ ამოდიან. ზამთარში კი ეს არის ადგილი, სადაც ევროპაში ყველაზე იაფად ისრიალებთ.

გაისეირნეთ მიტოვებულ ბილიკზე – Bobsled Track
ტრებევიჩის მთაზე საინტერესო ბილიკი დაგხვდებათ, რომელიც 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს სიამაყის სიმბოლოდ აშენდა. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ის დაზიანდა და შემდეგ მიტოვებული ძეგლის სტატუსი მიიღო. გრაფიტის და ბუნებაში სეირნობის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ მისი მონახულება. აქ ბევრი ლამაზი ხედი, გვირაბი და ბილიკია გამოსაკვლევი. ადგილი სრულიად უსაფრთხოა. აქ ბევრი ტურისტი და ადგილობრივი სეირნობს.

უყურეთ მზის ჩასვლას გადმოსახედზე: Yellow Bastion
ამ ისტორიული ციხესიმაგრის ადგილას, ქალაქზე პანორამული გადმოსახედი დაგხვდებათ, რომელიც მზის ჩასვლის პერიოდში განსაკუთრებით მომხიბვლელია. აქ მოსახვედრად კოვაჩის სასაფლაო უნდა გაიაროთ, რომელიც ისტორიული სასაფლაოა.

მოიწყვეთ ერთდღიანი ტური სარაევოს სიახლოვეს
შეუერთდით ორგანიზებულ ტურებს და ეწვიეთ სარაევოსთან მდებარე ღირსშესანიშნაობებს: მოსტარს, კრავიჩას ჩანჩქერს და აშ. ტურები რამდენიმე ლამაზ ლოკაციას ერთდროულად მოგატარებენ.











