🇫🇷 ფილმი “შუაღამე პარიზში” დროში მოგზაურობას ჰგავს, რომლის ყურების შემდეგაც პარიზს მიეშურები, ღამით მის ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებში დახეტიალობ და “შენს ჯადოსნურ ეტლს” მოუთმენლად ელი. საფრანგეთის დედაქალაქში ის განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება, რომელიც რომანტიკულ მოგზაურობას გპირდება, უკან “ლამაზ ეპოქაში”. გიჩნდება ფიქრები, იქნებ მართლაც სხვა პერიოდს ეკუთვნი, სხვა რიტმს. გეუფლება განცდა, თითქოს შენი თავის სხვა ვერსიაც არსებობს, იქ პარიზის ქუჩებში.
🌙ეს ქალაქი პირველად მართლაც საღამოს ვნახე. ის მშვიდად შემხვდა, თითქოს მთელი ცხოვრება მელოდა. სენა შენობებს და ქუჩის სინათლეებს ირეკლავდა და როცა ეიფელის კოშკი მთელი თავისი დიდებულებით განათდა, ვიგრძენი რომ “შუაღამე პარიზში” არა ფანტაზია, არამედ შესაძლებელი რეალობა იქნებოდა.
🥰 აქ ყველა ხიდი სხვადასხვა პერიოდს შორის გადანაცვლებას ჰგავს. ყველა ძველი შენობა კი ისე გამოიყურება, თითქოს ახსოვს ყველაფერი, რაც შენ არ იცი, მაგრამ ამოუხსნელად გენატრება. აქ წარსული ყველა კედლიდან დაკვირვებით იყურება. შებინდებისას ხვდები, რომ ნოსტალგია მხოლოდ წარსულს არ ეხება. ხანდახან ის საკუთარი თავის იმ ვერსიას განატრებს, რომელსაც ჯერ არ შეხვედრილხარ.
🎶 სადღაც ქუჩაში, ვიოლინოს ხმას მოკრავ ყურს. გაჟღერებულს არა ხალხისთვის ან აპლიოდისმენტებისთვის, არამედ უბრალოდ ღამისთვის. პარიზი ნელ-ნელა არა უბრალოდ შენი სამოგზაურო მიმართულება, არამედ ხასიათი ხდება. საუბარი შენ თავთან. აქ შენი პრობლემები და ეჭვები თითქოს პატარავდება, რადგანაც პარიზი გასწავლის როგორ შეიმსუბუქო ის და ცხოვრება უფრო ლამაზ ფერებში აღიქვა.
🖤 პარიზულ კაფეში ჯდომისას განსაკუთრებულ კომფორტს შეიგრძნობ. დილაობით კაფეები მორიგეობით იღვიძებენ. ქუჩას მოძრაობა იპყრობს და წინა ღამის მაგიურობა სულაც არ ქრება, ის უფრო მშიდი ხდება. ისეთი, როგორსაც მხოლოდ შენ შეიგრძნობ. პარიზი შენს კითხვებს კი არ პასუხობს, არამედ თავად გისვამს მათ: ვინ იყავი იქამდე, სანამ ამას სამყარო გიკარნახებდა? ხარ თუ არა საკმარისად მამაცი, იცხოვრო გაურკვევლობასა და ეჭვებში დიდხანს? პარიზში მოგზაურობა შენში განსაკუთრებულ ნაპერწკალს აჩენს და გონებაში ჰემინგუეის ცნობილ ფრაზას გიტივტივებს: “პარიზი დღესასწაულია, რომელიც არასდროს გტოვებს”.