დუბროვნიკი იდეალური ადგილია ხორვატიის კუნძულების დასათვალიერებლად. არქიპელაგი პირდაპირ ამ ანტიკურ ქალაქს ესაზღვრება. უბრალოდ გაყევით ბორანს და ჰორიზონტზე ამ გასაოცარ კუნძულებს იხილავთ:

Lokrum/ლოკრუმი

ლოკრუმი დუბროვნიკთან ძალიან ახლოს მდებარეობს და მშვენიერი ადგილია ქალაქისგან დროებით რომ დაისვენოთ. ეს დაუსახლებელი კუნძული ნაპოლეონის დროინდელი ციხესიმაგრით, ბოტანიკური ბაღებით და მარილიანი ტბით ბუნების ერთი დიდი მშვენიერებაა. ნავები ყოველ ნახევარ საათში დადიან და დუბროვნიკის ძველი უბნიდან აქ 20 წუთში შეგიძლიათ მოხვედრა.

Kolocep/კოლოჩეპი

დუბროვნიკიდან ნავით აქაც ძალიან მალე აღმოჩნდებით და ერთ დღიანი ტურისთვის მშვენიერ გადაწყვეტილებას მიიღებთ. კუნძული ფიჭვის ტყეებით, ვენახებით, ზეთისხილის და ციტრუსის პლანტაციებითაა დაფარული. აქ სულ ორი სოფელია, საკუთარი სანაპიროებით.

Korcula/კორცულა

ეს ქალაქი ვენეციელმა მმართველებმა ააგეს და ის მოწყობილი იყო ისე, რომ მაცხოვრებლები ქარებისგან და ზაფხულის სიცხეებისგან დაეცვა. აქ ბევრი სასტუმრო, რესტორანი და ღირსშესანიშნაობაა. მათ შორის წმ. მარკის კათედრალი. აქაა ვენახებიც და დუბროვნიკში სწორედ აქ დამზადებული ღვინო იყიდება.

Sipan/სიპანი

ელაფიტის კუნძულების უდიდესი და ყველაზე განვითარებული კუნძული თავისი მეზობლებისგან, კოლოჩეპისგან და ლოპუდისგან განსხვავებით, მანქანებისგან თავისუფალი არაა, თუმცა მაინც საოცარ სიმშვიდეს გვთავაზობს. აქ რამდენიმე გამორჩეული ეკლესია მდებარეობს. დუბროვნიკიდან სიპანში ბორანით 2 საათი დაგჭირდებათ.

Lopud/ლოპუდი

სამანქანო მოძრაობისგან თავისუფალი ლოპუდი ეგზოტიკური ბაღებით და ლამაზი ციხესიმაგრეებითაა ცნობილი. მას დუბროვნიკთან არსებულ სამოთხეს უწოდებენ. აქ თანამედროვე სანაპირო და პატარა თევზის ბარებია. ქალაქიდან აქამდე 1 საათის გზაა.

Hvar/ჰვარი

ეს კუნძული ბევრი იახტის სახლია. აქ ბევრი ტურისტი რჩება და მათთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი. ჰვარის ნაწილი ვენახებს და ლავანდების მინდვრებს უკავია. დუბროვნიკიდან აქ 3 საათში მოხვდებით.

Lastovo/ლასტოვო

ეს ულამაზესი კუნძული ხორვატიის ყველაზე მშვიდი კუნძულია. აქ დაბინძურება მინიმალურია და მას “კაშკაშა ვარსკვლავების კუნძულს” უწოდებენ. მართლაც, ღამის ცის დასათვალიერებლად ლასტოვო იდეალური ადგილია. თუ დარჩენას გადაწყვეტთ, კუნძულზე რამდენიმე ოჯახური სასტუმრო დაგხვდებათ.