თუ აპირებთ, რომ ბელგიას ესტუმროთ, აუცილებლად მოინახულეთ მისი მომხიბვლელი სოფლები და პატარა ქალაქები. ჩვენ ამ ქვეყნის ყველაზე ლამაზ ადგილებს წარმოგიდგენთ, მდიდარს კულტურით, ისტორიით და ლანდშაფტით.

Torgny/ტორნი

ბელგიის სამხრეთით მდებარე ტორნი, მზიანი მიკროკლიმატით გამოირჩევა და ის საუკეთესო ადგილია ღვინის დასაყენებლად. ორქიდეებით და ვენახებით გარშემორტყმული ბეჟი ფერის შენობები და კოტეჯები, სამხრეთ საფრანგეთის ატმოსფეროს წააგავს და ქალაქს რომანტიკულ მიმართულებად აქცევს.

Bouillon/ბუიო

ამ პატარა ქალაქს მეათე საუკუნის დროინდელი ბრწყინვალედ შემონახული ციხესიმაგრე გადმოჰყურებს. აქ ბევრი სასეირნო ბილიკია. ბუიოს ლუდსახარშში შეგიძლიათ ლუდის დაგემოვნების ტურზეც ჩაეწეროთ, სადაც ამ ალოკოჰოლური სასმლის 300-მდე სახეობის შემოთავაზება შეუძლიათ.

Bastogne/ბასტონია

ბელგიისა და ლუქსემბურგის საზღვართან მდებარე ეს ქალაქი არის ადგილი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ათასობით ჯარისკაცი დაიღუპა. ბასტონიის ომის მუზეუმი საშუალებას მოგცემთ ბევრი გაიგოთ იმ პერიოდის შეასხებ. ასევე, დაათვალიერეთ მშვიდობის ტყე, სადაც 4000-მდე ხეა დარგული.

De Haan/დე ჰაანი

დე ჰაანი პატარა ლამაზი სოფელი და საზღვაო კურორტია. აქ 30-იანი წლების არქიტექტურა და სიმშვიდე მოგხიბლავთ. დე ჰაანში დასვენება მშვენიერ გარემოში სეირნობას, ხელბურთის თამაშს, ქვიშის სასახლეების აშენებას, ცურვას და ველოსიპედით სიარულს გულისხმობს.

Crupet/კრუპეტი

ეს ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სოფელი, ულამაზესი მე-13 საუკუნის დროინდელი ციხესიმაგრით გამოირჩევა. აუცილებლად მოინახულეთ ბიბლიური სცენებით გაფორმებული წმ. ანტონის გამოქვაბულიც.

Waterloo/ვატერლოო

ისტორიის მოყვარულებისთვის ვატერლოო იდეალური მიმართულებაა. აქ იხილავთ ადგილს, სადაც ცნობილი ვატერლოოს ბრძოლა მოხდა. მთავარი ღირსშესანიშნაობა ლომის ქანდაკება და მემორიალური მუზეუმია.

Durbuy/დუღბუი

დუღბუი მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქად ითვლება და მე-17 საუკუნით თარიღდება. მთებში მდებარე ეს მშვენიერი ადგილი მაღალი დონის რესტორნებით, სალაშქრო და საველოსიპედო ბილიკებით და ქვაფენილიანი ქუჩებით ხასიათდება. აქ გემრიელ ბელგიურ ლუდსაც დააგემოვნებთ.

Dinant/დინანტი

აქ მოხვედრისას, თავი ზღაპრულ სამყაროში გეგონებათ. დინანტი საქსოფონის გამომგონებლის, ადოლფ საქსის მშობლიური ქალაქია. მისი სახლი ვიზიტორებისთვის ღიაა. ასევე, ეწვიეთ მე-13 საუკუნის ეკლესიას და დააგემოვნოთ ადგილობრივი უგემრიელესი ბისკვიტები.

Veurne/ვორნი

ვორნი პატარა მშვიდი ქალაქია, რომლის არქიტექტურამაც ის ბელგიაში აუცილებლად სანახავ ქალაქად აქცია. ქალაქის მოედანი – Grote Markt ვორნის მთავარი ღირსებაა და გამორჩეული მერიის შენობით ბრწყინავს. აქვეა ვალბურგას პარკი ეკლესიით, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება.

Rochefort/როჩეფორტი

როჩეფორტსაც თავისთვის დამახასიათებელი უნიკალური შარმი აქვს. დღეს ის საოცარი სიმშვიდით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს გამუდმებული კონფლიქტის ადგილი იყო – საფრანგეთის რევოლუციის და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ბეჰონიის ქუჩა ქალაქის კულტურული ცენტრია, სადაც უძველესი სასახლის ნანგრევებსაც ნახავთ. ლუდის მოყვარულებს კი გეტყვით, რომ აქ ლუდს 1595 წლიდან ხარშავენ და როჩეფორტის ლუდი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა.

Malmedy/მალმედი

კიდევ ერთი საყვარელი, შუასაუკუნოვანი ბელგიის ქალაქი გერმანიის საზღვართან მდებარეობს და რამდენიმე ისტორიული შენობით დაიკვეხნის. მათ შორის მალმედის კათედრალით.