ეს ელეგანტური ესპანური ქალაქი მთების ულამაზესი ხედებით გვხიბლავს და პალმებიანი ბულვარი ადგილობრივებს და ტურისტებს სასიამოვნო სეირნობებს ჰპირდება. სანაპიროები და მშვიდი ისტორიული ცენტრი აქ მთავარი სანახაობაა, მაგრამ ჩვენ მოედნებს, ანტიკურ ძეგლებს, ხელოვნების მუზეუმებს და ბუტიკებსაც აღმოგაჩენინებთ. ისტორიული მარბელა ძველი მავრიტანული ქალაქია თეთრი სახლებით, ქვაფენილიანი ქუჩებით და მწვანე სივრცეებით.
პლაზა დე ლოს ნარანჯოს
მარბელას მომხიბვლელ ძველ ქალაქში მდებარე ამ მოედანზე ადგილობრივები და ტურისტები სასაუბროდ და სარელაქსაციოდ მოდიან. აქ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა და რესტორანი მდებარეობს. პლაზა დე ლოს ნარაჯოსი მარბელას გულია და გაზაფხულზე აქ ფორთოხლის ხეები სასიამოვნო სურნელს აფრქვევენ.
პასეო დე ლა ალამედა
ეს ელეგანტური მე-18 საუკუნის პარკი სავსეა პალმებით და ფიჭვის ტყეებით. გაისეირნეთ ამ მშვიდი საჯარო პარკის ბილიკებზე, ბოტანიკურ სივრცეებში და შადრევნებთან. რამდენიმე კიოსი ცივ სასმელებს და წასახემსებლებსაც შემოგთავაზებთ.
გაატარეთ დღე სანაპიროზე
სახელწოდება მარბელა ნიშნავს “ლამაზ ზღვას” და ეს ქალაქი მართლაც მშვენიერი ქვიშიანი სანაპიროებით გამოირჩევა. რამდენიმე საუკეთესო არჩევანი ისტორიული ცენტრის სიახლოვეს მდებარეობს. Playa Casablanca – ერთ-ერთი საუკეთესოა. მეორე ადგილზეა – Playa Real de Zaragoza. აქ თბილი წყალი და ბავშვებისთვის განკუთვნილი შესაბამისი აღჭურვილობებია. სხვა სანაპიროები, რომლებსაც ასევე გირჩევთ: Guadalmina beach, Linda Vista beach და San Pedro Alcántar. აქ ლურჯი დროშის მქონე წყალი და უსაფრთხო ნაპირებია.
პუერტო ბანუსი
ძველი ქალაქიდან 10 კილომეტრში მდებარე ეს საუცხოო სანაპირო ნაწილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ ბევრი რესტორანი და ბუტიკი მდებარეობს, პირდაპირ წყლის პირას. დაათვალიერებთ მდიდრულ იახტებსაც.
ავენიდა დელ მარი და დალის ქანდაკებები
ხელოვნების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა გაისეირნონ ავენიდაზე, მყუდრო საფეხმავლო ქუჩაზე, სადაც სალვადორ დალის ბრინჯაოს სკულპტურებია გამოფენილი. გამზირი პოპულარულია როგორც ტურიისტებში, ასევე ადგილობრივებში.
ინკარნაციის ეკლესია
Iglesia de Nuestra Señora de la Encarnación – მარბელაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარია. ის კათოლიკე მონარქებმა მე-16 საუკუნეში ააგეს მარბელას მეჩეთის ადგილას. იმ პერიოდში, ანდალუსიაში გავრცელებული პრაქტიკა იყო მეჩეთების ეკლესიებით ჩანაცვლება. ეკლესია საჯაროდაა ღია ყოველდღე.
მურალას დელ კასტილო
Murallas del Castillo – მავრიტანული ციხესიმაგრის ნანგრევებია, ერთადერთი მუსლიმური ცივილიზაციის რელიქვია მარბელაში. მისი კედლები მე-10/მე-11 საუკუნით თარიღდება.
რალის მუზეუმი
Museo Ralli – ნამდვილად ღირს მონახულებად. ამ თანამედროვე შენობაში 10 საგამოფენო დარბაზია და ლათინო-ამერიკული ხელოვნების საუკეთესო კოლექციებს წარმოგვიდგენს მსოფლიოში. აქ წარმოდგენილმა ბევრმა ნამუშევარმა შთააგონა ცნობილი ევროპელი არტისტები.
ესპანური თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
Museo del Grabado Español Contemporáneo – მე-16 საუკუნეშია დაარსებული და დღეს დაცული ისტორიული მონუმენტია. მისი მონახულება უფასოა. აქ 4000-მდე ნამუშევარია დაცული, მათ შორის გოიას, პიკასოს, მიროს და დალის შემოქმედება.
მარბელას მეჩეთი
Mezquita del Rey Abdul Aziz al Saud – აქ პირველი მეჩეთი იყო, რომელიც საუდის არაბეთის პრინცმა, სალმანმა ააგო და თანამედროვე ანდალუზიური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია მავრიტანული მემკვიდრეობის გავლენით.
სანტო კრისტო დე ლა ვერაკრუზის ეკლესია
Iglesia del Santo Cristo de la Veracruz – ისტორიული ეკლესიაა ძველ ქალაქში, რომლის ფასადიც ქვის დეტალებით და ჭერი კი კერამიკის ფილებითაა გაფორმებული. ინტერიერში ანდალუზიური სტილის დეკორი შეიმჩნევა.
პლაზა ალტამირანო
Plaza Altamirano – მშვიდი ქვაფენილიანი მოედანია სავსე პალმებით და ძველებული ქუჩის ლამპიონებით. ძველი შენობები დახვეწილი აივნებით განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიან.