როდესაც ზაფხულის მზე სიცილიის თავზე ბზინავს, სანაპიროზე გასვლა საუკეთესო არჩევანია. სამ ზღვას შორის მდებარე კუნძული რამდენიმე პატარა კუნძულსაც აერთიანებს კრისტალივით ლურჯ წყლებში. სიცილიას ბევრი ულამაზესი სანაპირო აქვს, საუკეთესოები მთელ ევროპაში.

სან ვიტო ლო კაპო, ტრაპანი/San Vito Lo Capo

გრძელი ქვიშიანი სანაპირო მომხიბვლელი მთის ჩრდილში – ეს სან ვიტო ლო კაპოა. ეს სანაპირო პოპულარული დასასვენებელი ადგილია იტალიური ოჯახებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სეზონზე საკმაოდ დატვირთულია, წყლისპირას მშვიდ ატმოსფეროს მაინც შეიგრძნობთ. უფრო ველური სანაპირო გამოცდილებისთვის, ლეგენდარულ ბილიკებს და საცურაო გამოქვაბულებს მიაშურეთ ზინგაროს ნაკრძალში.

კეფალუ, პალერმო/Cefalù

თუ პალერმოში ხართ, კეფალუ 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. ეს მომხიბვლელი შუასაუკუნოვანი სოფელია ქვიშიანი სანაპიროთი. აქ ბევრი შესაძლებლობაა ზღვის პროდუქტების გემრიელად მირთმევის დროს ხედით რო დატკბეთ. მთაზე ასვლის შემთხვევაში ნახავთ ისტორიულ ძეგლს, ციხესიმაგრეს, რომელიც სანაპირო ქალაქს გადმოჰყურებს.

სკალა დეი ტურკი, აგრიგენტო/Scala dei Turchi

სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვის პირისპირ, უნიკალური ქვის ბუნებრივი ფორმაციებია. დატკბით მასთან მდებარე სანაპიროთი, რომელიც ქვიშისა და ქვის ნაზავია.

კურდღლის სანაპირო, ლამპედუზა/Rabbit Beach

ხშირად მას ევროპის ყველაზე საოცნებო სანაპიროს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ლამპედუზას კუნძული სიცილიიდან 200 კილომეტრში მდებარეობს, მაინც სიცილიის ნაწილად ითვლება. ამ თეთრ ქვიშიან სანაპიროზე კურდღლებს ვერ შეხვდებით, მაგრამ აქ ბევრი ბუნებრივი აუზია შექმნილი. სიცილიიდან აქ ფრენითაც მოხვდებით, პალერმოს ან კატანიის აეროპორტებიდან.

კალა როსა, ეგადის კუნძულები/Cala Rossa, Egadi Islands

ეგადის კუნძულები სიცილიაზე გამორჩეული მიმართულებაა. აქ ქვიშის და ქვის სანაპიროებია, განსაკუთრებული ხედებით. თუმცა, კალა როსა გამორჩეულია თავისი ფორმით, რადგანაც ის დამსვენებელს გამოქვაბულის ფორმის სანაპიროს სთავაზობს, სადაც ქვებზე ჩამოსხდომას შეძლებთ. ყველაზე თეთრი ქვიშა და ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ ლიდო ბურონის და კალა აზურას სანაპიროებზე.

მონდელო, პალერმო/Mondello

მონდელო ქალაქის სანაპიროა რეტრო ატმოსფეროთი და მშვიდი წყლით. სანაპიროს ცენტრში მთავარი ძეგლია ყვითელი არტ-ნუვოს პავილიონი. ორი კლდე ბუნებრივ ნაპირს ქმნის და ზაფხულობით, განსაკუთრებით უქმეებზე, აქ ბევრი ხალხი იყრის თავს.

იზოლას სანაპირო, მესინა/Isola Bella

ეს არის სანაპირო, რომელიც მთავარ როლს ასრულებდა სერიალ “თეთრი ლოტუსის” მეორე სეზონში. კუნძულის გარშემო ბევრი ლეგენდა არსებობს, რომელიც ამ ქვიან სანაპიროს უკავშირდება. ტაორმინადან სანაპირო ცოტა მოშორებითაა, მაგრამ შეგიძლიათ საბაგიროს გაყვეთ, რომელსაც ვიზიტორები რეგულარულად, შუაღამემდე დაჰყავს.