გასაოცარი ბუნების და კარგად შემონახული არქიტექტურის წყალობით, თურქეთი ბრწყინვალე სამოგზაურო ქვეყანაა. მართალია, როდესაც თურქეთზე ვფიქრობთ, პირველ რიგში სტამბოლი გვახსენდება, მაგრამ აქ ბევრი საინტერესო და ზღაპრული ქალაქი მდებარეობს. შენი მეგზური გირჩევს, თუ რომლები უნდა მოინახულო:
ამასია/Amasya
ეს ქალაქი მდინარის პირას არსებული ვიწრო ხეივნით ხასიათდება, რომელსაც ზურგს კლდოვანი მთეები უმაგრებს. ამასია არის ადგილი, სადაც თურქული ფოკლლორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპარი დაიბადა. ლეგენდის თანახმად, ფერჰატს სირინი უყვარდება, მშვენიერი პრინცესა და მთის ქვეშ გვირაბს თხრის, რათა მას მამამისის სასახლეში წყალი მიუტანოს და მისი გული მოიგოს. გარემო აქ მართლაც რომანტიკულია, ოტომანის სტილის სახლებითა და ანტიკური ხიდებით.
ბოზჯადა/Bozcaada
ეგეოსის ზღვის პატარა კუნძული მოდერნიზაციიდან გაქცევაა. აქ ბრწყინვალედ შემონახული არქიტექტურა და ციხესიმაგრეა, რომელიც მე-15 საუკუნით თარიღდება. კუნძულზე გასაოცარი ბუნების სილამაზე, ქვიშიანი სანაპიროები და სუფთა ლურჯი ზღვა დაგხვდებათ.
გორემი/Göreme
გორემი კაპადოკიის რეგიონში მდებარეობს და ქვის ფანტასტიკური ფორმაციებით გამოირჩევა. ათასობით ქვის სვეტი სახლებსა და შენობებს შორისაა აღმართული. ნაგებობების და ეკლესიების გაფორმება ნამდვილად მოგხიბლავთ. ასევე, აქაც შეგიძლიათ ჩასხდეთ საჰაერო ბუშტებში და არემარეს ზევიდან გადმოხედოთ.
სტამბოლი/Istanbul
თურქეთის უდიდესი და ყველაზე ცნობილი ქალაქი, მშვენიერ შენობებს და ბუნებას აერთიანებს. ქალაქი ორ ზღვას შუა მდებარეობს და ცოცხალი ქალაქის და მშვიდი ცისფერი წყლის საოცარ კონტრასტს ქმნის. ეს არის წერტილი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, როგორც გეოგრაფიულად, ისე კულტურით. ჩვენ ამ ქალაქში საუკეთესო 3 დღეს დაგიგემავთ.
კაში/Kaş
მომხიბვლელი სათევზაო სოფელი ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარეობს და პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. აქ ისტორიული შენობები და ქუჩებია, ხის აივნებით. წყალში კი დაივინგის შესაძლებლობაც გეძლევათ, რათა წყლის კუებს და ულამაზეს წყლის ბინადრებს დააკვირდეთ. სანაპიროები სუფთა და თითქოს ხელშეუხებელია, მიუხედავად პოპულარობისა.
მარდინი/Mardin
მთელი ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული და ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობით გამოირჩევა. აქ ბევრი მეჩეთი და ეკლესიაა, მათ შორის, დიდი მეჩეთი მე-12 საუკუნეში აშენდა.
სიდეი/Side
ორიგინალი რომაული ამფითეატრი ამ თურქულ ქალაქში დღემდე დგას და თანამედროვე სახლებთან და ცოცხალ ბარებთან საინტერესო კონტრასტს ქმნის. ზღვის სანაპიროზე აპოლოს საყდრის ნანგრევებიცაა, რომელიც მზის ჩასვლის დროს ულამაზესია. სიდეიში ოქროს ქვიშები და კრისტალივით სუფთა წყალი დაგხვდებათ.
უზუნგოლი/Uzungöl
ტრაბზონის სიახლოვეს, პატარა სოფელ უზუნგოლში ამავე სახელწოდების საოცარი ტბა მდებარეობს. გარემო ზღაპრულია და თურქეთის სხვა სანაპირო ქალაქებისგან ძლიერ განსხვავდება. ექსტრაორდინალური ბუნება ტრადიციული თურქული სახლებით და მეჩეთით ამ ქვეყანაში აუცილებლად სანახავი ადგილია.
ეფესუსი/Ephesus
თუ უბადლო კლასიკური არქიტექტურის ნიმუშებს ეძებთ, ეფესუს მიაკითხეთ. ერთ დროს ანტიკური ბერძნული ქალაქი, იუნესკოს დაცული ძეგლია და აქ ყველაფერს იხილავთ: რომაულ, ქრისტიანულ, ოტომანურ და ბერძნულ მონუმენტებს, მათ შორის არტემისის საყდარი და ცელსუსის ბიბლიოთეკაა. აქ მდებარეობს მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი საოცრების ნანგრევებიც.
კაპადოკია/Cappadocia
ეს ჯადოსნური ადგილი მზის ამოსვლის თუ ჩასვლის დროს განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ვულკანური მთის ფორმაციები კაპადოკიას გამორჩეულს და უნიკალურს ხდის. თუმცა, ყველაზე პოპულარული მაინც უამრავი საჰაერო ბუშტია, რომლებიც აქ გადაღებული ფოტოების უნიკალურ ფონს ქმნიან.
კოპრულუს კანიონის ეროვნული პარკი/Köprülü Canyon National Park
თუ ანტალიაში ისვენებთ, იცოდეთ, რომ მის ახლოს პატარა სამოთხე მდებარეობს. აქ გასაოცარი ტყეები, მდინარე და ჩანჩქერებია. თუ სპორტი გიყვართ, კოპრულუს კანიონის პარკში მრავალფეროვანი შემოთავაზებები გელოდებათ: ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა, კაიაკი და ჯომარდობა. შეგიძლიათ კარავშიც დარჩეთ და ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დააკვირდეთ. ახლოსაა რამდენიმე თევზის რესტორანი.
კურეს მთების ეროვნული პარკი/Küre Mountains National Park
ეს ეროვნული პარკი შავი ზღვის რეგიონს ეკუთვნის. აქ საოცარი ფლორა და ფაუნაა, მათ შორის 130-ზე მეტი სახეობის ჩიტი. გაიარეთ ტურისტული ბილიკი გამოქვაბულებსა და კლდეებს შორის და ხედები მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ.