ჩრდილოეთ სიცილიის სანაპირო ქალაქი კეფალუ, ცოცხალი იტალიური ქალაქია ოქროს ქვიშებით, ანტიკური ნანგრევებით, დიდი ციხესიმაგრით და უგემრიელესი სამზარეულოთი. ჩვენ აქ საუკეთესო დროის გატარების იდეებს გირჩევთ:

სალაშქრო ბილიკი –  Parco della Rocca

ეს კეფალუს გამორჩეული ადგილია, რომელიც ქალაქზე და სანაპირო ზოლზე ულამაზეს ხედებს გთავაზობს. სალაშქრო ბილიკი ძველი ქალაქის სიახლოვეს იწყება. როდესაც ბილიკის დასაწყისთან მიხვალთ, პარკში შესასვლელი ბილეთის ყიდვა დაგჭირდებათ, კაცზე 5 ევრომდე. მთავარ გადმოსახედამდე 20 წუთის სეირნობით მიხვალთ. ზაფხულის თვეებში თან იქონიეთ წყალი და ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი. ერთ ადგილას გზა ორად გაიყოფა – არქეოლოგიური ნანგრევებისკენ და კეფალუს სასახლისკენ. ჯერ ნანგრევები აირჩიეთ, სასახლეს მოგვიანებით მოინახულებთ. პანორამული ხედებით აქედანაც დაჯილდოვდებით. პარკი ღიაა დილის 8 საათიდან შუადღის 5 საათამდე.

დაათვალიერეთ დიანას საყდარი და წმ. ანას ეკლესია

პარკო დელა როკაში სეირნობისას აუცილებლად მოინახულეთ ეს ისტორიული ნანგრევები. დიანას საყდარი რომაული საყდარია, რომელიც სიცილიაში საუკეთესოდაა შემონახული.

ადით კეფალუს ციხესიმაგრეზეც

არქეოლოგიური ნანგრევების მონახულების შემდეგ, დროა კეფალუს ციხესიმაგრეც ინახულოთ. ის მე-12 საუკუნეში ლა როკას მთაზე აშენდა. მისი სტრატეგიული მდგომარეობის გამო, იყენებდნენ სამხედრო და სარეზიდენციო მიზნებით. ციხესიმაგრის კედლებიდან მთელ კეფალუს გადმოხედავთ. იქამდე ასასვლელად კიდევ ნახევარი საათი დაგჭირდებათ.

ეწვიეთ კეფალუს კათედრალს

კეფალუს კათედრალი ძველი ქალაქის შუაგულში მდებარეობს, საკულტო ფასადით, რომელიც სიცილიურ არქიტექტურას ახასიათებს. ინტერიერში შთამბეჭდავი ფრესკები, თაღები, ორნამენტები და მოზაიკები დაგხვდებათ. ეკლესია ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე, მაგრამ იკეტება შუადღის 1 საათიდან 4-ის ნახევრამდე. შესვლა უფასოა. მის გარშემო რამდენიმე კაფე-რესტორანია, რათა დაისვენოთ და ჟელატო ან სიცილიური ყავა დააგემოვნოთ.

იხილეთ ხედი გადმოსახედიდან – Bastione Di Capo Marchiafava

ეს კიდევ ერთი კეფალუს ციხესიმაგრეა, რომელიც კეფალუს ჩრდილოეთ სანაპირო ზოლზე ხედს გვთავაზობს. ის ქალაქის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია, რომელიც მეკობრეებისგან თავის დასაცავად აშენდა. ბასტიონიდან ქვიან სანაპიროზე ჩახვალთ და შეგიძლიათ კეფალუს შუქურამდეც მიხვიდეთ. ეს ადგილი განსაკუთრებით ლამაზია მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს.

ჩახტით წყალში მარინას პორტიდან

Porta Pescara – ძველი პორტია, რომელიც ქვიშიან სანაპიროს გვთავაზობთ. აქედან შეგიძლიათ იცურაოთ ტირენიის ზღვის კრიალა წყალში. სანაპიროზე გასასვლელი თაღი ძველი ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

მოინახულეთ შუასაუკუნეების დროინდელი სამრეცხაო სახლი

Lavatoio Medievale Fiume Cefalino – პესკარას პორტიდან ახლოს მდებარეობს. ის კეფალუს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, რადგანაც მე-16 საუკუნეში ააგეს და მოსახლეობა ტანისამოსის გასარეცხად იყენებდა. ის ღიაა ყოველდღე: 10:00-12:00 და 16:00-19:00 საათებში. შესვლა უფასოა.

დაიკარგეთ კეფალუს ქუჩებში

კეფალუს ძველი ქალაქის ვიწრო თუ ფართო ქვაფენილიანი ქუჩები ულამაზესი ადგილია, რათა ბევრი ისეირნოთ და თანაც უმიზნოდ. აქ პასტელური სახლები, საყვარელი კაფეები და სავაჭრო დახლები შეგხვდებათ. აუცილებლად მიიღეთ ეს მაგიური შთაბეჭდილება, რათა ქალაქის სილამაზე და ხასიათი შეიგრძნოთ.

დაისვენეთ კეფალუს სანაპიროზე

თუ პესკარას პორტი სავსეა და სანაპიროზე გსურთ გატვირთვა, კეფალუს სანაპიროს მიაკითხეთ, რომელიც სიგრძეში 2 კილომეტრამდეა. ის ცნობილია კრისტალურად სუფთა წყლით და მშვიდი ატმოსფეროთი. აქ ყველანაირი აღჭურვილობა დაგხვდებათ.

რა უნდა მიირთვათ კეფალუზე? ხელნაკეთი პასტა, რომელსაც Pasta e Pasti-ში საუკეთესოდ ამზადებენ.

როგორ მოვხვდეთ კეფალუზე? უდნა ჩაფრინდეთ პალერმოს აეროპორტში და შემდეგ გაყვეთ ყოველდღიურ მატარებელს პალერმოს ცენტრალური სადგურიდან, რომლებიც დილის 5 საათიდან საღამოს 10-ის ნახევრამდე დადიან. ბილეთის ფასია 8 ევროა, მგზავრობის დრო 40 წუთი.

როგორ გავატაროთ 1 კვირა სიცილიაზე