პოლონეთის სიდიდით რიგით მესამე ქალაქი ლოძი ყოფილი ინდუსტრიული დასახლებაა, რომელმაც საკუთარი თავი ხელოვნების და კულტურის საშუალებით ააღორძინა. ის ცნობილი იყო ტექსტილის წარმოებით ქარხნებში, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტიპის ჰაბებად იქცა. ხანდახან მას “პოლონურ მანჩესტერს” უწოდებენ. ლოძი ხშირად იჩრდილება ქვეყნის სხვა ქალაქების: კრაკოვის, ვარშავას და ვროცლავის გამო, თუმცა აქ ბევრი გასაოცარი და ლამაზი სანახაობაა ჩვენ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ.
წადით მანუფაქტურაში
Manufaktura – ყოფილი ქარხანაა, რომელიც ქალაქის მთავარი ინდუსტრიული სივრცე იყო. ის ახლა თანამედროვე კომპლექსად იქცა, სადაც იპოვნით სანაპიროს, სავაჭრო სივრცეს 300 მაღაზიით, სასტუმროს, რესტორანს, კინოთეატრს, გასართობ სივრცეს, მუზეუმს და საცურაო აუზს. იმისათვის, რომ ამ ადგილის ისტორია შეიტყოთ, დაათვალიერეთ მუზეუმი. მანუფაქტურა ცოცხალი ადგილია, ინდუსტრიული მემკვიდრეობის გადახალისების მშვენიერი მაგალითი. თუ გიყვართ შოპინგი და ისტორია, ეს ადგილი არ უნდა გამოტოვოთ.
მისამართი: Drewnowska 58
ეწვიეთ ქალაქ ლოძის მუზეუმს
იზრაელ პოზნანსკიმ საკუთარი თავისთვის მდიდრული სასახლე ააგო, რომელიც მოგვიანებით ქალაქის მუზეუმად იქცა. სასახლის ინტერიერი ნამდვილად მოგაჯადოვებთ. ლეგენდის თანახმად, როცა პოზნანსკის ჰკითხეს რა სტილში სურდა სასახლის მოწყობა, მან უპასუხა: “მე მაქვს საკმარისი ფული, რომ ერთ ჭერქვეშ ყველა სტილი მქონდეს!” მუზეუმი წარმოგვიდგენს ლოძის ისტორიას. ერთ-ერთი სექცია ეძღვნება არტურ რუბინშტეინს, რომელიც ლოძში დაიბადა.
მისამართი: Orgrodowa 15
გაისეირნეთ პიოტრკოვსკას გამზირზე
Piotrkowska Avenue – ლოძის ცენტრალური არტერიაა, რომელიც 4 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი მაღაზიებითა და რესტორნებით, გამზირი დღის ნებისმიერ დროს სიცოცხლითაა სავსე. ქუჩას ატიპიურს ხდის მისი არქიტექტურა, რადგანაც გვერდიგვერდ მდებარე შენობები განსხვავებული სტილითაა აგებული.
აღმოაჩინეთ ქუჩის ხელოვნება
ლოზში 70-ზე მეტი შენობაა მოხატული. ზოგიერთი მათგანი პატივს სცემს ქალაქის ისტორიას ან არტურ რუბინშტეინს.
შედით ლოძის კათედრალში
მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული კათედრალი სიმაღლეში 104 მეტრია და ბრწყინვალე არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. ის ქალაქის შუაგულში მდებარეობს.
ეწვიეთ კინოს მუზეუმს
ლოძის ერთ-ერთ ინდუსტრიულ სასახლეში მდებარე კინოს მუზეუმი ძალიან პოპულარულია, რადგანაც ქალაქში ცნობილი კინოსკოლა მდებარეობს. აქ წარმოდგენილია კინემატოგრაფიული ტექნიკების ევოლუცია და ფილმები, რომლებიც ლოძში გადაიღეს.
გაისეირნეთ ზროდლისკას პარკში
Zródliska Park – კინოს მუზეუმთან მდებარე ეს პარკი რამდენიმე ასწლოვან ხეს აერთიანებს. ეს სასიამოვნო ადგილია სასიეირნოდ და რელაქსაციის მისაღებად.
ეწვიეთ ტექსტილის მუზეუმს
ძველი თეთრი ქარხანა დღეს ქსოვილის მუზეუმია, რომელიც ვინტაჟურ საკერავ მანქანებს და სხვა საინტერესო არტეფაქტებს წარმოგვიდგენს. მუზეუმის უკან, სახლები წარმოგვიდგენენ მკერავების ცხოვრებას საუკუნეების წინ.
ესტუმრეთ ქალაქის ზოოპარკს
ლოძში რამდენიმე გადაშენების პირას მყოფი ცხოველია. ქალაქის ზოოპარკში მათ იხილავთ და მოინახულებთ სპილოებს თავიანთ აბაზანებში.
ჰერბსტის სასახლე და მუზეუმი
Herbst Palace and Museum – ეს უზარმაზარი სასახლე პატარა ლამაზი ტბის სიახლოვეს მდებარეობს. ის ქალაქის დიდმა ინდუსტრიულმა ოჯახმა ააგო. დღეს აქ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია და პოლონელ და ევროპელ არტისტებს წარმოგვიდგენს.
იპიკნიკეთ მიკიევსკას პარკში
ლოძში ბევრი ლამაზი პარკია, სადაც გაისეირნებთ, გაირუჯებით და პიკნიკს მოიწყობთ. Mickiewicza Park ერთ-ერთი მათგანია. ის არაა შორს ქალაქის ცენტრიდან. აქ დიდი ტბა, კუნძული და ულამაზესი ბუნება დაგხვდებათ. პარკში მდებარეობს ამფითეატრიც, სადაც ხანდახან კონცერტები ტარდება.