პლოვდივი ბულგარეთის სიდიდით რიგით მეორე ქალაქია და ბევრი ტურისტის საყვარელი ადგილი. აქ მდიდარი კულტურა, ლამაზი ანტიკური შენობები და სასიამოვნო ატმოსფეროა, რაც ბევრ ვიზიტორს იზიდავს. ჩვენ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ:

  • ანტიკური ამფითეატრი

ანტიკური თეატრი პლოვდივში, მთაზე მდებარეობს და გვთავაზობს ხედებს ქალაქის დატვირთულ ბულვარზე. მას ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ძველი რომაული დეტალები. ამ კონკრეტულ ამფითეატრს რომაელები გასართობად არ იყენებდნენ, აქ ეწყობოდა თანამდებობის პირების და ქვეყნის მმართველების შეხვედრები. გამართულა გლადიატორთა ბრძოლაც. დღეს აქ ლაივ კონცერტს ან საოპერო შესრულებას მოისმენთ ზაფხულის პერიოდში.

  • რომაული სტადიონი

რომის კონტროლის დროს, პლოვდივს ეწოდებოდა: ფილიპოპოლისი. მის სტადიონზე მასშტაბური ღონისძიებები ტარდებოდა. დღეს სტადიონი საფეხმავლო ქუჩის ქვეშაა დამარხული და მხოლოდ მისი ნაწილის დათვალიერებაა შესაძლებელი. თუ კიბეებს ჩაუყვებით იხილავთ მოკლე 3D ფილმს სტადიონის შესახებ.

  • ძველი ქალაქი

პლოვდივის ძველი უბანი ქალაქის მთაზე მდებარეობს. ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი, რადგანაც საფეხმავლო ქუჩებზე სასიარულო ბევრია. აქ ბევრი აღორძინების ხანის სახლებია თავმოყრილი და დღეს ისინი მუზეუმებად არიან ქცეულნი. აღსანიშნავია ბალაბანოვის სახლი, ეთნოგრაფიული მუზეუმი და ისტორიის მუზეუმი. აუცილებლად უყურეთ მზის ჩასვლას მთიდან.

  • კაპანას გამზირი

Kapana Art District – ბულგარულად ნიშნავს “მახეს, ხაფანგს” და ლეგენდის თანახმად, როგორც კი მასში შეაბიჯებ, მაშინვე იკარგები. მისი საშუალებით ვერ მიდიხარ კონკრეტულ ლოკაციაზე, რადგანაც ქუჩები გერევა და ჩიხში ასრულებ. დღეს კაპანა ცოცხალი ხელოვნებით გაჟღენთილი გამზირია ბარებით, მაღაზიებით, ატელიებით და ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ფესტივალებს.

  • მომღერალი შადრევნები

ცარ სიმეონის ბაღის (Tsar Simeon Garden) შუაში, მომღერალ შადრევნებს გადააწყდებით, რაც მნიშვნელოვანი მიზეზია ეწვიოთ პარკს ღამით. ზაფხულის საღამოების დროს, აქ მუსიკა და სპეციალური განათებები ირთვება და შოუ იწყება.

  • მეჩეთი

Dzhumaya Mosque – პლოვდივის მთავარ საფეხმავლო ქუჩაზე მდებარეობს, რომაული სტადიონის გვერდით. მისი სახელი აღნიშნავს “პარასკევის მეჩეთს” და მუსლიმების მთავარი მეჩეთია. მის სიახლოვეს მდებარეობს თურქული კაფეტერია, სადაც გემრიელ ყავას და ტკბილეულს დააგემოვნებთ.

  • როუინგის არხი

The Rowing Canal – პოპულარული ადგილია, სადაც ადგილობრივები დარბიან, ველოსიპედით დადიან ან სეირნობენ. მას ხანდახან იყენებენ სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლად. ახლოსაა პლოვდივის ზოოპარკიც.

  • ბუნების ისტორიის მუზეუმი და პლანეტარიუმი

პლოვდივის ბუნების მუზეუმი და პლანეტარიუმი ქვეყნის განსაკუთრებული მუზეუმია, სადაც იხილავთ დოკუმენტურ ფილმებს სამყაროზე და ჩვენს პლანეტაზე.

  • არქეოლოგიური მუზეუმი

პლოვდივი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორიაც ჩვ.წ.-მდე 4000 წელს იწყება. ამიტომაც, აუცილებლად უნდა ეწვიოთ არქეოლოგიურ მუზეუმს, რომელიც ბულგარეთის ისტორიას ყვება.

  • საბავშვო რკინიგზა

თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, აუცილებლად შეუერთდით ამ მინი-მატარებელს, რომელიც პლოვდივის ერთ-ერთ მთაზე აგიყვანთ. მატარებლით მგზავრობა შეუძლიათ პატარებს ზრდასრულებთან ერთად. ეს მატარებელი დღეში რამდენიმე რეისს ასრულებს.

  • აქუალენდი

პლოვდივს საკუთარი წყლის პარკი აქვს. პლოვდივში ყოფნისას არ გჭირდებათ რომ ზღვისპირას წახვიდეთ, აუზით და წყლის აქტივობებით ქალაქშიც გაერთობით. აქ მრავაფლეროვანი სასრიალოები და რეკრეაციული სივრცეებია.