ისლანდიაში მოგზაურობისთვის იდეალური დრო არ არსებობს, რადგანაც ამინდი აქ არაპროგნოზირებადია და თქვენი მოგზაურობის სეზონი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი გამოცდა გსურთ. მაგალითად, შუა ზაფხული ლაშქრობისთვის იდეალური დროა. როცა არ უნდა ეწვიოთ ისლანდიას, ყურადღება გაამახვილეთ გზის მდგომარეობაზე და ამინდის გაუარესებაზე. ჩვენ გეტყვით რომელი სეზონი რისთვისაა კარგი.

ჩრდილოეთის ციალი: დეკემბერი/იანვარი

ზამთრის ამინდი აქ წვიმას და თოვლს მოიცავს. ტემპერატურა დაბალია: -1 გრადუსიდან 4 გრადუსამდე. ღამით ხშირად ყინავს. საშობაო განათებები სადღესასწაულო განწყობას ქმნიან და ზამთრის საოცრებათა ქვეყანაში გამოგზაურებთ. ესტუმრეთ რეიკიავიკის საშობაო ბაზრობებს და თუ სამთო ტრასები გამართული იქნება, სრიალსაც შეძლებთ. თუმცა, გასათვალისწინებელია ის, რომ გზის საფარი ხშირად ცურავს და თოვლის ქარბუქებიც მოსალოდნელია.

ზამთრის სპორტი და ცხელი წყაროები: თებერვალი/მარტი

ამ დროს ამინდი არაპროგნოზირებადია, როგორც წვიმებით და თოვლით, ასევე უეცარი მზის გამოსვლით. საშუალო ტემპერატურაა 0-1 გრადუსი. ჯერ ისევ ბნელა და ცივა, თუმცა სხვადასხვა ღონისძიებებით და ფესტივალებით გარემო სადღესასწაულო იერს იძენს. დღეები უფრო გრძელია და საუკეთესო დროა მათთვის, ვისაც აქ ზამთრის სპორტით დაკავება სურს.

ნაკლებად ტურისტული სეზონი: აპრილი/მაისი

ამინდი ისევ არასანდოა, თუმცა ტემპერატურა შესამჩნევად იმატებს. ის დაახლოებით მერყეობს 3-დან 7 გრადუსამდე. მაისში ხანდახან 10 გრადუსსაც აღწევს. ამ დროს იწყება ყვავილობაც და ჩიტებზე დაკვირვების სეზონიც იხსნება. ამ პერიოდში ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დაბალია, რაც მოქმედებს სასტუმროების ფასზეც და ფასდაკლებებზეც. 18 აპრილის შემდეგ, პირველ ხუთშაბათს ისლანდიაში ოფიციალური “ზაფხულის პირველი დღეა”, რაც მთელ ქვეყანაშ აღლუმებით და აქტივობებით აღინიშნება.

გარე რეკრეაცია: ივნისი/აგვისტო

ზაფხულს ისლანდიაში 24 საათიანი დღის შუქი მოაქვს, თუმცა კარგი ამინდი გარანტირებული ისევ არაა. ივნისი-აგვისტო საუკეთესო დროა მზით და თბილი ტემპერატურით რომ დატკბეთ. ივნისის საშუალო ტემპერატურაა 10 გრადუსი, ივლისის – 13, ხოლო აგვისტოს – 11. წვიმა ისევ მოსალოდნელია და ღამით ტემპერატურაც ეცება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან საღამოს 8 საათის შემდეგ იწყება დაბნელება. ივლისის ბოლო და აგვისტოს დასაწყისი ტურისტების შემოდინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ამიტომაც ამ დროს სასტუმროები ადრიანად დაჯავშნეთ. ივნისის პირველ უიქენდზე აღნიშნავენ მეთევზეების დღეს, ბევრი სხვა ფესტივალია ივლისისა და აგვისტოს პერიოდშიც. მაგალითად, აგვისტოში ტარდება რეიკიავიკის კულტურის ღამე და რეიკიავიკის მარათონი.

კულტურული ღონისძიებები: სექტემბერი/ნოემბერი

ამ დროს ისლანდიაში ღამე უფრო გრძელი და ცივი ხდება. ამინდი ხშირად კარგია, რაც ლაშქრობას ისევ სასიამოვნოს ხდის. თუმცა, გაამახვილეთ ყურადღება ამინდის პროგნოზზე. ბუნება ფერებს იცვლის და ტყეები ყვითელი, წითელ და ნარინჯისფერ შეფერილობას იღებენ. პინგველირის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია. რეიკიავიკში ამ დროს ტარდება საერთაშორისო კინო ფესტივალი, ისლანდიის მუსიკალური ფესტივალი და იწყება საშობაო მზადება. ეს არაჩვეულებრივი დროა რომ ეწვიოთ გალერეებს და მუზეუმებს, დაესწროთ კონცერტებს და ღა გამოფენებს.