აღმოსავლეთიდან ფრანგული ალპებით და ჩრდილოეთიდან ღვინის რეგიონით, ბურგუნდიით შემოსაზღვრული ლიონი საფრანგეთის ერთ-ერთი ამაღელვებელი ქალაქია. ათასწლოვან ისტორიაში ჩაძირული ლიონი შთამბეჭდავ რომაულ ნანგრევებს და შუსაუკუნოვან არქიტექტურას წარმოგვიდგენს. აქ რამდენიმე უნივერსიტეტი, მუზეუმი, ბაზრობა, ოპერა და კინოთეატრია, თანამედროვე ფრანგული კულტურის გამოსაკვლევად.

დღე 1

დილა

პირველი გაჩერება Presqu’île უნდა იყოს – ქალაქის ტრადიციული ნაწილი. ის ორი მდინარის ნაპირებს შორისაა მოქცეული, რონის და საონის. მოინახულეთ ტეროს სასახლე, ნეოკლასიკური მოედანი, ქალაქის მერია და ბართჰოლდის შადრევანი.

ამის შემდეგ, ეწვიეთ სახვითი ხელოვნების მუზეუმს და შეათვალიერეთ ხელოვნების გასაოცარი კოლექციები. მუზეუმიდან გამოსვლისას, შოპინგ ქუჩისკენ გაეშურეთ, რომელსაც კორდელიერს უწოდებენ. აქ გასეირნება უზარმაზარ ბელეკურის მოედნამდე მიგიყვანთ. ეს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო მოედანია, სადაც ლუი მე-14-ს ქანდაკება და ეშმაკის ბორბალი დგას.

დროა, ფრანგული ლანჩი მიირთვათ. Presqu’île-ზე ნებისმიერ ტერასულ კაფესა თუ რესტორანში ლიონურ კერძებს დააგემოვნებთ. ჩვენ დამპლინგებს გირჩევთ, დესერტად კი ტარტს.

შუადღე

ლანჩის შემდეგ, გადადით პასერელის სან-ჯორჯის ხიდზე რომელიც მდინარე საონზე მდებარეობს და დაათვალიერეთ ძველი ლიონი. ხიდიდან ხედებით ტკბობის შემდეგ, ეწვიეთ სან-ჟანის კათედრალს. ეს რომაულ გოთიკური ეკლესია მე-13 საუკუნეში აშენდა და შესვლა უფასოა.

შემდეგ გაუყევით სან-ჟანის ქუჩას და დაათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები: ტრადიციული თოჯინების მუზეუმი, მშვიდი მაღაზიები და საცხობები. დატკბით რენესანსის დროინდელი ფასადებით.

ძველი ლიონის გამოკვლევის შემდეგ, აყევით რომელიმე ფუნიკულიორს ფურვიერის მთაზე (Fourvière Hill). შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტროს ბილეთი ან ლიონის ქალაქის ბარათი. ეს იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და ლიონის უძველეს ადგილმდებარეობას წარმაოდგენს. აქ ბაზილიკა და ნოტრ დამი დაგხვდებათ, მე-19 საუკუნის ძეგლები. დატკბით პანორამული ხედებით ქალაქზე.

მიაკითხეთ გალურ-რომაულ მუზეუმს, რომელიც რამდენიმე საგამოფენო სივრცეს აერთიანებს ანტიკური არტეფაქტებით. აქვეა ღია ცის ქვეშ არსებული რომაული არენა, რომელიც საფრანგეთის უდიდესი ამფითეატრია. დღეს აქ კონცერტები და სპექტაკლები იმართება.

საღამო

ჩამოდით მთიდან ფეხით ან ფუნიკულიორით ისევ ძველ ქალაქში და მიირთვით ტრადიციული ფრანგული კერძები. ამის შემდეგ კი გაისეირნეთ ძველ ლიონში და დააკვირდით განათებულ შენობებს და ცნობილ ძეგლებს. ლიონის ოპერა განსაკუთრებით მომხიბვლელია ღამით, რომლის შუშის ჭერი ჟან ნუველმა დააპროექტა.

დღე 2

დილა

საუზმის შემდეგ, გამოიკვლიეთ ქალაქის ცოცხალი უნივერსიტეტის გამზირი, შევროლის ქუჩა (Rue de Chevreul) და ჟან-მასის მოედანი (Place Jean-Macé). აქ დააკვირდებით ადგილობრივ და სტუდენტურ ცხოვრებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალაქის ყველაზე ნაკლებად ტურისტულ და მეტად თანამედროვე უბანში!

შემდეგ კი გაუყევით სანაპიროს, რომელსაც Berges du Rhône-ს უწოდებენ. აქ ბევრი სიმწვანე, კაფეები, საველოსიპედო ბილიკები და რეკრეაციული ზონებია.

შუადღე

შემდეგი გაჩერება ბაზრობაა სახელად: Halles de Lyon Paul-Bocuse market, სადაც ქალაქის საუკეთესო საკვებს დააგემოვნებთ. მიირთვით მსუბუქი ლანჩი. აქ სახლში წასაღებ საჩუქრებსაც აარჩევთ.

შემდეგ, გაიარეთ გარიბალდის ქუჩაზე, სანამ ლიონის უზარმაზარი პარკის კარიბჭეს არ მიადგებით. Parc de la Tête d’Or – მწვანე სამოთხეა, ასობით ხით და მცენარით, ხელოვნური ტბებით, საფეხმავლო ბილიკებით და სათამაშო სივრცეებით. მოიწყვეთ პიკნიკი.

პარკიდან მეტროთი Croix-Rousse-ის უბანს მიაკითხეთ, რომელიც ერთ დროს ლიონის ქსოვილის და აბრეშუმის ინდუსტრიის ჰაბი იყო. დღეს ის ბოჰემური უბანია, რომელიც მყუდრო სივრცის ატმოსფეროს ქმნის. დაათვალიერეთ ფასადის მხატვრობები და ქუჩის ხელოვნება.

საღამო

მზის ჩასვლისას, დატკბით ქალაქზე პანორამული ხედებით კოლბერტის მოედნიდან. ადით ლიონის ცნობილ კიბეებზე (Cour des Voraces). მის გარშემო ბევრი სავახშმო სივრცეა ლიონში საოცარი უიქენდის გემრიელად დასაგვირგვინებლად.