ესპანეთის კუნძული იბიცა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სანაპიროების მხარეა. აქ იხილავთ იზოლირებულ გამოქვაბულებს, კამკამა წყალს, სანაპირო ბარებს და ბევრ თავშესაქცევს. ჩვენ ათ საუკეთესო სანაპიროს წარმოგიდგენთ:

კალა ჯონდალი/Cala Jondal

თუ გსურთ სელებრითებს მოკრათ თვალი, ამ თეთრ ქვიშიან სანაპიროს უნდა მოაკითხოთ, სადაც პატარა, ლამაზ გამოქვაბულში ცნობილ სანაპირო კლუბს „ცისფერ მარლინსაც“ იხილავთ. კალა ჯონდალს ხშირად სტუმრობენ მუსიკის, კინოსა და სპორტის ვარსკვლავები. წამოწექით საწოლებზე, შეუკვეთეთ საყვარელი კოქტეილი, უყურეთ ჰორიზონტს და არავინ იცის უეცრად ვინ ჩაგივლით გვერდით.

კალა დორტი/Cala D’Hort

შეიძლება ითქვას, რომ კალა დორტი იბიცის ყველაზე ფოტოგენური სანაპიროა მშვენიერი ბარებით. ის დიდი არაა, ამიტომაც კარგი ადგილისთვის ადრიანად უნდა მიხვიდეთ. დაუსახლებელი კუნძული ელ ვედრა სწორედ ამ სანაპიროთია ცნობილი.

სე სალინსი/Ses Salines

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანაპირო იბიცაზე რუჯის მისაღებად ყველაზე პოპულარული ადგილია. წყლის სიახლოვეს სრული რელაქსაციის მიღების გარდა, აქ ულამაზესი ხედებითაც დატკბებით. სე სალინზე კარგი საკვები, ახალი თევზი, ცივი ლუდი და გემრიელი კოქტეილები დაგხვდებათ.

ტალამანკა/Talamanca

ღია ყვითელი ქვიშა და გამჭვირვალე წყალი სანაპიროს საოცარ კომბინაციას ქმნის. ტალამანკა ტურისტული ადგილია, ამიტომაც ზაფხულის თვეებში ბევრი ვიზიტორით ივსება. აქ დიდი რაოდენობით სანაპირო ბარები დაგხვდებათ, მათ შორის Flotante, Harbour Club და Club Talamanca.

კალა ხუკლა/Cala Xuclá

კალა ხუკლა იბიცის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და განმარტოებული სანაპიროა. აქ ვერც ბევრ ბარს იხილავთ და ვერც წყლის სპორტის მრავალფეროვნებას გამოცდით, თუმცა სიმშვიდეს იგრძნობთ და ნამდვილად დაისვენებთ. ნავები და ლოდები რომანტიკულ კონტრასტს ქმნიან და აქ გამოქცევას სხვა დროსაც მოგანდომებენ.

სა კალეტა/Sa Caleta

წითელ კლდეებში მომწყვდეული სა კალეტა იბიცადან 15 წუთის სავალზეა. აქ ოჯახური დასვენებისთვის მშვიდი სანაპირო დაგხვდებათ. პაელა, რომელსაც ლა კალეტას რესტორანში მოგართმევენ, იბიცაზე საუკეთესოდ ითვლება.

კალა ბენირასი/Cala Benirras

თუ სანაპიროზე ყოფნის და ცურვის დროს ლაივ მუსიკა გსიამოვნებთ, ამ სანაპიროს მიაკითხეთ. კალა ბენირასი იბიცაზე საუკეთესო წვეულებების ადგილია. ყოველ კვირას, ადგილობრივი მუსიკოსები ამ მშვიდ სანაპიროზე სხდებიან და მთელი დღე უკრავენ. აქ გემრიელ სასმელებსაც დააგემოვნებთ.

პლატია დე კომტე/Platja de Comte

კუნძულზე, სადაც სანაპიროების უმეტესობა პატარაა, კომტე სიდიდით და სილამაზით ერთდროულად გამოირჩევა. სანაპირო 800 მეტრი სიგრძისაა და სამ ნაწილადაა გაყოფილი: ორი მათგანი ქვიშიანია, ერთი ქვიანი. აქედან მზის ჩასვლის ულამაზესი ხედით დატკბებით.

კალა სალადეტა/Cala Saladeta

პატარა და ლამაზი კალა სალადეტა კუნძულზე ტურისტებისთვისა და ადგილობრივებისთვისაც გამორჩეული სანაპიროა. საკმარისია აქ რამდენიმე წუთი გაატაროთ და მიზეზსაც მარტივად მიხვდებით. სრულიად გამჭვირვალე წყალი სიმშვიდეს მოგგვრით და რელაქსაციას მოგანიჭებთ.

კალა სალადა/Cala Salada

სალადეტასთან ახლოს მდებარე სალადა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სანაპიროა. აქ თავი ტროპიკულ სამოთხეში გეგონებათ და არა დიდი ქალაქების სიახლოვეს. წყლის სილამაზე იმდენად მოგხიბლავთ, რომ ამ სანაპიროს დატოვება არასდროს მოგინდებათ.

ესპანეთის 11 კუნძული, რომელსაც უნდა ეწვიოთ