ლატვია ერთგვარი საოცრებათა ქვეყანაა შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეებით და ყველანაირი სტილის საუკუნოვანი შენობებით. ჩვენ ამ ქვეყნის 10 საუკეთესო ქალაქს წარმოგიდგენთ.
რიგა
რიგა ურბანული სილამაზის მაძიებლებს საკმაოდ ბევრ რამეს სთავაზობს. დედაქალაქის ძველ უბანს იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გაისეირნეთ არტ ნუვოს გამზირზე, სადაც ბრწყინვალე არქიტექტურის მომსწრე გახდებით.

საბილე
რიგიდან დასავლეთით აბავას ველზე ამ პატარა ლამაზ ქალაქს აღმოაჩენთ. ის მე-13 საუკუნით თარიღდება. აქ ბევრი ვენახია და ადგილობრივები ივლისის თვეში ყოველწლიურ ღვინის ფესტივალს ატარებენ. საბილეში იხილავთ ღია ცის ქვეშ მუზეუმსაც, რომელზეც სკულპტორმა ფელდბერგსმა იმუშავა. აქ თანამედროვე ხელოვნების ინსტალაციები და კულტურის ღონისძიებები ტარდება.

კულდიგა
კულდიგა ცნობილია როგორც ულამაზესი არქიტექტურის ქალაქი. აქ აღმოაჩენთ ძველ ქალაქს კულდიგას ციხესიმაგრით, რომელიც მე-17-მე-18 საუკუნით თარიღდება. ასევე, 5 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერს.

კანდავა
კანდავაც უძველესი ქალაქია, სადაც ისტორიულ ატმოსფეროში ჩაიძირებით. ძველი ქალაქის მოედანი და ბულვარი სავსეა კომფორტული კაფეებით და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებით. გაისეირნეთ ნეო-გოთიკური სახლების გასწვრივ.

ტალსი
ამ ქალაქს “9 მთის ქალაქსაც” უწოდებენ. მთებსა და ორ ტბას შორის მოქცეულ დასახლებაში საოცრად მშვიდი ატმოსფერო სუფევს. აქ რამდენიმე პარკია თბილი დღეების გასატარებლად.

პავილოსტა
ეს ქალაქი გერმანელმა ბარონმა გააშენა და მოგვიანებით ის გემების მწარმოებელ ქალაქად ჩამოყალიბდა, საკუთარი სათევზაო ნავსადგურით. ბალტიის ზღვის წყალობით პავილოსტა მყუდრო სანაპირო ქალაქია, გემრიელი თევზის კერძებით. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქი ლატვიის ყველაზე მზიანი ადგილია, ზამთრის სეზონზეც კი.

სისასი
Cesis – ცენტრალური ლატვიის ქალაქია, რომელიც მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილს წარმოადგენს. სისასის ციხესიმაგრეში დღეს ისტორიული მუზეუმი მდებარეობს. ესტუმრეთ მის პარკს და დატკბით სასახლის გარშემო სეირნობით. მოინახულეთ წმ. ჯონის ეკლესიაც.

დობელე
დობელე ქვის ხანიდან იყო დასახლებული და არაა გასაკვირი, რომ ბევრ საინტერესო ადგილს მალავს. მოინახულეთ დობელეს სასახლის ნანგრევები და უძველესი ტაძრები. თუ აქ გაზაფხულზე მოხვდებით, ლილიების ფესტივალს იხილავთ, ზაფხულში ანტიკური ციხესიმაგრის ფესტივალს, შემოდგომაზე ვაშლის, ხოლო ზამთარში თოვლის კაცების ფესტივალს დაესწრებით.

კრასლავა
კრასლავას ლატვიის და ბელარუსის საზღვართან აღმოაჩენთ, ლამაზი ბუნებითა და პარკებით. ის მთაზე მე-13 საუკუნეში გაშენდა და რელიგიურ ადგილს წარმოადგენდა. ამ ქალაქის ხილვა მისი კულტურული მემკვიდრეობის გამოც ღირს.

ლუდზა
ქვეყნის ყველაზე ძველი ქალაქი მნიშვნელოვან კულტურულ ჰაბს წარმოდგენს. უძველესი დროიდან აქ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები იყრიდნენ თავს. აქ ცხოვრობდა ემიგრაციაში მყოფი ესტონური ჯგუფიც, რომლებმაც გარკვეულწილად, ესტონური ენა და ტრადიციები დაამკვიდრეს. თუ ამ არეალის ისტორია გაინტერესებთ, ლუდზას ისტორიულ მუზეუმს ეწვიეთ.











