ევროპული ზაფხულის გასატარებლად, იაფ და მშვენიერ პოლონეთს გირჩევთ. ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა გასაოცარი ისტორიით, ზღაპრული სასახლეებით და სარელაქსაციო სანაპიროებით. ჩვენ აქ საუკეთესო ორ კვირას დაგიგეგმავთ.
ვარშავა (3 ღამე)
დაიწყეთ პოლონეთის დედაქალაქით, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქია. აქ 2 დღეს ადვილად გაიყვანთ. დაიწყეთ ძველი მოედნით, ის ვარშავის მნიშვნელოვანი ძეგლია. მის გარშემო დაათვალიერებთ ტრადიციულ ფერად არქიტექტურას, კოშკებს, ტაძრებს, სამეფო სასახლეს, ძველ ბაზარს. თუ გსურთ, რომ მოედანს და მთელ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ, ტარასის კოშკზე (Taras Widokowy tower) ადით.
როგორც ევროპის ქალაქების უმეტესობაში, ბრწყინვალე ხედები ქალაქზე აქაც ხიდებიდან იშლება. დღისითაც და ღამითაც, გდანსკის ხიდი საოცარ ხედებს გვთავაზობს. ის ძველი ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს. მეორე დღეს, შეგიძლიათ ძველი მოედნიდან ვილანოუზე წახვიდეთ და სამეფო სასახლე (Wilanow royal palace) მოინახულოთ. ეს ბაროკოს სასახლე პოლონური ისტორიის მშვენიერი ნიმუშია, რომელმაც ორივე მსოფლიო ომს გაუძლო და ქვეყნის მნიშნელოვანი ძეგლი გახდა. მის გარშემო ულამაზესი ბაღებია სასეირნოდ.
სასახლეში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ, ლაზიენსკის პარკამდე (Łazienki Park) ავტობუსს გაყევით და იხილეთ სასახლე კუნძულზე. ბოლოს კი ესტუმრეთ ვარშავის ოკუპაციის მუზეუმს.
ტორუნი (2 ღამე)
შეისვენეთ დიდი ქალაქისგან და ეწვიეთ ამ პატარა, მაგრამ ზღაპრულ ქალაქ ტორუნს. აქ შუასაუკუნოვანი არქიტექტურა და ბაროკოს სტილის ტაძრებია. ტორუნში დაიბადა ნიკოლაი კოპერნიკი. აქ ყოფნისას ეწვიეთ წმ. ჯონის კათედრალს და ტორუნის კოშურას. აუცილებლად მიდით ცნობილ გადმოსახედზეც, რომელიც მატარებლის სადგურთან მდებარეობს, განსაკუთრებით მომხიბვლელია მზის ჩასვლისას.
გდანსკი (2 ღამე)
გდანსკი პოლონეთის მნიშვნელოვანი პორტია. ის ცნობილია ფერადი არქიტექტურით, რის გამოც “ვეს ანდერსონის ფილმების სტილის ქალაქსაც” კი უწოდებენ. მოინახულეთ კათედრალი, მარიაცკას ქუჩა, მწვანე კარიბჭე და ოქროს სახლი. თუ მეორე მსოფლიო ომი გაინტერესებთ, ეწვიეთ ომის მუზეუმსაც პორტში.
მალბორკი (ნახევარი დღე)
გდანსკიდან მატარებლით ადრიან დილით მალბორკში შეგიძლიათ გადასვლა და შუადღის სამ საათამდე, პოზნანში ჩასვლამდე, სეირნობა. მალბორკი სხვა პოლონურ ქალაქებს არ ჰგავს. აქ თავს წინა საუკუნეებში იგრძნობთ, ფანტაზიის სამყაროში. გაისეირნეთ მშვიდი მდინარის პირას სასახლის გარშემო.
პოზნანი (2 ღამე)
ტორუნისა და მალბორკის შემდეგ, აქ თავს ისევ დიდ ქალაქში აღმოაჩენთ. პოზნანი ულამაზესი ძველი მოედნითაა წარმოდგენილი ლამაზი მერიის შენობით და სახლებით. აქვეა მომხიბვლელი სამეფო სასახლეც.
ვროცლავი (2 ღამე)
ვროცლავი მორიგი გასართობი ადგილია უამრავი აქტივობით. ბაზრის მოედანზე იპოვნეთ პატარა გნომები, რომლებიც მერიის გარშემო არიან მიმოფანტულნი. მათი მეშვეობით მთელ მოედანს შეისწავლით. შემდეგ ეწვიეთ ოსტროუ ტამსკის (Ostrów Tumski), ქალაქის უძველეს ნაწილს. აქაურ წყნარ ატმოსფეროში საოცარ სიმშვიდეს იგრძნობთ.
კრაკოვი (3 ღამე)
კრაკოვი გამოირჩევა შუასაუკუნოვანი ატმოსფეროთი ქალაქის ცენტრში, დასასვენებელი ატმოსფეროთი ებრაულ უბანში და სათავგადასავლო ატმოსფეროთი ქალაქის სიახლოვეს. Auschwitz-ში 1 დღის გატარების შემდეგ, დაბრუნდით ქალაქში და საღამოს გემრიელი პოლონური კერძი მიირთვით. შემდეგი დღე გაატარეთ ქალაქის ცენტრში, დაათვალიერეთ წმ. მარიას ბაზილიკა, მერიის კოშკურა და სხვა ღირსშესანიშნაობები. თუ ბილეთს შეიძენთ, კოშკზე ახვალთ და ქალაქს გადმოხედავთ.
აქვეა ციხესიმაგრე – Wawel castle, გოთიკის, რენესანსის და ადრეული ბაროკოს სტილის ნაზავი. საღამოს ვეიველის ციხესიმაგრიდან გადაჭერით ხიდი მდინარე ვისტულაზე და დაათვალიერეთ ღამის ქალაქი.
ზაკოპანე (1 ღამე)
ბოლოს კი ჩადით ქალაქში, რომელიც პოლონეთის და სლოვაკეთის მთების ქვეშაა მოქვეული. ის ძალიან უყვართ მოლაშქრეებს ზაფხულში და მოთხილამურეებს ზამთარში. აქ მდებარეობს ულამაზესი ტბაც – Morskie Oko. აღსანიშნავია, რომ ზაკოპანეში ამზადებენ შებოლილ ყველს ჯემით (oscypek) და გლინტვეინს. ზაკოპანედან დილით ადრე შეგიძლიათ კრაკოვის ავტობუსს გაყვეთ და უკან დაბრუნდეთ.