სანაპიროებთან და მთებთან ახლოს მდებარე ძველი ქალაქი – მონპელიე, სამხრეთ საფრანგეთის ამაღელვებელი მიმართულებაა. აქ მუზეუმები, ქვაფენილიანი ქუჩები და კარგი რესტორნებია. ჩვენ ამ ფრანგულ ქალაქში ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.

Écusson – ძველი ქალაქი

ეს მონპელიეს ისტორიული ცენტრია. მისი საფეხმავლო ნაწილი ფერად ქუჩებზე, მაღაზიებზე და კაფეებზე გადის. გაუყევით თანამედროვე ქუჩას – Rue de la Loge-ს და გააგრძელეთ სეირნობა პატარა ქუჩებზე. ასე ბევრ ლამაზ მოედანსაც აღმოაჩენთ.

ლამაზი ლანდშაფტები

მონპელიე საფრანგეთის ერთ-ერთი ის უდიდესი ქალაქია, სადაც რომაული მემკვიდრეობა არ აღმოჩენილა. ის მეათე საუკუნეში დაარსეს და სასწავლო/სამედიცინო მიმართულებით იყო ცნობილი. მართალია, აქ ამფითეატრებს ვერ ნახავთ, მაგრამ ბევრი შთამაგონებელი ლანდშაფტი დაგხვდებათ. ტრიუმფალური თაღი არ უნდა გამოგრჩეთ.

მისამართი: Rue Foch, 34000

ესპიგეტას სანაპირო

ესპიგეტა მონპელიეს სანაპირო ზოლის დედოფალია. აქ ყვითელი ქვიშის დიუნები, სიმწვანე და სუფთა ლურჯი წყალი დაგხვდებათ. იმისათვის, რომ აქ საჯარო ტრანსპორტით მოხვდეთ, გაუყევით ტრამვაის მესამე ხაზს Étang de l’Or-მდე. შემდეგ ავტობუსს ესპიგეტამდე გაყვებით.

ფაბრეს მუზეუმი

Musée Fabre ევროპული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ფართო და უმნიშნელოვანეს კოლექციას მოიცავს და ხელოვნების მოყვარულების მას აუცილებლად უნდა ეწვიონ. მუზეუმი ქალაქის ცენტრშია და თუ მხოლოდ ერთი მუზეუმის მონახულებას აპირებთ, არჩევანი ამაზე უნდა გააკეთოთ. ყოველი თვის პირველ კვირა დღეს მუზეუმში შესვლა უფასოა.

მისამართი: 39, Boulevard Bonne Nouvelle, 34000

ნეო-კლასიკური არქიტექტურა

მონპელიეს უბანი ანტიგონე, ნეო-კლასიკური არქიტექტურის თვალსაჩინო მაგალითია. ის კატალონიელმა არქიტექტორმა, რიკარდო ბოფილმა დააპროექტა. აქ ფართო გამზირები, დიდი მოედნები და ფუტურისტული შენობებია. არ გამოგრჩეთ სასტუმრო: Hôtel de Région.

მდიდრული კერძო სახლები

მონპელიეში მე-17/მე-18 საუკუნეებში მდიდარმა ვაჭრებმა კერძო სახლები ააშენეს. ტურები შეგიძლიათ ტურისტულ ცენტრებში მოიკითხოთ. ყველაზე პოპულარული სახლებია Château de la Mogère და Château de Flaugergues. მათი დათვალიერებით თქვენთვის თვალსაჩინო გახდება ადგილობრივი ელიტის სიმდიდრე იმ დროინდელი პერიოდიდან.

Château de la Mogère:

მისამართი: 2235 Route de Vauguiéres, 34000 

Château de Flaugergues:

ამ შენობის სტუმრობა მხოლოდ მისი ბაღების გამოც კი ღირს.

მისამართი: 1744 Avenue Albert Einstein

მთა – Pic Saint-Loup

მონპელიეს ჩრდილოეთით ულამაზესი მთა მდებარეობს. აქ სალაშქრო ბილიკებს ნახავთ და საკმაოდ ბევრ გადმოსახედს შეხვდებით. მთის წვერზე ასასვლელად დაახლოებით 1 სთ დაგჭირდებათ. აქ ბევრი ავტობუსი დადის.

მოედანი – Place de la Comédie

მონპელიეს ცენტრში, მატარებლის მთავარ სადგურთან, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საფეხმავლო მოედანია. მოედნის ბოლოს ოპერის შთამბეჭდავი შენობა შემოგეგებებათ. აქ ასევე პატარა ფრანგულ კაფეებს და კინოთეატრს ნახავთ. მოედნის მეორე ბოლოში სავაჭრო ცენტრია მწვანე სივრცით.

წმ. პეტრეს კათედრალი

ეს კათედრალი ნამდვილად შთამაგონებელია თავისი კოშკებით. წმ. პეტრეს ტაძარი მონპელიეში ყველაზე მნიშნელოვანი გოთიკური შენობაა, რომელიც შუაგულ ქალაქში მდებარეობს. შესვლა უფასოა. შიგნით ულამაზეს შუშის კედლებს იხილავთ.

პეიროუს ბულვარი

ეს “სამეფო ბულვარი” ქალაქის ელეგანტური ნაწილია. აქ კორინთული სვეტები დაგხვდებათ, რომელიც ჰენრი პიტომ მე-18 საუკუნეში დააპროექტა. მის უკან რომაულ წყალსადენს იხილავთ, რომელიც ცალკე ხელოვნების ნიმუშია.

დააგემოვნეთ ფრანგული სამზარეულო

მონპელიე ფრანგულ სამზარეულოს საკუთარ ნოტებში დაგანახებთ. აქ უგემრიელეს კერძებს და დესერტებს არამხოლოდ მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნებში, არამედ უბრალო კაფეებში დააგემოვნებთ. ლანჩი მონპელიეში – ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილებაა.

მონპელიეს ზოოპარკი

აქ უამრავ ცხოველს იხილავთ დაყებული ლომებიდან და ჟირაფებიდან, დამთავრებული ფერადი ბაყაყებით და ამფიბიებით. გაგიკვირდებათ და ზოოპარკი უფასოა! ფასიანი მხოლოდ ამაზონის ჯუნგლების ნაწილში შესვლაა.

ბოტანიკური ბაღი – Jardin des Plantes

სიის ბოლოს, ქალაქის ბოტანიკურ ბაღს გირჩევთ. მონპელიეს სამედიცინო ისტორია აქვს და უძველეს დროს მდიდრები მთელი მსოფლიოდან სწორედ აქაურ ექიმებთან და აქაური ჰაერისთვის ჩამოდიოდნენ. დღეს ეს ბაღი სამედიცინო მიზნებისთვის აღარ გამოიყენება, თუმცა ბევრი მცენარის სახლია და სარელაქსაციო სეირნობებისათვის იდეალურ ადგილს წარმოადგენს.