ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩებით, შუასაუკუნეების არქიტექტურით და ლამაზი ტბის წყლით, ოჰრიდი მშვიდ მოგზაურობას გთავაზობთ წარსულში. ჩრდილოეთ მაკედონიის ეს პატარა სამოთხე გამოირჩევა სანაპიროებით, თვალწარმტაცი ხედებით და უგემრიელესი ხმელთაშუაზღვიური და თურქული სამზარეულოთი – ეს ყველაფერი კი სავსებით ბიუჯეტურად.

დიდი ისტორია

ოჰრიდს “ბალკანეთის იერუსალიმსაც” უწოდებენ. ის ევროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა და ერთ დროს სლავური კულტურისა და რელიგიის ეპიცენტრად ითვლებოდა. მისი ისტორია ძველი ქალაქის ყველა შენობაზე იგრძნობა. ტბა ოჰრიდი კი ქალაქის უნიკალური ისტორიული არტეფაქტია. 3 მილიონი წლის ტბა ევროპაში უძველესი და ყველაზე ღრმაა, რის გამოც იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.

ლოკაცია

მაკედონიის მთებს შორის მოქცეული ოჰრიდი, დედაქალაქიდან, სკოპიედან 3 საათის სავალ გზაზეა და იდეალური სათავგადასავლო მიმართულებაა. ეს ულამაზესი ბუნება დიდი ქალაქებიდან განცალკევებით მდებარეობს და თანაც ადვილად ხელმისაწვდომია ავტობუსით ან თვითმფრინავით. ოჰრიდს თავისი აეროპორტიც აქვს. საბერძნეთის საზღვარი აქედან 2 საათში მდებარეობს.

სუნთქვაშემკვრელი ბუნების ხედები

ოჰრიდის ტბა  გვთავაზობს სანაპიროებს მთებზე ხედებით. მის სოფლებში იტალიური ატმოსფეროც იგრძნობა. ოჰრიდის წყლისპირა კურორტები იდეალურია მზეზე სარელაქსაციოდ. სანაპიროზე დასვენების შემდეგ დალაშქრეთ გარშემო მთები საფეხმავლო და საველოსიპედი ბილიკებით.

სამზარეულო

მაკედონიის სამზარეულო საკმარისი მიზეზია ამ ქალაქს რომ ესტუმროთ. აქ აუცილებლად გაიგონებთ დოქტორ ფალაფელის შესახებ, რომელიც რეგიონში საუკეთესო ფალაფელის სენდვიჩებს ამზადებს ახალი ჰუმუსით. მაკედონიის კერძები ბევრი კულტურითაა შთააგონებული, თუმცა, ძირითადად, ხმელთაშუაზღვიურით და თურქულით.

გასაოცარი არქიტექტურა

ქალაქი სავსეა მონასტრებით, ციხესიმაგრეებით და სასახლეებით. ზოგიერთი ნაგებობა ჩვ.წ-მდე პერიოდით თარიღდება, მათ შორის ქალაქის ანტიკური თეატრი, სადაც გლადიატორთა ბრძოლები იმართებოდა. დღეს ის საკონცერტო სცენაა.

ღამის ცხოვრება

ოჰრიდში თანამედროვე და ცოცხალი ღამის ცხოვრებაა, სადაც დროს ბრწყინვალედ გაატარებთ. ტბისპირა კაფე-ბარები სასმელს და დესერტს ღამის 1 საათამდე გთავაზობენ. კლუბი ჰავანა კი დიჯეებთან ერთად ხალხს დილის 5 საათამდე აცეკვებს.

ამინდი

ოჰრიდი მაისში მზიან სამოთხედ იქცევა წვიმების მინიმალური რაოდენობით. ტემპერატურა აქ 23 გრადუსიდან 31 გრადუსამდე მერყეობს და იდეალურია სარელაქსაციოდ. შემოგთავაზებენ ისეთ გარე აქტივობებს, როგორებიცაა კაიაკი და კლდიდან ხტომა. ნავების ქირა საკმაოდ იაფია.

ბიუჯეტური დასვენება

ოჰრიდი ბიუჯეტური მოგზაურობის მსურველთათვის მშვენიერი ადგილია თავისი უფასო საფეხმავლო ტურებით, მუზეუმების იაფი ბილეთებით, კაიაკის და სხვა აქტივობების ძალიან დაბალი ფასით. აქ კვებაც და დარჩენაც საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ.

ოჰრიდი პატარა მარგალიტია, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ მისი ბუნების სილამაზით, ინსტაგრამული გარემოთი და ბიუჯეტური აქტივობებით.