ორ მდინარეს შორის, მთების ძირას არსებული ქალაქი მონტოლიო კლასიკური ფრანგული ქალაქგარე დასახლებაა. ამ სოფელში ბოლო 30 წელია აქტიურად ემსახურებიან ხელოვნებას. მონტოლიოში 1000-მდე მაცხოვრებელი, თუმცა ძალიან ბევრი წიგნის მაღაზია და 20-ზე მეტი ხელოვნების სტუდიაა. მის ქუჩებში შეირნობა ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკაში სეირნობას ჰგავს.

“წიგნებისა და ხელოვნების სოფლად” წოდებული მონტოლიო 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს კარკასონიდან და 45 წუთის სავალ გზაზე ტულუზიდან. აქ მეორადი წიგნების და ხელოვნების ნივთების მაღაზიები და წიგნებისა და ხელოვნების მუზეუმებია. ნახავთ ბევრ რესტორანსაც საფრანგეთის ამ ქალაქში სასიამოვნო დღის გასატარებლად.

ამ სოფელში წლის მანძილზე ათასობით ვიზიტორი უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ხვდება, რომლის რიგებიც ქალაქის ვიწრო ქუჩებია. მაღაზიები კი მის ფარულ კუთხეებსა და ოთახებში იმალებიან. აქ დრო თითქოს ჩერდება და ხელოვნება მისი ყველანაირი ფორმით ჩვენს ცხოვრებაში იჭრება.

გაისეირნეთ ალზოს მდინარის ნაპირებზე, დატკბით მე-18 საუკუნის ხიდით, რომელიც სიმაღლეში 30 მეტრია და გაიარეთ მასზე. ადით სან-როშის (Saint-Roch) მთაზე და გადმოხედეთ სოფლის უნიკალურ პანორამულ ხედებს საუკუნოვანი კვიპაროსებით და ზეთისხილის ხეებით. სოფლის სახელი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “ზეთისხილის ხეების მთას”.

მონტოლიოს ასევე გადმოჰყურებს წმ ანდრეს ეკლესიის საათის კოშკი. ის 1970-იანი წლებიდან ისტორიულ მონუმენტადაა აღიარებული. სოფლის შთამბეჭდავი ისტორია მე-17 საუკუნიდან მოდის. აქ შალის ინდუსტრია დიდხანს არსებობდა. უკანასკნელი 30 წელია კი მონტოლიო მხოლოდ წიგნის სოფელია სამხრეთ საფრანგეთში.

ამ სოფლის ბედნიერი ისტორია მაიკლ ბრაბანის ენთუზიაზმით დაიწყო. ის ბელგიელი წიგნის მკინძავი იყო, რომელიც კარკასონში ცხოვრობდა და მისი მისიის შესრულებამდე 2 წლით ადრე გარდაიცვალა. ევროპის წიგნის ქალაქის კონცეპტი სწორედ მისი იდეა იყო და მონტოლიოში წიგნის სოფლის შექმნა გადაწყვიტა. მან მიზნად დაისახა აქ წიგნების და ხელოვნების ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვა და გაცვლა ყოფილიყო. მისი პერსონალური წიგნების და ნივთების კოლექციის წყალობით, რომელთა შორის ანტიკური ნიმუშებიც ინახებოდა, და სხვადასხვა დონაციებით, მუზეუმმა კარი 1991 წელს გააღო. მას შემდეგ, აქ ბევრი ღონისძიება გაიმართა: ძველი წიგნების ფესტივალი, სამკითხველო და ინფორმაციული ვორქშოფები, კონფერენციები, გამოფენები და აშ.

წიგნების მაღაზიების უმრავლესობა სოფლის ძველ სახლებშია მოწყობილი. მონტოლიოში მხოლოდ მეორადი წიგნები იყიდება, მათ შორის ძალიან ძველი, იშვიათი და უნიკალური წიგნები. კოლექციონერები აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. ზოგიერთ მაღაზიას თავისი კონრკეტული მიმართულება აქვს: კომიქსები, საბავშვო, ძველი ჟურნალ-გაზეთები… ზოგგან აღმოაჩენთ ვინილებს და პოსტერებსაც. მაღაზიები ღიაა მთელი წლის მანძილზე. ორშაბათობით და სამშაბათობით მათი ნაწილი დაკეტილია.