ნანტი ბრწყინვალე მიმართულებაა თუ ქალაქის რიტმში გსურთ დასვენება. ეს ცოცხალი საუნივერსიტეტო ქალაქი ვიზიტორებს ისტორიით, ხელოვნებით, კულტურით და გართობით იზიდავს. აღარაფერს ვამბობთ უგემრიელეს სამზარეულოზე. ჩვენ დაგარწმუნებთ თუ რატომ უნდა ეწვიოთ საფრანგეთის ამ მშვენიერ ქალაქს:

ეწვიეთ ნანტის პატარა ჯადოსნურ სამყაროს

გასართობი პარკი: Machines of the Isle

გააღვიძეთ თქვენში მცხოვრები პატარა ბავშვი და გაერთეთ ამ საოცარ პარკში თავის დაკარგვამდე. ეს უნიკალური ადგილი ჟიულ ვერნის და ლეონარდო დავინჩის შემოქმედებითაა ინსპირირებული და მთელ ოჯახს დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდება.

გაისეირნეთ კუნძულზე ქალაქის შუაგულში

Île de Nantes

ეს არის ნანტის უბანი კუნძულზე, ქალაქის ცენტრში. მას ქალაქის სხვა ნაწილებიდან, მდინარე გამოყოფს. ილ დე ნანტი – ნანტის მნიშვნელოვანი პროექტია, სადაც დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ. თუ ხელოვნების ძიებაში ხართ, Parc de Beaulieu-სკენ გაისეირნეთ, The Quai des Antilles-ში კი ბევრ შთამბეჭდავ ინსტალაციას გადააწყდებით.

მოიხიბლეთ ფრანგული შატოთი

Chenonceau chateau

თუ ნანტს მიღმა, ქალაქგარეთაც გაისეირნებთ, მშვენიერ სასახლეს აღმოაჩენთ, გაშენებულს მდინარეზე. Loire Valley ყველაზე მაგიური ფრანგული ციხესიმაგრეების ადგილია.

მოიწყვეთ სანაპირო დღეები

კუნძული Noirmoutier

ნანტი მშვენიერი ადგილია იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში, უეცრად სანაპიროზე აღმოჩნდეთ. ეს სასიამოვნოს ხდის ნანტში სტუმრობას როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სეზონზე. როდესაც ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებთ, გასწიეთ რომელიმე ახლომდებარე სანაპიროსკენ. ერთ-ერთი საუკეთესოა Noirmoutier-en-l’Île. აქ ქვიშიანი ნაპირი ფიჭვოვან ტყეს ხვდება.

მოინახულეთ სუნთქვის შემკვრელი ეკლესიები

ნანტში ბევრი საოცარი ეკლესია და კათედრალია. მთავარი მათგანი: ნანტის კათედრალი, ე.წ. Cathédrale Saint-Pierre-et-Saint-Paul de Nantes, ქალაქის საკულტო ისტორიული მონუმენტია და პირველ რიგში სწორედ ის უნდა მოინახულოთ. ასევე, გირჩევთ წმ. ნიკოლასის ნეო-გოთიკურ ბაზილიკას. მას შთამბეჭდავი ფანჯრები და იატაკი აქვს. მესამე ტაძარი კი Église Sainte-Croix-აა.

დაათვალიერეთ ნანტის ბოტანიკური ბაღი

Jardin des plantes de Nantes

ნანტის მცენარეების ბაღი ნამდვილად თავშესაქცევი ადგილია. გაისეირნეთ ლამაზ ბილიკებზე, გასაოცარი მცენარეების გამოფენებსა და ინსტალაციებს შორის. შესვლა უფასოა!

დატკბით ხელოვნებით ნანტის სახვითი ხელოვნების მუზეუმში

Musée des Beaux-Arts de Nantes

ეს უზარმაზარი საგამოფენო სივრცე ბრწყინვალე დასტურია იმისა, თუ რატომ უწოდებენ ნანტს კულტურის ქალაქს. შესვლის ღირებულება 8 ევროა.

გამოიკვლიეთ ყოფილი ნამცხვრების ქარხანა

Le Lieu unique

ამ შენობის ექსტერიერიც და ინტერიერიც საკმაოდ ღირებულია. ყოფილი ორცხობილების ქარხანა, დღეს თანამედროვე ხელოვნების და მუსიკალური ღონისძიებების სივრცეა. აქ მუდამ რაღაც ხდება, ასე რომ, მოგზაურობის დროს ბილეთის ყიდვით, ერთ საინტერესო საღამოსაც დაიგეგმავთ.

დატკბით კიდევ ერთი სასახლის დიდებულებით

Château des ducs de Bretagne

გადაინაცვლეთ მე-13 საუკუნეში და ჩაიძირეთ ისტორიაში – ეს შატო ქალაქის შუაგულში მდებარეობს და მის მოსანახულებლად ნანტის დატოვება ნამდვილად არ მოგიწევთ. ეზოში შესვლა უფასოა. თუ შენობაში მდებარე მუზეუმის დათვალიერებაც გსურთ, ბილეთი უნდა შეიძინოთ.