იქიდან გამომდინარე, რომ ამსტერდამი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმართულებაა, აქ მუზეუმებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ჰოლანდიური დედაქალაქის მდიდრულ მემკვიდრეობას იხილავთ უამრავ გალერეებსა და მუზეუმებში, რომელიც მოგიყვებათ ქალაქის ლეგენდებსა და ისტორიაზე. 

გაითვალისწინეთ, რომ Amsterdam City Card-ის შეძენის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ შეხვიდეთ ყველა ძირითად მუზეუმში, ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და გაისეირნოთ კრუიზით ამსტერდამის არხებში. 

ანა ფრანკის სახლი

Prinsengracht – ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქუჩაა, სავსე მწვანე ხეებით, ისტორიული ჰოლანდიური შენობებითა და ნავებით არხების გასწვრივ. ანა ფრანკი და მისი ოჯახი ზუსტად ამ ქუჩაზე მდებარე შენობაში, პატარა ოთახში იმალებოდნენ ორი წლის მანძილზე. ომის დასრულების შემდეგ, ოტო ფრანკი, ფრანკების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, დაბრუნდა ამსტერდამში და ანა ფრანკის სახლი 1960 წლის 3 მაისს გახსნა. მუზეუმის დანარჩენი ნაწილი მიძღვნილია ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის. 2018 წლის 19 ნოემბერს, ორწლიანი აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, მეფე ვილემ-ალექსანდრმა ოფიციალურად გახსნა მუზეუმი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას არა მხოლოდ ანა ფრანკის, არამედ მთლიანი ჰოლოკოსტის ისტორიის გაცნობა შეუძლია. 

Rijksmuseum

წლიურად ორ მილიონზე მეტი ვიზიტორის მიმღები, Rijksmuseum ამსტერდამის ყველაზე ცნობილ მუზეუმად ითვლება. ხელოვნების 8000 ნამუშევრის ექსპოზიციით მას ხშირად ნიუ-იორკის მუზეუმ Met-ს ადარებენ. 

მუზეუმის მოედანზე მდებარე Rijksmuseum უფასოდ იღებს 18 წლამდე ასაკის ვიზიტორებს (ზრდასრულებისთვის ღირებულება 17.5 ევროს შეადგენს). 

რემბრანდტის სახლ-მუზეუმი

რემბრანდტ ვან რეინის ორიგინალურ რეზიდენციაში მდებარე რემბრანდტის სახლ-მუზეუმი მოიცავს ასობით ნამუშევარს, ნახატებს და ჰოლანდიელი ხელოვანის წერილებს, ასევე თანამედროვე მხატვრებისა და მეცნიერების ქმნილებების დიდ კომპოზიციას. აქ რემბრანდტის ზოგიერთ პირად ნივთსაც იხილავთ, რომელმაც წლებს გაუძლო და აუქციონზეც კი იყო გამოტანილი რამოდენიმეჯერ. 

ვან გოგის მუზეუმი

ვან გოგის მუზეუმი, სადაც ინახება ვან გოგის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექცია, 200-მდე ნახატს და 1000-მდე წერილს ითვლის, რაც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება მისი მხატვრობის მოყვარულთათვის. თითოეული დარბაზი განეკუთვნება ვან გოგის ცხოვრების ცალკეულ პერიოდებს, ამიტომ ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ მისი ნამუშევრების მეშვეობით ვან გოგის ცხოვრების გზა განვლონ. გარდა იმისა, რომ აქ იხილავთ მის ცნობილ ნამუშევრებს, როგორებიცაა „მზესუმზირა“, „მწვანე სახლი“ და მისი ავტოპორტრეტები, ასევე აღმოაჩენთ მის წერილებსაც, რომელიც მის ძმას, ტეოს ეძღვნება და საკმაოდ სახალისოა.

18 წლამდე ადამიანებისთვის შესვლა უფასოა, ზრდასრულებისათვის კი 17 ევროს შეადგენს ღირებულება. 

Street Art Museum Amsterdam

ეს მუზეუმია გალერეისა და სპეციალურi შენობის გარეშე. ქუჩის ხელოვნების მუზეუმი (Street Art Museum Amsterdam) – ოთხკილომეტრიანი მარშრუტია ამსტერდამ ნიუ-უესტიდან, სადაც წარმოდგენილია ხელოვნების 200-მდე ნიმუში – გრაფიტიდან დაწყებული ჩვეულებრივი ნახატებით დამთავრებული. მნახველი გაეცნობა არა მხოლოდ ხელოვნებას, არამედ ისტორიას და ადგილობრივ მოსახლეობას, და ასევე ამსტერდამის სოციალურ პოლიტიკასა და კულტურას. აქ გასეირნება 2 საათამდე გასტანს და იდეალური საშუალება იქნება მოწყდეთ ტურისტულ ზონებს და გამოიკვლიოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამსტერდამის შაბლონურ ადგილებს შეუძლიათ შემოგთავაზონ. 

Museum Van Loon

Keizersgracht კიდევ ერთი საოცარი ქუჩაა ისტორიული არქიტექტურით, რომელსაც სახელი დაერქვა ვან ლუნის ოჯახის საპატივცემულოდ, რომელიც აქ მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა. ზუსტად აქ მდებარეობს ეს მუზეუმი, საოცარი, მდიდრული ბაღით, რომელიც მნახველს საშუალებას მისცემს იმოგზაურონ რომაულ სასახლეში უდიდესი ოთახებითა და სამეფო არქიტექტურით.  

Museum Ons’ Lieve Heer op Solder

Museum Ons’ Lieve Heer op Solder ამსტერდამის ერთ-ერთ ყველაზე ძველ მუზეუმად ითვლება, რომელიც 100 000 – მდე სტუმარს მასპინძლობს ყოველწლიურად. პირველ სართულზე საოცარი ისტორიული ავეჯი და დეკორია, ვიწრო კიბე კი მიგიყვანთ კიდევ უფრო შთამბეჭდავ ადგილამდე. ამ სივრცეს ეძახიან „უფალს სხვენში“, რადგან კათოლიკური ეკლესია ზედა სამ სართულზე იყო აშენებული და იმ დროისთვის საიდუმლო ტაძრად ითვლებოდა, სადაც მორწმუნეები ჩუმად მოდიოდნენ და ლოცულობდნენ, ვინაიდან საჯაროდ ლოცვა მაშინ აკრძალული იყო.