მართალია ჩეხეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ბევრი რამაა სანახავი და გასაკეთებელი. ჩეხურ სამზარეულოს ბევრი მეზობელი ქვეყნის გავლენა აქვს და საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენ გირჩევთ რომელი საჭმელ-სასმელი უნდა დააგემოვნოთ აქ მოგზაურობისას.
სვიჩკოვა/Svíčková
ათქვეფილ კრემში და მოცვის სოუსში მომზადებული საქონლის ხორცი ჩეხური სამზარეულოს საკულტო ნიმუშია. მას მოყვება პატარა პურები და ლიმნის ან ფორთოხლის ნაჭრები.
კოფოლა/Kofola
40 წლის განმავლობაში ჩეხოსლოვაკიაში კომუნიზმის ერა იდგა და ქვეყანაში კოკა-კოლას იმპორტი არ ხერხდებოდა. ამიტომაც, მაშინ აქ ამ სასმლის ადგილობრივი ვარიანტი შეიქმნა. კოფოლა ნაკლებად ტკბილი და მეტად მცენარეულია ვიდრე მისი “კაპიტალისტური ნათესავი”. კოკა-კოლას ფართოდ გავრცელების მიუხედავად, კოფოლა ავთენტურ ჩეხურ სასმელად დარჩა, რომელიც პოპულარობას მაინც არ კარგავს.
პერნიკი/Perníky
ჯანჯაფილის თაფლაკვერი ცენტრალურ ევროპაში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა მისი ჩეხური ვერსია მაინც განსაკუთრებულია. საუკუნეების წინ, პერნიკს მხოლოდ თაფლით, კარაქით და თხილით ამზადებდნენ და ამ უნიკალურ ძველ ვერსიას პრაღის კაფეებში ისევ მიაგნებთ. მისი თანამედროვე ვარიანტები – ლამაზად გაფორმებული ორცხობილებია, რომლებიც უფრო მეტადაა გავრცელებული.
ტრდელნიკი/Trdelníky
ტრდელნიკი სვეტის ფორმის ნამცხვარია, რომელსაც პრაღაში საკმაოდ ბევრ ადგილას შეხვდებით. მას შოკოლადის კრემით, ნუტელათი, ნაყინით და სხვადასხვა ინგრედიენტებით რთავენ, თქვენი სურვილისამებრ.
მორავიული ღვინო
მორავიას საოცარი ღვინის ინდუსტრია აქვს: მორავიელი ღვინის მწარმოებლები ცნობილები არიან ღვინის დამზადების განსაკუთრებული ხერხებით. ვენახები ძირითადად ციხესიმაგრეების ეზოებში აქვთ გაშლილი.
შემწვარი ბატი
თუ შემწვარი ბატი არასდროს გაგისინჯავთ, ეს ჩეხეთში გააკეთეთ. ისინი ამ კერძს განსაკუთრებულად ნოემბერში, წმ. მარტინის დღეს აკეთებენ. თუმცა, წელიწადის ნებისმიერ დროს მას ქვეყნის უამრავ მენიუში იპოვნით.
კოლაჩი/Koláče
კოლაჩი ჩეხური ტკბილეულია რომელიც ყაყაჩოს მარცვლებით და ჯემით ირთვება. მას პრაღის ნებისმიერ საცხობში დააგემოვნებთ.
კულაჟდა/Kulajda
რამდენიმე ჩეხური სუპი არსებობს თუმცა, კულაჟდა ადგილობრივებში ყველაზე საყვარელ წვნიანადაა აღიარებული. ის კრემ სუპს წააგავს და შეიცავს სოკოს, კარტოფილს, კვერცხს და კამას. კარგი გადაწყვეტილებაა მისი შეკვეთა სტარტერ კერძად ან მსუბუქ ლანჩად.
ჩეხური ლუდი
ლუდის დამზადების კუთხით, ჩეხეთი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაა. ყველაზე ცნობილი – პილსნერია, მსუბუქი, ოქროსფერი ლუდი. მისი სახელი ჩეხეთის ქალაქ პილსენიდან მომდინარეობს. სწორედ იქაა პილსნერის ლუდსახარში.
ბრამბორაცკი/Bramboráčky
ბრამბორაცკი კარტოფილის პანქეიქია, ჩეხური სამზარეულოს ღირსეული წევრი. მისი პატარა ვერსია მთავარ კერძებს მოყვება, ხოლო დიდი პორციები ხორცით და ბოსტნეულითაა გაჯერებული და მსუყე კერძად ყალიბდება.
ოლემუჩის ყველი
ქალაქ ოლემუჩის ყველი ევროკავშირის მიერ მინიჭებული წოდების შემდეგ, ოლემუჩის ყველად იწოდება მხოლოდ მაშინ, თუ ის ჩეხეთის რეგიონში, სწორედ ამ ქალაქშია დაამზადეს. ეს უნიკალური ყველის სახეობა საკმაოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ჩეხეთის დატოვებამდე მის დაგემოვნებას ნამდვილად გირჩევთ.
გულაში/Goulash
ჩეხური გულაში ყველაზე ტიპური ჩეხური კერძია. მას უნგრული სამზარეულოს გავლენა აქვს. ჩეხური ვერსიით გულაში საქონლის ხორცით მზადდება და საკმაოდ გაჯერებული გემოთი ხასიათდება.
ჩლებიცკი/Chlebičky
ჩეხურ სენდვიჩებს ამ ქვეყანაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავთ. ეს გემრიელი ხემსია, რომელსაც მრავალფეროვან სტილში რთავენ და სასურველ ვარიანტს აუცილებლად შეარჩევთ.
ღორის ხორცი
ჩეხურ სამზარეულოში ღორის ხორცი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. აქ ღორის სოსისების დამზადება ხანდახან ერთგვარ ცერემონიალადაც კი იქცევა. ერთ-ერთი ტრადიციის მიხედვით, ჩეხები ღორს მთლიანად წვავენ და შემდეგ მისგან რამდენიმე გემრიელ კერძს ამზადებენ.