ქვის საოცარი ფორმაციები და ცაში მიმოფანტული უამრავი საჰაერო ბუშტი, კაპადოკიას თურქეთის პოპულარულ მიმართულებად აქცევს.
სად არის კაპადოკია?
ეს ცენტრალური ანატოლიის რეგიონი სტამბოლიდან 8 საათის სავალზეა, სარფიდან კი 11 საათის. იქ არსებული ქვის უცნაური ფორმები, რომლებსაც გეოლოგიურ საოცრებებს ეძახიან, ვულკანური წარმონაქმნების შედეგია. ამ უნიკალურ ადგილას ლაშქრობა საინტერესო გამოცდილებაა.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
თუ საჰაერო ბუშტით სარგებლობა გსურთ, გონივრული იქნება თუ მას 1-2 თვით ადრე დაჯავშნით. ყოველ დილას აქ 100-ზე მეტი ბუშტი ფრინდება, თუმცა ყველა მათგანი სავსეა და არ ღირს ამ მაგიური შთაბეჭდილების გამოტოვება. ეკონომ-კლასის ბუშტები 16 ადამიანს იტევენ, უფრო ძვირადღირებულები კი ნაკლებს. თითოეული მათგანი აღჭურვილია პილოტის მომსახურეობით და სპეციალური ატრიბუტებით. ფრენების ხანგრძლივობა ძირითადად 60/90 წუთია.
საუკეთესო სეზონი კაპადოკიაში მოგზაურობისთვის
კაპადოკიაში ასობით საჰაერო ბუშტი დაფრინავს წლის 250 დღეს. სეზონი აპრილში იხსნება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს, რადგანაც, დეკემბრისა და მარტის შუალედში ქარები, ნისლი და თოვლი იცის. საჰაერო ბუშტების ფესტივალი კი ივლისში ტარდება. ამ დროს აქ ყოფნა განსაკუთრებით ამაღელვებელია.
სხვა აქტივობები კაპადოკიაში
აქ სხვადასხვა ტურები ტარდება: მიწისქვეშა ქალაქების, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმების, არქეოლოგიური ნანგრევების თუ ციხე-სიმაგრეების მონახულება. მეტი ადრენალინისთვის იუნესკოს დაცული ტერიტორიის გამორჩეულ ლანდშაფტში ველოსიპედით სეირნობაც შეგიძლიათ. განსხვავებული გამოცდილებისთვის, დაჯავშნეთ 1 ღამე გამოქვაბულის სასტუმროში. უძველეს გამოქვაბულებში დღეს მაღაზიები, კაფეები და საცხოვრებლებია მოწყობილი.
გორემის ეროვნული პარკი/Göreme National Park
გორემის ეროვნული პარკი იუნესკოს დაცული ძეგლია. ეს უნიკალური დასახლება მეოთხე საუკუნით თარიღდება. აქ მოხვედრისას თავი ზღაპრულ სამყაროში გეგონებათ.
სელიმის მონასტერი/Selime Monastery
ეს უდიდესი რელიგიური სტრუქტურაა კაპადოკიის რეგიონში. ქვებში არსებულ მონასტერში ფრესკები, კიბეები, საიდუმლო გზები და ადრეული ცივილიზაციის ნიშნები დაგხვდებათ. სელიმი მე-16 საუკუნის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.
უჩისარის სასახლე/Uçhisar Castle
60 მ.-ზე მაღალი ქვის ციხესიმაგრე რეგიონს მედიდურად გადმოჰყურებს. ეს იყო სოფელი, რომელიც მტრის შემოსების დროს მძევლების განსათავსებლად იყენებდნენ. ამ ადგილას საღამოს უნდა მიხვიდეთ, რათა ცნობილი კაპადოკიური მზის ჩასვლა იხილოთ.
პასაბაგი/Paşabağ
ეს კაპადოკიის საუკეთესო ადგილია ქვის კოშკურების დასათვალიერებლად. ზღაპრული სვეტები ფოტოგენურ, უნიკალურ ფონსაც შეგიქმნით.
დერინკუიუ/Derinkuyu
ეს მიწიქვეშა ქალაქია – 8 სართულით, სადაც ერთ დროს 20 000 ადამიანი ცხოვრობდა! ისინი აქ დამპყრობლებს ემალებოდნენ. დღეს ქალაქი საჯაროდაა ღია.
ვარდების ველი/Rose Valley
ეს ქვების მდელოა, რომელიც იქამდეა გადაჭიმული, სადამდეც თქვენი თვალი სწვდება. გამოიკვლიეთ მიდამო ფეხით და მიადექით გადმოსახედს კაფით, სადაც ბევრ ლამაზ ფოტოს გადაიღებთ.