ცენტრალურ შვეიცარიაში მდებარე ციურიხი იდეალურია შვეიცარიის სხვა ადგილების მოსანახულებლად. აქ ხომ უამრავი ლამაზი ადგილია: მთა, ტბა, პატარა ქალაქები… ქვეყნის სწრაფი სარკინიგზო სისტემის და კომფორტული მატარებლების წყალობით მათი მონახულება მანქანის გარეშეც მარტივია.

1 რაინის ჩანჩქერი

მისამართი: Rheinfallquai, 8212 Neuhausen am Rheinfall

რაინის ჩანჩქერი ევროპის ყველაზე ფართო და ძლიერი ჩანჩქერია. აქ სპეციალური გადმოსახედია მოწყობილი, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ჩანჩქერს უფასოდ გადმოხედონ. უფრო ახლოს ჩანჩქერი ლაუფენის ციხესიმაგრის პლატფორმიდან შეგიძლიათ იხილოთ ან გაყვეთ ნავის ტურს და ჩანჩქერს მიუახლოვდეთ. აქვეა რესტორანი და ზიპლაინი. საუკეთესო სეზონია გაზაფხული.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხიდან გაყევით S9 ან S12 მატარებელს ნეუჰაუსენამდე (Neuhausen), მგზავრობის დრო დაახლოებით 1 საათია. სადგურზე ჩამოსვლისას ჩანჩქერამდე ფეხით უნდა მიხვიდეთ.

2 რაპერშვილი/Rapperswil

ვარდების ქალაქად წოდებული რაპერშვილი ციურიხის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს და ქალაქიდან მატარებლით საკმაოდ მოკლე მანძილზეა. მისი სახელი ქალაქის ბაღებიდან მომდინარეობს, სადაც 16 000 ვარდია დარგული. მათ სანახავად ივნისიდან ოქტომბრამდე უნდა ჩახვიდეთ. რაპერშვილს მყუდრო სანაპირო, შუასაუკუნოვანი ცენტრი და 1 კილომეტრიანი ხის ხიდი აქვს, რომელიც კუნძულ ჰარდენთან აკავშირებს. მოინახულეთ მისი ზღაპრული სასახლეც – Schloss Rapperswil, ტბისა და ალპების ხედებისთვის.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის მთავარი სადგურიდან ყოველ 12 წუთში დადის მატარებელი და რაპერშვილამდე 37 წთ სჭირდება. ზაფხულობით შეგიძლიათ 2 საათიან ციურიხის ტბის კრუიზსაც გაყვეთ.

3 ბადენი

რომაული იმპერიიდან მოყოლებული, ბადენი თერმული წყლებითაა ცნობილი, რომლებიც 47 გრადუს ცელსიუს აღწევენ. ქალაქში ოცამდე წყაროს ნახავთ. სპა სასტუმროების გარდა, აქ რამდენიმე საჯარო თერმული აბანოებია.

როგორ მოხვდეთ: ციურიხის მთავარი სადგურიდან აქ რამდენიმე მატარებელი ყოველ საათში დადის და ბადენამდე 15-20 წთ სჭირდება.

4 ვინტერტური/Winterthur

ცენტრალური ციურიხიდან მატარებლით 25 წუთის გზაზე, მუზეუმებით ცნობილი ქალაქი დაგხვდებათ, რომელიც ოდესღაც ინდუსტრიული დასახლება იყო. ერთ-ერთი მთავარი – ფოტომუზეუმია, ისტორიული, დოკუმენტური და მხატვრული ფოტოების დიდი კოლექციით. აქ ნახავთ უმაღლესი დონის კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებსაც. ასევე, მეცნიერების მუზეუმს, რომელიც ზრდასრულებისთვისაც და ბავშვებისთვისაც საინტერესო გამოცდილებაა. აქ მატარებლის სადგურთან ყველაფერი ახლოსაა.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის Hauptbahnhof-ის სადგურიდან ვინტერტურისკენ მატარებლები ყოველ 15 წუთში დადიან.

5 ზაგი / Zug

ეს მყუდრო ქალაქი უძველესი საათის კოშკით და საკუთარი ტბით – ციურიხიდან ერთი დღით გასვლის ბრწყინვალე ვარიანტია. შესანიშნავად შემონახული ძველი უბანი ლამაზი მზის ჩასვლებით გამოირჩევა.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის Hauptbahnhof-ის სადგურიდან ამ დასახლებამდე 25-35 წთ დაგჭირდებათ. მატარებლები ყოველდღე მცირე ინტერვალებით დადიან.

6 ფლამსერბერგი/Flumserberg

ციურიხთან ახლოს მდებარე ამ მთაზე ზაფხულშიც და ზამთარშიც სასიამოვნო დროს გაატარებთ. როდესაც თოვლი მოდის, აქ ზამთრის ყველა სპორტით დაკავებას შეძლებთ. აქ ბევრი სასრიალო ბილიკია დამწყებთათვის.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის Hauptbahnhof-ის სადგურიდან S2 ნომერი მატარებელი ანტერტერზენამდე (Unterterzen) მიგიყვანთ. იქიდან ფლამსერბერგში საბაგიროს აყევით.

7 აენსიდელნის სააბატო / Einsiedeln Abbey

მისამართი: Kloster Einsiedeln, 8840 Einsiedeln

შვეიცარიის ეს სააბატო კათოლიკე მომლოცველების მნიშვნელოვანი ადგილი იყო ევროპაში. კომპლექსი მოიცავს: ეკლესიას, ეზოს, ბიბლიოთეკას, ღვინის მარანს და საინტერესო ღირსშესანიშნაობაა მოსანახულებლად. ყოველი დღის 16:30-ზე, ბერები საღამოს გალობას ერთხმად ასრულებენ და შეგიძლიათ მოისმინოთ.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის Hauptbahnhof-ის სადგურიდან მატარებელს ვადენსვილამდე (Wadenswil) გაყევით და შემდეგ გადაჯექით 13 ნომერ მატარებელში აენსიდელნამდე (Einsiedeln), რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დადის. აენსიდელნის სადგურიდან სააბატო 10 წუთის ფეხით სავალ გზაზეა.

8 ბერნი

შვეიცარიის დედაქალაქში თუ არ რჩებით, მას ციურიხიდან მაინც ესტუმრეთ. ეს ქალაქები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ბერნი ციურიხზე მყუდროა. ძველი ქალაქი ხანძრის შემდეგ ქვის ნაცვლად, ხისგან ააგეს. არ გამოტოვოთ მისი ცნობილი ასტრონომიული საათის კოშკი და მდინარე აარეს სანაპირო. საათი ფიგურების მოძრაობას ყოველი საათის შესრულებისას ანხორციელებს.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხიდან ბერნში ხშირად დადიან მატარებლები. გზას დაახლოებით 60-90 წთ სჭირდება. ბერნის მთავარი სადგურიდან 10 წუთში ძველ უბანში აღმოჩნდებით.

9 ლუცერნი

ციურიხში ყოფნისას არც ლუცერნია გამოსატოვებელი. ლუცერნის ტბა და ალპები ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. დაათვალიერეთ ძველი უბანი – ალშტადი, ჯერ კიდევ შემორჩენილი შუასაუკუნოვანი კედლებით და კოშკებით, სამლოცველოს ხიდი – Kapellbrücke და შვეიცარიული ტრანსპორტის მუზეუმი.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის Hauptbahnhof-ის სადგურიდან ლუცერნისკენ მატარებლები ყოველ 1 საათში დადიან და იქ 50 წუთში ჩადიან. ძველი უბანი სადგურთან ერთი ხიდის დაშორებით მდებარეობს.

10 სანქტ-გალენი/St. Gallen

აღმოსავლეთ შვეიცარიის უდიდესი ქალაქი იუნესკოს დაცული ტერიტორიაა. ქალაქს საფეხმავლო ძველი უბანი, გასაოცარი ბიბლიოთეკა და ისტორიული მნიშვნელობის ქსოვილების მუზეუმი აქვს.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის Hauptbahnhof-ის სადგურიდან აქ მატარებლები ყოველდღე, 1 საათის გამოტოვებით დადიან. სანქტ-გალენის რკინიგზის სადგურიდან ძველ ქალაქში ფეხით 4 წუთში მოხვდებით.

11 შტოსის ფუნიკულიორი/The funicular to Stoos

შტოსის სიმაღლეზე ასვლა ერთი დიდი სიამოვნებაა. ამ მთის რეკრეაციული ზონა ყველას ასაკის ვიზიტორისთვისაა მოწყობილი. იქ მოხვედრა განსხვავებული ფორმის ფუნიკულიორით ცალკე თავშესაქცევია. ის ზღვის დონიდან 2400 მეტრზე 7 წუთში აგიყვანთ.

როგორ მოვხვდეთ: ციურიხის Hauptbahnhof-ის სადგურიდან Arth-Golhau-ში ან ზაგში უნდა ჩახვიდეთ, იქიდან კი ავტობუსს ან ისევ მატარებელს Schwyz-მდე გაყვეთ. Schwyz-ის სადგურიდან კი ფუნიკულიორის ბაქნამდე ავტობუსით უნდა მიხვიდეთ.