ფრანგული ალპების ულამაზესი ბუნება, ეროვნული პარკები, მთის მწვერვალები თუ ტბები მათაც კი ხიბლავს, ვისაც ზამთრის კურორტები დიდად არ უყვარს. სათხილამურო სეზონი აქ დეკემბრის შუა რიცხვებში იწყება და აპრილამდე გასტანს. ჩვენ აქ სამ გამორჩეულ დღეს დაგიგეგმავთ:

დღე 1: CHAMONIX

შამონი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული სათხილამურო კურორტია, რომელსაც მაგიური მონ ბლანი გადმოჰყურებს. აქ მდებარე სასრიალო ბილიკები ყველა დონის მცოდნეს დააკმაყოფილებს. სრიალის შემდეგ, შამონიში ბევრი საცეკვაო ბარი დაგხვდებათ, სადაც ლაივ მუსიკის თანხლებითაც შეძლებთ დროის გატარებას.

დღე 2: AIGUILLE DU MIDI

ადით მწვერვალზე სახელად “AIGUILLE DU MIDI”. აქ საფრანგეთის ყველაზე მაღალი საბაგირო სადგურია, ის ზღვის დონიდან 3777 მ-ზე მდებარეობს. მაღლა პანორამული ტერასები და სხვადასხვა სასმლის დალევის საშუალება გექნებათ.

შემდეგ კი შეგიძლიათ დაეშვათ VALLÉE BLANCHE-ზე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ სათხილამურო ბილიკზე. მის სტარტს საბაგიროს სადგურიდან მიაგნებთ. საუკეთესო დრო მარტის მეორე ნახევარი ან აპრილის პირველი ნახევარი იქნება.

დღე 3: VALLLORCINE

ეს საკურორტო სოფელი შვეიცარიის საზღვრიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. მისი კალთებიდან შვეიცარიის ალპების ხედები გადაგეშლებათ, ასევე შამონის ველის. თუ გემრიელი ყველი და სიმშვიდე გიყვართ, ალპური არდადეგები აქ დააგვირგვინეთ.