ფარერის კუნძულები ამოუხსნელი ზღაპარია, დრამატული ლანდშაფტებით, თვალუწვდენელი ხედებით და არაამქვეყნიური სიმშვიდით. თუ განსაკუთრებულ გამოცდილებებს ეძებთ, ფარერებზე წასვლისას ეს 4 რჩევა გაითვალისწინეთ:
დაჯავშნეთ იდუმალი ტური
იდუმალი ტური (The mystery tour) აპლიკაციაზე დაფუძნებული სანავიგაციო გამოცდილებაა, რომელიც ადგილობრივი ტურიზმის სამსახურმა შექმნა. მის ფარგლებში, ქირაობთ მანქანას და გეძლევათ QR კოდი, რომელსაც ვებსაიტზე გადაყავხართ. საიტზე დაგხვდებათ მითითებები და არ უნდა გადაუხვიოთ იმ გზას, რომელიც აპლიკაციამ შეგირჩიათ. როგორც წესი, ის გულისხმობს 5 გაჩერებას. როგორც კი თქვენი მოწყობილობა მიხვდება, რომ რეკომენდირებულ გაჩერებას მიაღწიეთ, შემდეგ გაჩერებას გამოგიჩენთ. წარმოიდგინეთ, თითქოს ფარერებმა პაემანზე დაგპატიჟათ და სად წაგიყვანთ, სიურპრიზად ტოვებს. ეს ინიციატივა საინტერესოა იმითაც, რომ ფარერებზე ჩამოსულმა ყველა ვიზიტორმა მხოლოდ ერთი და იგივე ტურისტული ადგილი არ მოინახულოს და კუნძულის სხვა ლამაზი ადგილებიც შეიგრძნოს, სადაც შესაძლოა ტურისტები საერთოდაც არ დაგხვდნენ.

დააგემოვნეთ კერძები ტორშავნში
ტორშავნის რესტორნებში ადგილობრივი კერძების დაგემოვნება აქ აუცილებელი გამოცდილებაა. ხშირ შემთხვევაში მათ ღია სამზარეულო აქვთ, ატმოსფერო კი მყუდრო და სახლურია. მათგან რამდენიმეს გირჩევთ: Paz; Roks და Katrina Christiansen. უკანასკნელი მათგანი მე-18 საუკუნის შენობაში მდებარეობს და ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაგებობაა. ფარერების სამზარეულოში ცხვრის ხორცი და ორაგული მნიშვნელოვანი ინგრედიენტებია. დააგემოვნებთ ადგილობრივად მოხარშულ ლუდსაც.

დახატეთ პოლ სკარდენთან ერთად
ალბათ იშვიათია ისეთი ავთენტური გამოცდილება, როგორიც საკუთარი ხელოვნების ნიმუშის შექმნაა იმ ადგილას, სადაც მოგზაურობთ. პოლ სკარდენი ფარერებზე ცნობილი მხატვარია და ის აქ ჩამოსულ სტუმრებს შემდეგ სერვისს სთავაზობს: საკუთარი მანქანით აკითხავს და ერთი დღით სუფთა ჰაერზე სახატავად მიჰყავს. ლოკაციები ამინდის და პირადი სურვილების მიხედვით იცვლება. პოლი მოგიმზადებთ მოლბერტს, საღებავებს და გასწავლით ხატვის ნიუანსებს.

კაიაკი ფიორდებთან
კაიაკით კატაობა ფარერებზე საუკეთესო სათავგადასავლო გამოცდილებაა, უბრალოდ მისით დაკავება წლის მანძილზე მხოლოდ მოკლე პერიოდით, ზაფხულშია შესაძლებელი. აღმოაჩენთ წყლის გამოქვაბულებსაც. ფიორდებთან წყალი უფრო მშვიდია, ვიდრე ღია ზღვაში.











