ერევანში მოგზაურობა უძველესი კულტურის გულში გამოგზაურებთ, სადაც მონასტრები, რომლებიც მსოფლიოს პირველი ქრისტიანული სამეფოს ისტორიას ინახავს, თვალწარმტაც პეიზაჟებს გადაჰყურებს, ადგილობრივები კი სტუმართმოყვარე ტრადიციებსა და ნამდვილ სომხურ სუფრას დიდი სიამაყით გიზიარებენ.
სომხეთის მზარდ და გამორჩეულ დედაქალაქში რამდენიმე დღის გატარება ნამდვილად ღირს. ერევანი მყუდრო კაფეებით, ღვინის ბარებითა და რესტორნებით, ხელოვნების გალერეებითა და მუზეუმებით, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და დიდებული ეკლესიებით გაგაოცებთ.
აღმოაჩინეთ სომხეთის უნიკალური კულტურა და შთამაგონებელი ისტორია ჩვენი პატარა გზამკვლევით, რომელიც ერევანში სანახავ და გასაკეთებელ საუკეთესო აქტივობებს გაგაცნობთ.
-
დატკბით რესპუბლიკის მოედნის მუსიკალური შადრევნებით
დილიდან გვიან ღამემდე ერევნის რესპუბლიკის მოედანი ათასობით ადგილობრივსა და ტურისტს იზიდავს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ცნობილი მუსიკალური შადრევნებია, რომლებიც ყოველ საღამოს, 20:30-დან 23:00 საათამდე, სომხური, კლასიკური და როკმუსიკის ჰანგების ფონზე ირთვება.
მოედანი არქიტექტორ ალექსანდრე ტამანიანის 1924 წლის ურბანული გეგმის მიხედვით შეიქმნა. მოედანს გარს აკრავს ვარდისფერი ვულკანური ტუფის ქვით ნაგები ულამაზესი ნეოკლასიკური შენობები, რომლებშიც განთავსებულია როგორც მოქმედი, ისე ყოფილი სამთავრობო დაწესებულებები, სასტუმრო მერიოტი, სომხეთის ისტორიის მუზეუმი და ეროვნული გალერეა.
მოედნის ქვეშ ცივი ომის პერიოდში აშენებული დიდი ბუნკერია, რომელიც ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირების დასაცავად იყო განკუთვნილი.

-
დაათვალიერეთ კასკადი: კაფესჯიანის ხელოვნების ცენტრი
კაფესჯიანის ხელოვნების ცენტრი, რომელსაც უბრალოდ კასკადის სახელითაც იცნობენ, ერევნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფოტოგენური ღირსშესანიშნაობაა.
მონუმენტური ნაგებობის 572 ქვის საფეხური თავდაპირველად არქიტექტორმა ალექსანდრე ტამანიანმა 1924 წელს შეიმუშავა, როგორც ქალაქის ურბანული გეგმის ნაწილი, თუმცა მშენებლობა მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყო. სამწუხაროდ, 1988 წლის მიწისძვრისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა და კასკადის ზედა ნაწილი დაუსრულებელი დარჩა.
საბოლოოდ, სომეხი წარმოშობის ამერიკელი ქველმოქმედი ჯერარდ კაფესჯიანი პროექტის მხარდამჭერი გახდა. მან კასკადის დასრულებული ნაწილი ხელოვნების გალერეად გადააქცია და საკუთარი შთამბეჭდავი ხელოვნების კოლექციით შეავსო.
კასკადის ძირში განთავსებული 15 პატარა შადრევანი თავდაპირველად სსრკ-ის რესპუბლიკების სიმბოლოდ იყო ჩაფიქრებული, თუმცა 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მათი მნიშვნელობა შეიცვალა და სომხეთის 15 ისტორიული პროვინციის სიმბოლოდ იქცა. კასკადის საფეხურები მზის ჩასვლის დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.

3. შეიგრძენით ერევნის კაფეების კულტურა
ერევანი გამორჩეული და მრავალფეროვანი კაფეების კულტურით გამოირჩევა. აქ შეხვდებით როგორც ტრადიციულ კაფეებს, ისე თანამედროვე, სპეციალიზებულ ყავის სივრცეებს.
ერთ-ერთი ასეთი ადგილია Ground Zero: პოპულარული კაფე, სადაც შესანიშნავ ყავასა და ჩიზქეიქებს დააგემოვნებთ. კიდევ ერთი საინტერესო არჩევანია Lumen Coffee 1936, სადაც ხარისხიან ყავასთან ერთად ჭერის დახვეწილი ხის ორნამენტებითაც დატკბებით.
ოპერის მოედნის სიახლოვეს მდებარეობს Gemini: ერევნის ერთ-ერთი საყვარელი კლასიკური კაფე, სადაც ადგილობრივებთან ერთად შეგიძლიათ დააგემოვნოთ სომხური ყავა (სურჩი) და უხვად შევსებული კრეპი.
Twelve Tables პატარა, მყუდრო და განსაკუთრებული დეკორით გამორჩეული კაფეა, რომლის ინტერიერიც ბებიის მისაღებ ოთახს მოგაგონებთ. აუცილებლად გასინჯეთ მათი შინ მომზადებული ლიმონათი!
თუ ლიტერატურა და მშვიდი გარემო გიყვართ, ეწვიეთ Artbridge Bookstore Café-ს, რომელიც წიგნებსა და კაფეს აერთიანებს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ კარგი ფრანგული პრესით მომზადებული ყავა, დაათვალიეროთ წიგნები და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.
კიდევ ერთი საინტერესო სივრცეა Menu at the Mirzoyan Library: ადგილი, რომელიც ერთდროულად კულტურულ ცენტრს, კაფესა და ბარს აერთიანებს. შეგიძლიათ სასმელი მიირთვათ მირზოიანის ბიბლიოთეკის ულამაზეს, მე-19 საუკუნის ხის აივანზე, საიდანაც ეზოს ხედი იშლება. შესაძლოა, სწორედ ამ დროს ქვემოთ, ეზოში, დიჯეების მუსიკალურ გამოსვლასაც მოუსმინოთ.

-
იმგზავრეთ საბჭოთა პერიოდის მეტროთი
ერევნის მეტროთი მგზავრობა ქალაქის საბჭოთა წარსულის გაცნობის კარგი შესაძლებლობაა. მეტრო 1981 წელს გაიხსნა და დღეს ერთი ხაზისა და 10 სადგურისგან შედგება. ის ქალაქში გადაადგილების იაფი და მოსახერხებელი საშუალებაა. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ნარინჯისფერი ინტერიერი და ძველი სტილის ვაგონები, რომლებიც წარსულში გამოგზაურებთ.
მეტროს მარშრუტზე რამდენიმე საინტერესო სადგურია, მათ შორის ბარეკამუთიუნი, მარშალ ბაგრამიანი, ერიტასარდაკანი და რესპუბლიკის მოედანი.

5. მოინახულეთ ერევნის გამორჩეული ეკლესიები და მეჩეთი
სომხეთი მსოფლიოში პირველი ქრისტიანული სახელმწიფო იყო, ამიტომ ერევანში უამრავი ისტორიული ეკლესია და რელიგიური ძეგლია.
წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობაა. ის 2001 წელს, სომხეთის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღსანიშნავად გაიხსნა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ყველაზე დიდი ტაძარია.
ასევე ეწვიეთ კათოლიკე სურბ ასტვატატინის ეკლესიას: პატარა შუა საუკუნეების ტაძარს, რომელიც 1679 წლის ძლიერ მიწისძვრას გადაურჩა. მის გვერდით მდებარეობს უფრო ახალი, 2015 წელს გახსნილი წმინდა ანას ეკლესია.
კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია ლურჯი მეჩეთი, რომელიც 1765 წელს აშენდა. საბჭოთა პერიოდში ის დაიხურა, თუმცა 1990-იან წლებში ირანის მხარდაჭერით აღადგინეს. დღეს ის ერევანში მოქმედი ერთადერთი მეჩეთია. მეჩეთი გამოირჩევა ფერადი კერამიკული დეკორაციებით, გუმბათითა და მყუდრო ეზოთი, სადაც შადრევნები და ყვავილები დაგხვდებათ.

-
გაეცანით სომხეთის ისტორიას სომხების გენოციდის მემორიალსა და მუზეუმში
სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენა 1915–1922 წლებში ოსმალეთის იმპერიაში სომეხი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და იძულებითი გადასახლებები იყო. ამ ტრაგედიას სომხების გენოციდად მოიხსენიებენ, რომლის დროსაც ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
სომხების გენოციდის მემორიალი და მუზეუმი ციცერნაკაბერდის ბორცვზე მდებარეობს. აქ წარმოდგენილია ისტორიული ფოტოები, დოკუმენტები, წერილობითი მასალები და ვიდეოები, რომლებიც ამ მძიმე პერიოდის შესახებ მოგვითხრობს.
მუზეუმში შესვლა უფასოა და მისი მონახულება სომხეთის ისტორიის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
რჩევა: მუზეუმი ორშაბათობითა და ოფიციალურ უქმე დღეებში დაკეტილია. 24 აპრილს, გენოციდის ხსოვნის დღეს, ვიზიტორებისთვის სამუშაო საათები გახანგრძლივებულია.

7. მოინახულეთ სომხეთის ისტორიის მუზეუმი და ეროვნული გალერეა
რესპუბლიკის მოედანზე მდებარე სომხეთის ისტორიის მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული სივრცეა. აქ დაცულია ბრინჯაოს ხანის უნიკალური ნივთები, შუა საუკუნეების ჯვრიანი ქვები, ტრადიციული სომხური სამოსი, ხალიჩები და სხვა ისტორიული ექსპონატები.
განსაკუთრებით საინტერესოა დაახლოებით 5 500 წლის ტყავის ფეხსაცმელი, რომელიც 2008 წელს ვაიოც ძორის რეგიონში, ერთ-ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინეს. მუზეუმის ზედა სართულებზე სომხეთის ეროვნული გალერეა მდებარეობს, სადაც ევროპული, რუსული და სომხური ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სომეხი მხატვრების, ჰაკობ ოვნათანიანის, მარტიროს სარიანისა და ვარდგეს სურენიანცის ნამუშევრები. ორივე მუზეუმი ორშაბათობით, ოფიციალურ უქმეებსა და ხსოვნის დღეებში დაკეტილია.

-
აღმოაჩინეთ თანამედროვე ხელოვნება ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
1972 წელს გახსნილი ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საბჭოთა კავშირში პირველი სპეციალიზებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი იყო. ის სომეხი ავანგარდისტი მხატვრებისთვის მნიშვნელოვანი სივრცე გახდა.
მუზეუმში წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მათ შორის კარენ პეტროსიანის, არმენ გევორგიანისა და ლაურა ავეტისიანის შემოქმედება.
რჩევა: მუზეუმი ორშაბათობით დაკეტილია.

9. შეიძინეთ სუვენირები ვერნისაჟის ბაზრობაზე
ვერნისაჟი ერევნის ცნობილი ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბაზრობაა, სადაც სომხურ ხელნაკეთ ნივთებსა და სუვენირებს შეხვდებით. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტრადიციული ხალიჩები, თოჯინები, კერამიკული ნივთები, ხის ჭადრაკის დაფები, სამკაულები და სხვა საინტერესო ნივთები.
ფასები და ხარისხი განსხვავებულია, ამიტომ არჩევისას ყურადღებით იყავით. ზოგჯერ ვაჭრობაც შესაძლებელია. თუ სასურველ ნივთს ვერ იპოვით, შეგიძლიათ Dalan Art Gallery-საც ეწვიოთ, სადაც სუვენირებისა და ნახატების საინტერესო არჩევანი დაგხვდებათ.

10. გაიცანით სომხური ტრადიციები ხალხური ხელოვნების ცენტრში
ხაჩატურ აბოვიანის მოედანზე მდებარე ხალხური ხელოვნების ცენტრი სომხური კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად საინტერესო ადგილია. მუზეუმში წარმოდგენილია ტრადიციული ხალიჩები, ხეზე კვეთის ნიმუშები, ნაქარგები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
ცენტრი ასევე აერთიანებს ხელოსნებს, მუსიკოსებსა და ხელოვანებს, რომლებიც სომხური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნავენ. აქ იმართება გამოფენები, მასტერკლასები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
ცენტრი, ერევნის ბევრი სხვა მუზეუმის მსგავსად, ორშაბათობით დაკეტილია.

-
მოუსმინეთ ცოცხალ მუსიკას ადგილობრივების მსგავსად
ერევანს ცოცხალი მუსიკის მრავალფეროვანი სცენა აქვს. თუ ჯაზი გიყვართ, ეწვიეთ Ulikhanyan Club-ს, სადაც ყოველ საღამოს ცოცხალი ჯაზის მოსმენა, კოქტეილის დაგემოვნება და სასიამოვნო საღამოს გატარება შეგიძლიათ. Kami Club უკვე 15 წელზე მეტია მასპინძლობს ადგილობრივ მუსიკოსებს. აქ ხშირად უკრავენ ცოცხლად და სტუმრებს ცეკვის განწყობას უქმნიან.
Calumet მყუდრო და განსხვავებული სივრცეა, სადაც ბალიშებზე მოკალათებული, მეგობრებთან ერთად საუბარსა და ცოცხალი მუსიკის მოსმენას შეძლებთ.
თუ ფრანგულ-სომხური სამზარეულო და მშვიდი მუსიკალური გარემო გაინტერესებთ, ეწვიეთ The Club-ს. საღამოს გასართობად კი საინტერესო არჩევანია Kond House და Bird Cage, სადაც მუსიკა, კოქტეილები და სასიამოვნო ატმოსფერო დაგხვდებათ.
უფრო კლასიკური საღამოსთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სომხეთის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრს, სადაც ხელმისაწვდომ ფასად ოპერისა და ბალეტის წარმოდგენებს დაესწრებით.

12. დააგემოვნეთ ცნობილი სომხური კონიაკი
ერევანი განსაკუთრებით ცნობილია თავისი კონიაკით, რომელსაც ღვინის ყურძნისგან ამზადებენ და გამორჩეული, ოდნავ შებოლილი არომატი აქვს.
სომხეთში კონიაკის წარმოება 1887 წელს დაიწყო, როდესაც ნერსეს ტაირიანმა და ვასილი ტაიროვმა ფრანგული წარმოების გამოცდილება სომხეთში დანერგეს. სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება ცნობილი ARARAT-ის ბრენდის შექმნა.
დღეს ARARAT-ის ქარხანა ვიზიტორებს მუზეუმისა და საწარმოს დათვალიერებას სთავაზობს, სადაც კონიაკის წარმოების პროცესსაც გაეცნობით.

13. დააგემოვნეთ ტრადიციული სომხური სამზარეულო
ერევანი იდეალური ადგილია სომხური ტრადიციული კერძების გასასინჯად. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ხოროვაცი: გრილზე მომზადებული ხორცი, რომელსაც ლავაშთან და სხვადასხვა გარნირთან ერთად მიირთმევენ.
სხვა ტრადიციული კერძებიდან აუცილებლად გასინჯეთ:
-
ტოლმა: ყურძნის ან კომბოსტოს ფოთლებში გახვეული ხორცის ან ბოსტნეულის შიგთავსი.
-
ჰარისა: ხორბლისა და დაქუცმაცებული ქათმისგან მომზადებული კერძი.
-
ლაჰმაჯო: თხელ ცომზე მომზადებული ხორციანი კერძი, რომელიც პიცას მოგაგონებთ.
-
სპასი: იოგურტის, ხორბლისა და მწვანილისგან მომზადებული ტრადიციული წვნიანი.
-
ჯინგალოვ ჰაცი: ლავაში, რომელიც სხვადასხვა მწვანილით არის სავსე.
-
ბასტურმა: გამხმარი და სანელებლებით შეზავებული საქონლის ხორცი.
-
მანტი: პატარა ცომის ნაჭრები ხორცის შიგთავსით, რომლებსაც იოგურტთან და ნიორთან ერთად მიირთმევენ. ტკბილეულის მოყვარულებმა აუცილებლად გასინჯეთ გატა: ტრადიციული სომხური ნამცხვარი, ფუნჩიკი: შიგთავსიანი ფუნთუშა და ჩურჩხელის მსგავსი ტკბილეული სუჯუხი.

-
აღმოაჩინეთ მარტიროს სარიანის შემოქმედება მის სახლ-მუზეუმში
მარტიროს სარიანი სომხური მხატვრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ეროვნული ფერწერის სტილის ფუძემდებლად ითვლება. სარიანი განსაკუთრებით ცნობილია ფერადი პეიზაჟებითა და პორტრეტებით. მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა მხატვრებმა, როგორებიც არიან ანრი მატისი და პოლ გოგენი.
მარტიროს სარიანის სახლ-მუზეუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი ნამუშევრები და სახელოსნო, სადაც მხატვარი მუშაობდა.

15. მოინახულეთ მატენადარანი - უძველესი ხელნაწერების საცავი
სომხური ხელნაწერების პირველი საცავი V საუკუნეში მესროპ მაშტოცმა, სომხური ანბანის შემქმნელმა, ეჩმიაძინში დააარსა. საუკუნეების განმავლობაში ომებისა და შემოსევების შედეგად უამრავი ხელნაწერი განადგურდა, თუმცა დაახლოებით 1800-მა მათგანმა გადარჩენა შეძლო. სწორედ ეს კოლექცია გახდა მატენადარანის დღევანდელი საგანძურის საფუძველი.
დღეს აქ 23 000-ზე მეტი ხელნაწერი, დოკუმენტი, ფრაგმენტი და რუკა ინახება. მათი მხოლოდ ნაწილია გამოფენილი. მატენადარანი კვირაობითა და ორშაბათობით დაკეტილია, თუმცა მისი შთამბეჭდავი შენობის გარედან დათვალიერებაც ღირს.

-
შთაგონება მიიღეთ სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმში
ერევანში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ სერგეი ფარაჯანოვის მუზეუმს, რომელიც ჰრაზდანის ხეობასთან მდებარეობს. მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი კინორეჟისორის ნახატები, ფოტოსურათები, კოლაჟები და უჩვეულო ხელოვნების ნიმუშები. ფარაჯანოვი განსაკუთრებით ცნობილია თავისი ექსპერიმენტული ფილმით „ბროწეულის ფერი“ (1969).
მუზეუმი მე-19 საუკუნის ხის სახლშია განთავსებული და თავად ფარაჯანოვის სურვილით შეირჩა. აქ მისი შემოქმედების გარდა, საბჭოთა პერიოდში ხელოვანების წინაშე არსებული სირთულეების შესახებაც შეიტყობთ.

17. დაგეგმეთ ნახევარდღიანი მოგზაურობა ეჩმიაძინში
ერევნიდან დაახლოებით 18 კილომეტრში, ქალაქ ვაღარშაპატში, მდებარეობს ეჩმიაძინი: სომხეთის სულიერი და რელიგიური ცენტრი, რომელსაც ხშირად სომხურ ვატიკანსაც უწოდებენ. სწორედ აქ იხილა წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა ღვთაებრივი გამოცხადება და ააგო სომხეთის პირველი მთავარი ტაძარი.
ეჩმიაძინის მუზეუმში დაცულია მრავალი მნიშვნელოვანი რელიგიური სიწმინდე, მათ შორის წმინდა ლახვარი, რომლითაც, გადმოცემის თანახმად, რომაელმა ჯარისკაცმა ჯვარცმულ ქრისტეს გვერდი განუგმირა.
ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ საეკლესიო სამოსი, გვირგვინები, უძველესი ხელნაწერები, ჯვრები და სხვა ისტორიული ნივთები.











