თუ ნამდვილი ფრანგული სამზარეულოს დაგემოვნება ბიუჯეტურად გსურთ, Bouillon Chartier-ის ობიექტებს უნდა ეწვიოთ. მათ მონპარნასზე და მონმარტზე იპოვნით. ისინი 100 წელზე მეტია რაც სტუმრებს მასპინძლობენ და ისტორიულ ატმოსფეროს ქმნიან. 

მოემზადეთ იმისათვის, რომ აქ უფრო სასადილო დაგხვდებათ, ვიდრე რესტორანი. არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ მაგიდასთან რამოდენიმე ერთმანეთისთვის უცნობი სტუმარი ზის, მიმტანი სწრაფია, პორციები არც ისე დიდი, მაგრამ ფასი – იდეალური. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ლოკოკინები, მამალი ღვინოში და ბევრი სხვა ნამდვილი ფრანგული კერძი. ერთი ფრანგული ღვინის ღირებულება 13-15 ევროს შეადგენს და სხვა ადგილს ასეთი ფასისა და ხარისხის შერწყმით ვერსად იპოვით.

ლათინური კვარტალი


ნოტრ-დამთან სეირნობისას შეგიძლიათ სენას მარცხენა სანაპიროზე გადახვიდეთ და სენ-მიშელის შადრევანიდან მარცხნივ გაეშუროთ ან ტაძრიდან მარჯვნივ. აქ თქვენ შეხვდებით პარიზის ყველაზე იაფ ტურისტულ რესტორნებს და ფრანგულ სამზარეულოს დაახლოებით 10 ევროს ფარგლებში დააგემოვნებთ. 

შესაძლოა ზედმეტად ბიუჯეტურ რესტორანში შეხვიდეთ, სადაც ნამდვილი ფრანგი შეფ-პოვარის კერძებს ვერ გასინჯავთ, თუმცა, გაითვალისწინეთ რომ წყალი უფასო, პორციები კი საკმაოდ დიდი იქნება.

მონმარტი


მთლიანი მონმარტის ბორცვი სავსეა მრავალფეროვანი ბარებით, კაფეებითა და რესტორნებით. ცერტრის მოედანთან ახლოს ბევრი ბიუჯეტური რესტორანი მდებარეობს, თუმცა არც ისე გემრიელი მენიუთი. ამიტომ, არ ახვიდეთ საკრე-კერთან და თვითონ მონმარტზე მოძებნეთ ფრანგული მყუდრო კაფეები და “ბრასსერი” (სასადილო), იტალიური პიცერიები და უცხოური რესტორნები, რომელთა ისტორიაც იმპრესიონისტების აღორძინების დღიდან იწყება.

ფლანჩ რესტორნები (Flunch)


პომპიდუს ცენტრთან ახლოს, რამბუტოს სადგურიდან სულ რაღაც ორ ნაბიჯში სწრაფი კვების რესტორანი ფლანჩი (მისამართი: 21 rue de Beaubourg) მდებარეობს . აქ საკმაოდ კარგ ფასად შეგიძლიათ დააგემოვნოთ სტეიკი და სალათა, ნებისმიერი გარნირი; აავსოთ თეფში სადამდეც გსურთ და შემდგომ გადაიხადოთ.

ფლანჩი (Flunch) ასევე მონმარტზეც მდებარეობს. მისამართი: 1-3 rue Caulaincourt.

კრეპის კიოსკები


ტიულირიიდან გამოსვლისთანავე იხილავთ კრეპის პატარა კიოსკს (ფრანგული ბლინების ობიექტს). შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი შიგთავსით, ტკბილი – შაქრით, შოკოლადით ან ჯემით, და ასევე მარილიანი – ყველით, ქათმით ან კვერცხით.
განსაკუთრებით გირჩევთ გალეტას დაგემოვნებას, ლორითა და ყველით, რომელიც ერთის მხრივ პიცისა და პეროგის ნაზავს მოგაგონებთ.

პროდუქტის მაღაზიები


ეიფელის კოშკთან იაფად ფაქტობრივად შეუძლებელია ისადილოდ, თუმცა, ვარიანტად შეგიძლიათ მარსის ველისაკენ ახვიდეთ, სადაც მარცხენა მხარეს რამოდენიმე პროდუქტის მაღაზიას იხილავთ.
შეიძინეთ ბაგეტი, ფრანგული ლორი და ყველი, ფრანგული ღვინო ან ლუდი, დაბრუნდით მარსის ველისაკენ და მოიწყეთ იდეალური პიკნიკი.

ბასტილია

ბასტილია არა მხოლოდ ყოფილი სამეფო სასახლე და დღევანდელი საოპერო თეატრია. ის პარიზის მთავარი ღამის რაიონია. აქ უამრავი დისკოთეკა, ბარი, კაფე და სასადილო მდებარეობს და იდეალური ადგილია ბიუჯეტური და აქტიური საღამოს გასატარებლად.

შაურმა და ფალაფელი პარიზში


პარიზული შაურმა – პურია დაჭრილი ხორცით, ბოსტნეულითა და სოუსებით, რასაც ასევე კარტოფილის გარნინი მოყვება. საბოლოოდ, საკმაოდ მსუყე, გემრიელი და რაც მთავარია იაფიანი კერძია, რომლის ჭამაც შეგიძლიათ გარნიეს თეატრის კიბეებზე ეიფელის ხედით.
ასევე, აუცილებლად გირჩევთ ფალაფელის დაგემოვნებას ებრაელების რაიონ მარეში. Rue Rosiers-ის მთავარ ქუჩაზე შეხვდებით უამრავ ადგილს, სადაც ნებისმიერი შიგთავსით იყიდება ეს საოცარი ბლინები.

სუში და ჩინური სამზარეულო


პარიზელებისათვის სუში იაფიანი და სწრაფი სადილია. სტანდარტული მენიუ შედგება სუპისაგან, სალათისაგან, ბრინჯისა და სუშის ან მაკის ნაკრებისაგან. ჩინურ კაფეებს კი პარიზის თითქმის ყველა რაიონში შეხვდებით, მათ შორის რივოლის ქუჩაზე, სენ-მიშელის რაიონში ან დეფანსში.