ჩეხეთში ბევრი ლამაზი ქალაქი და სოფელია უნიკალური ისტორიით, შარმით, სილამაზითა და ხედებით. ჩვენ რამდენიმე მათგანს გირჩევთ.
კრომერიზი/Kroměříž
კრომერიზი ქვეყნის ყველაზე მომხიბვლელი ისტორიული ქალაქია. ის 1260 წელს დაარსეს, თუმცა ოცდაათწლიანი ომის შემდეგ დაზიანდა და მე-17 საუკუნეში ახლიდან ააშენეს. სასახლე და ყვავილების ბაღი იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაშია შესრული და თუ მას ზაფხულში ესტუმრებით, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

ოლემუჩი/Olomouc
ოლემუჩი ერთ დროს მორავიას დედაქალაქი იყო და მდიდარი ისტორიით გამოირჩევა. დღეს ის ცოცხალი სტუდენტური ქალაქია ლამაზი და ისტორიული მონუმენტებით. მთავარ მოედანზე წმინდა სამების სვეტებს იხილავთ, რომლებიც იუნესკოს დაცული ძეგლებია. აქვეა ასტროლოგიური საათიც.

ჩესკი-კრუმლოვი/Český Krumlov
ჩესკი-კრუმლოვი ჩეხეთში მოგზაურ ტურისტებში საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. თუმცა, აქ დატვირთულ სეზონზეც რომ ჩამოხვიდეთ, მაინც შეძლებთ მშვიდად დააკვირდეთ რენესანსის დროინდელ ქალაქს. გაუყევით ვიწრო ქუჩებს ცენტრში, დაათვალიერეთ სასახლე… აქაური ნაგებობები მე-14/მე-17 საუკუნეებითაა დათარიღებული და ერთ პატარა ქალაქში მრავალფეროვანი არქიტექტურაა თავმოყრილი.

კუტნა ჰორა/Kutná Hora
ყველაფერი მონასტრით დაიწყო და შემდეგ, ვერცხლის მაღაროს წყალობით, მსხვილ ქალაქად გარდაიქმნა. კუტნა ჰორა მე-13/მე-16 საუკუნეებში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო. წმ. ბარბარას ეკლესია გვიანდელი გოთიკური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია. აქ მოსახვედრად პრაღიდან სულ რაღაც 45 წუთი დაგჭირდებათ.

ტელჩი/Telč
ტელჩი გოთიკური ციხესიმაგრის გარშემო აშენდა, მაგრამ ქალაქს შესაშური რეპუტაცია რენესანსის დროინდელმა შენობებმა შეუქმნა. პატარა ქალაქის კვალობაზე, მოედანი საოცრად ფართოა და თუ ცენტრში წახვალთ, თავს ფერადი შენობებით გარშემორტყმულს აღმოაჩენთ. აუცილებლად მოინახულეთ რენესანსის შატო.

მარიანსკაია ლაზნა/Mariánské Lázně
ქვეყნის დასავლეთ ნაწილი ევროპაში სპა მიმართულებად იყო ცნობილი. დიდი პოპულარობის გამო, მარიანსკაია ლაზნა მალე სხვა მხრივაც განვითარდა და შთამბეჭდავ ქალაქად ჩამოყალიბდა, ისტორიული შენობებითა და ძეგლებით. აქ სეირნობა ჯანმრთელობისთვის ნამდვილად სასარგებლოა.

ლიბერეკი/Liberec
ლიბერეკი ჩეხეთის რიგით მეხუთე უდიდესი ქალაქია, მაგრამ თავს მაინც პატარა ქალაქში გაგრძნობინებთ. ალბათ იმიტომ, რომ სულ მთებითაა გარშემორტყმული. ერთ დროს გერმანული რეგიონის დედაქალაქი, შენობებით გერმანიის ტიპურ ქალაქს მოგაგონებთ. ქალაქის მერია ვენის მერიის მცირე ვერსიაა, იგივე არქიტექტორის მიერ აგებული. ხეებიანი ქუჩები, ძველი სახლები და მთები ლიბერეკს ქვეყნის ულამაზეს ადგილად აქცევს.

ტრებიჩი/Třebíč
მორიგი შთამბეჭდავი ქალაქი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. დაათვალიერეთ ებრაული უბანი თავისი სასაფლაოთი. აქაური ბაზილიკა მე-12 საუკუნითაა დათარიღებული. ლუდის მოყვარულები Podklášterní-ს ლუდსახარშს უნდა ეწვიონ, ავთენტური ჩეხური გემოს გასაგებად.

ლიტომერიჩი/Litoměřice
ჩეხეთის ჩრდილოეთით მდებარე ეს ქალაქი მეორე საუკუნიდანაა დასახლებული. მართალია იმ პერიოდისას ვერაფერს მიაგნებთ, მაგრამ ბევრ რენესანსის და ბაროკოს სტილის არქიტექტურას გადააწყდებით. ლიბერეკის მსგავსად, ლიტომერიჩი გერმანელებით იყო დასახლებული და ეს შენობებზეც იგრძნობა. ნახევრად მთიანი არეალი ქალაქს მეტ შარმს და მშვიდ ატმოსფეროს სძენს. საინტერესოა, რომ აქ მიწისქვეშა გვირაბებს იხილავთ, რომლებიც საჯაროდაა ღია. პრაღიდან ერთი საათის სავალ გზაზე ლიტომერიჩი ნამდვილად გაგაოცებთ.

ტაბორი/Tábor
ტაბორს გასაოცარი ისტორია აქვს. ის რადიკალური ჯარისკაცების ჯგუფმა დაარსა, ჰუსიტური ომების დროს. ამიტომაც, ქალაქი სტრატეგიულადაა გაშენებული – მთაზე ციხესიმაგრეებით და გვირაბებით. ომთან კავშირის მიუხედავად, აქ რენესანსის არქიტექტურას იხილავთ და ქალაქზე ბევრ ლამაზ ხედს აღმოაჩენთ.











