ბოლონია არის ქალაქი, სადაც იტალიის მთავარი ქალაქებიდან ადვილად ჩახვალთ. მართალია აქ 1 დღე საკმარისი არ არის, თუმცა თუ ბოლონიის მხოლოდ 24 საათით მონახულების საშუალება გაქვთ, ჩვენ მაქსიმალურად პროდუქტიულ დღეს დაგიგემავთ.

8:00 a.m.

დაიწყეთ მოგზაურობა ტიპური იტალიური საუზმით: ეს არის კაპუჩინო და კრუასანი. ბოლონია გასტრონომიით ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია იტალიაში. აქ ბევრი კარგი ადგილია წასახემსებლად. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი კაფე-ბარი, სხვა იტალიის ქალაქების მსგავსად, სხდომაში დამატებით საფასურს ითხოვს და თუ ზედმეტი თანხის დახარჯვა არ გსურთ, დალიეთ ყავა ბარის დახლთან.

9:00 a.m.

პირველი რამ, რაც ბოლონიაში უნდა მოინახულოთ, ასინელის კოშკია. ის ქალაქის სიმბოლოა. ასინელი მე-12 საუკუნეში აშენდა, როცა ბოლონია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. აქ მოხვედრისას აიარეთ 498 საფეხური და დატკბით ბოლონიის ხედით. ასინელის კოშკი გერმანელი პოეტის, გოეთეს საყვარელი ადგილი იყო და ხშირად აკითხავდა მას, როცა ამ ქალაქს სტუმრობდა.

11:00 a.m.

ბოლონიის მეორე ღირსშესანიშნავი ადგილი პიაცა მაგიორეა, რომელსაც ქალაქის გულს უწოდებენ. აქ თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან შენობებს ნახავთ: პალაცო დელ პოდესტას, პალაცო კომუნალეს, ნუპტუნის შადრევანს და წმ. პეტრონიუსის ბაზილიკას. ეს უკანასკნელი რეგიონის უდიდესი ეკლესია და შუასაუკუნეებში მსოფლიოს ყველაზე დიდი ტაძრის სტატუსი უნდა მოეპოვებინა. თუმცა, როცა ამ ჩანაფიქრის შესახებ ვატიკანმა შეიტყო, კონსტრუქციის მშენებლობა შეაჩერა და ბაზილიკა დაუსრულებელი დარჩა. მართალია, პეტრონიუსი სილამაზით სხვა იტალიურ ბაზილიკებს ჩამოუვარდება, თუმცა თავისი უნიკალური შარმი მაინც აქვს.

1:00 p.m.

ამ ყველაფრის შემდეგ, მცირე დასვენებას იმსახურებთ. ბოლონია საკვების მოყვარულთათვის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა, ამიტომაც აქ არაა რთული გემრიელი საჭმელი კარგ ფასად იპოვნოთ. შეგიძლიათ დასხდეთ რესტორანში და შეუკვეთოთ ლაზანია, სპაგეტი და ტორტელინი ან დააგემოვნოთ ქუჩაში მომზადებული საკვები: პანინო და სენდვიჩები. აქ არაფერი გაგიცრუებთ იმედს. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საჭმელად ლა პიაცოლაა, ქალაქის უძველესი ღია ბაზარი.

3:00 p.m.

თუ მეტი რელაქსი გჭირდებათ, ადით წმ. ლუკას აკლდამაში – Santuario di San Luca. ის ბოლონიის ცნობილ მთაზე მდებარეობს და ქალაქს ზევიდან დაჰყურებს. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა და მთაზე ასასვლელი გზით ასე დატკბეთ.

5:00 p.m.

ბოლონია საუნივერსიტეტო ქალაქია და მას შთამბეჭდავი კულტურული ცხოვრება აქვს. აქ ბევრი მუზეუმი და ხელოვნების გალერეაა. ყველაზე ცნობილია მამბო, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

7:00 p.m.

არაფერია იმაზე უკეთესი საღამოს საწყისი, ვიდრე გემრიელი სასმლის დალევა რომელიმე პაბში. საუკეთესო და ყველაზე იაფი ბარები ავგუსტო რიგის ქუჩაზე მდებარეობს.

9:00 p.m.

თუ გგონიათ, რომ იტალიის შუაგულში მდებარე ანტიკურ ქალაქში ღამე ვერაფერს გააკეთებთ, ცდებით. ბოლონია საკმაოდ ცოცხალი საღამოებით გამოირჩევა. შეგიძლიათ მიირთვათ კოქტეილი ქალაქის ისტორიული ცენტრის ნებისმიერ ბარში, წახვიდეთ საცეკვაოდ ან უბრალოდ ისეირნოთ ქუჩებში და ბოლონიის სილამაზით დატკბეთ.