შუასაუკუნოვანი არქიტექტურიდან მეორე მსოფლიო ომის მუზეუმებამდე, პოლონეთის საპორტო ქალაქი ისტორიის მოყვარულებისთვის და ბიუჯეტური მოგზაურობის მაძიებლებისთვის იდეალური ადგილია. გდანსკი პოლონეთის აუცილებლად სანახავი ადგილია. ჩვენ აქ ყველაზე საინტერესო ადგილებს გირჩევთ.

იშოპინგეთ მარიაცკას ქუჩაზე

Mariacka Street გდანსკის საკულტო ქუჩაა და ყველაზე ფოტოგენურიც კი მთელ ქალაქში. შთამბეჭდავი არქიტექტურული ნიმუშების ხილვის გარდა, აღსანიშნავია, რომ ამ ქვაფენილიან გამზირზე ქარვის სამკაულს ყიდიან. აქ ბრწყინვალე სუვენირებს ნახავთ – მშვენიერ საყურეებს და მინიატურულ ხეებს. ქუჩა წმ. მარიას ბაზილიკას სანაპიროსთან აკავშირებს. აქ ბევრი მყუდრო კაფე და ხელოვნების გალერეაა.

გაირუჯეთ სტოგის პლაზაზე

გსურთ, რომ გდანსკის დატვირთულ ქუჩებს გაერიდოთ? Stogi Plaza ცენტრალური გდანსკიდან ტრამვაით საკმაოდ მოკლე მანძილზეა და გასარუჯად ქვიშიან სანაპიროს გვთავაზობს. აქვეა ბარ-რესტორნები, მაღაზიები, გამოსაცვლელი ოთახები და საჯარო საპირფარეშოები.

დაათვალიერეთ ისტორიული ღირსშესანიშნაობები მდინარე მოტლავას სანაპიროზე

ამ ისტორიულ საპორტო ქალაქში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ მდინარე მოტლავას ნაპირზე არ გაისეირნებთ. აქ ქალაქის შთამბეჭდავ არქიტექტურას დაათვალიერებთ და ფოტოების გადასაღებად ბევრგან შეჩერდებით. ზაფხულში აქ კიდევ უფრო ბევრი აქტივობაა.

დაბრუნდით უკან დროში მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში

2017 წელს გახსნილი ეს მუზეუმი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ის მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეხება, მის გავლენას პოლონეთზე. აქ გიდის ტურები რამდენიმე საათიც კი გრძელდება.

ეწვიეთ მემორიალურ მონუმენტს

Westerplatte – პოლონეთის გმირული ძალისხმევის აღმნიშვნელია ნაცისტების წინააღმდეგ. სწორედ აქ დაიწყო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს. გაისეირნეთ სპეციალურად მოწყობილ ბილიკზე. აქ გდანსკიდან ადვილად და სწრაფად მოხვდებით ნავით.

იხილეთ წმ. მარიას ბაზილიკა

ეს ბაზილიკა მსოფლიოს უდიდეს აგურის ტაძრად ითვლება და მას გდანსკში აუცილებლად შენიშნავთ. ეს ლამაზი, გოთიკური სტილის მე-15 საუკუნით დათარიღებული ბაზილიკა ქალაქის თავზეა მოქცეული. გრანდიოზული ზომის გამო, ის 25 000 ადამიანს იტევს. საათის კოშკიდან შეგიძლიათ ქალაქს გადმოხედოთ, თუმცა 400 საფეხურის ავლა მოგიწევთ.

გაისეირნეთ ულიკა დლუგაზე

Ulica Długa – პოლონურად გრძელ რიგს ნიშნავს. ის ოქროს კარიბჭეს მწვანე კარიბჭესთან აკავშირებს. საკულტო კარიბჭეებს შორის თქვენ პასტელური ფერების სახლებს, მაღაზიებს და კაფე-რესტორნებს შენიშნავთ. აქ მდებარეობს ისტორიული მერიის შენობა, ნეპტუნის შადრევანი და ოქროს სახლი.

გაჩერდით საზღვაო მუზეუმთან

The Crane – გდანსკის სანაპიროს სიმბოლოა. აქაური პორტი საზღვაო კავშირების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა წლების მანძილზე. დღეს აქ არსებული საზღვაო მუზეუმი გდანსკის საზღვაოსნო ისტორიას გვიყვება.

შედით ოლივა კათედრალში

Oliwa Cathedral – ოლივკის პარკში მდებარე უჩვეულო ინტერიერის მქონე შენობაა. ოლივა მომნუსხველი არქიტექტურით და ორღანის კონცერტებით მთელ პოლონეთშია სახელგანთქმული. გარშემო არსებული ბოტანიკური ბაღები კი ქალაქისგან განტვირთვას ემსახურება.

აბატების სასახლე

ეს როკოკოს მშვენებაც (Abbots’ Palace) ოლივას პარკში მდებარეობს. მისი მონახულება მხოლოდ მისი ეზოსთვისაც კი ღირს – გამორჩეული სასეირნო ბილიკებით და სიმწვანით. შენობის ერთი ნაწილი მე-15 საუკუნით თარიღდება, მეორე კი მე-17 საუკუნით. აქ გდანსკის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს, ახალგაზრდა არტისტების გამოფენით.