კომპაქტური და ფეხით ადვილად მოსავლელი ფინეთის დედაქალაქი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და იდეალურია მათთვის, ვისაც სურს უცხო ქალაქს ერთი უიქენდით ეწვიოს. ჩვენ ჰელსინკიში 48 საათს დაგიგემავთ:

დღე 1

დილა: სეირნობა და ლანჩი

დაიწყეთ უიქენდი ქალაქის ცენტრში მდებარე პარკში სეირნობით – Esplanade Park, აქ აღმოაჩენთ ბულვარებს, სკულპტურებს და ქუჩის შემსრულებლებს. აქედან გაუყევით ქუჩას  ელეგანტურ კამპ გალერეამდე – Kämp Galleria. შოპინგ ცენტრის მეორე სართულზე საინტერესო კოლექციებს აღმოაჩენთ.

ბაზრის მოედანი – The Market Square, მშვენიერი ადგილია, რომ ძველ ქალაქზე ხედებით დატკბეთ. აქ მდებარეობს ასპენსკის კათედრალიც. ლანჩისთვის ძველი ბაზრის დარბაზს მიაკითხეთ. აქ გემრიელ სენდვიჩებს დააგემოვნებთ.

შუადღე: ჩაიძირეთ ისტორიაში და ზღვის ხედებში

ქალაქს და ბალტიის ზღვას რომ ჩიტის სიმაღლიდან გადმოხედოთ, ეშმაკის ბორბალზე უნდა დასხდეთ (SkyWheel). შემდეგ, სენატის მოედანზე ჩაიძირეთ ისტორიაში და აღმოაჩინეთ ნეოკლასიკური სამთავრობო სასახლე, ჰელსინკის კათედრალი და ალექსანდრე მეორეს ქანდაკება.

შემდეგ იქირავეთ ველოსიპედი და დაათვალიერეთ სანაპირო. გაყევით ველოსიპედის ბილიკებს ქალაქის უძველესი პარკისკენ, სახელად: Kaivopuisto, რომელიც ნავსადგურს და ზღვას გადმოჰყურებს. გაითვალისწინეთ რომ აქ მსუბუქი ქარი ხშირადაა, ამიტომაც მოიცვით ჟაკეტი.

საღამო: კუნძული ლონა

გაისეირნეთ უკან ბაზრის მოედანზე და JT-Line-ის ბორანს ლონამდე გაჰყევით. ეს ყოფილი სამხედრო კუნძულია, რომელიც დღეს საჯაროდაა ღია. 150 მ სიგრძის კუნძულს 10 წუთზე ნაკლებ დროში მოივლით. ის ასევე იდეალური ადგილია, რომ უყუროთ ჰელსინკის მზის ჩასვლისას. ზაფხულობით აქ მდებარე რესტორანში ორგანული ფინური სამზარეულოთიც დატკბებით. ხშირად ეწყობა ჯაზ-საღამოები და ბარბექიუს წვეულებები. აქვეა ვაფლის კაფე დესერტისთვის.

ღამე: კოქტეილი და ქალაქის ხედი

ჰელსინკის ნავსადგურში დაბრუნებისას, ეწვიეთ რომელიმე ბარს კოქტეილისთვის ან გაყევით 14 ნომერ ავტობუსს ან მეტროს ლოილიმდე – Löyly. დიდ ტერასაზე შაბათ-კვირას დიჯეი უკრავს და კარგი ადგილია გასართობად.

დღე მეორე

დილა: კრეატიული არქიტექტურა და ხელოვნება

გასაოცარი ეკლესია – Temppeliaukio, ჰელსინკის გამორჩეული ძეგლია და ომის შემდგომი არქიტექტურის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს. შუაგულ ქალაქში ქვაში გამოთლილი ტაძარი განსხვავებულ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. აქედან კი ეწვიეთ რომელიმე კაფეს ლანჩისთვის.

შემდეგ გაუყევით ჰელსინკის დიზაინ უბანს (Design District), აქ 200-ზე მეტი მაღაზია, გალერეა, მუზეუმი და რესტორანია. მალე მიადგებით დიზაინ მუზეუმს, რომელიც ფინური არქიტექტურის და დიზაინის 150 წელს ასახავს.

შუადღე: გამოიკვლიეთ იუნესკოს დაცული მემკვიდრეობა

ბაზრის მოედნიდან გაყევით ბორანს იუნესკოს დაცულ ტერიტორიამდე. ეს ციხესიმაგრე – Suomenlinna-ია. 8 კუნძულზე გაშლილი ციხე მე-18 საუკუნეში აშენდა, როცა ფინეთი ჯერ კიდე შვედეთის ნაწილი იყო. ვიზიტორებს შეუძლიათ ისეირნონ სპეციალურ ბილიკებზე, მოინახულონ 6 მუზეუმი, ერთ-ერთი სათამაშოების, მეორე კი სამხედრო ძალების. დააგემოვნეთ ყავა ან ლუდი აქაურ კაფეში.

როცა უკან ჰელსინკიში დაბრუნდებით, ადით 3 ნომერ ტრამვაიში. ბილეთი შეგიძლიათ მძღოლისგან იყიდოთ და გზაში ჰელსინკის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შეათვალიერებთ, მათ შორის ოპერის სახლს და ოლიმპიურ სტადიონს. 

საღამო: ესტუმრეთ საუნას

ჰელსინკიდან ისე არ უნდა წამოხვიდეთ, რომ ფინურად არ დაისვენოთ. ამისათვის ტრადიციულ საუნას ეწვიეთ. ქალაქში ის რამდენიმეა, ჩვენ Sauna Arla-ს გირჩევთ, კალიოს უბანში. ფინეთში ამბობენ, რომ საუნას კვირაში ერთხელ მაინც უნდა ეწვიო. აქ ყოფნისას ამ მშვიდ ატმოსფეროში განტვირთვა კარგი შანსია.

ღამე: ღამის ცხოვრება

დარჩიოთ კალიოს უბანში რათა ჰელსინკიში ყოფნა დაუვიწყარი ღამით დაასრულოთ. ბოლო წლებში, კალიოს უბანი სტუდენტებს და არტისტებს აქტიურად იზიდავს. ესტუმრეთ აქაურ ბარებს, მაგალითად Pub Sirdie-ს და დალიეთ Kolmostuoppi – ფინური ლაგერი. თუ ცეკვის ხასიათზე ხართ, ღამის კლუბ Post Bar-ს ეწვიეთ, სადაც ცნობილი დიჯეები უკრავენ.

ჰელსინკი ყველა სეზონზე სასიამოვნო მოსანახულებელია, მაგრამ ზაფხულში მაინც განსაკუთრებულია. დაგეგმეთ ვიზიტი ფინეთში შენ მეგზურთან ერთად.