ქაოტური და ლამაზი ნეაპოლი, იტალიურად ნაპოლი, წინააღმდეგობების ქალაქია. სამხრეთ იტალიაში მდებარე ეს დასახლება ლამაზი პორტით იწონებს თავს, ზევიდან კი ვესუვიუსის მთა გადმოჰყურებს, ვულკანი, რომელმაც პომპეი გაანადგურა. ქალაქის ისტორიული ცენტრი მომხიბვლელი არქიტექტურით – ეკლესიებით, მუზეუმებით, სასახლეებით და პიაცებით, რამდენიმე მსხვილი ქუჩის გარშემოა გაერთიანებული. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ:

ნეაპოლის კათედრალი (დუომო)

ნეაპოლის მფარველი წმინდანის, სან ჟენაროს სახელობის მე-13 საუკუნით დათარიღებული გოთიკური კათედრალი ბაროკოს ფრესკებს წარმოგვიდგენს. აქ ანტიკური ნანგრევები დაგხვდებათ, აქვეა ნათლობისთვის განკუთვნილი ადგილი, რომელსაც მე-5 საუკუნეში იყენებდნენ, ბიზანტიური მოზაიკებით. ყოველი წლის 19 სექტემბერს ნეაპოლის დუომო 8 დღიან სადღესასწაულო ფესტივალს მასპინძლობს.

სანტა კიარას სამონასტრო კომპლექსი და მუზეუმი

სანტა კიარას ეკლესია რელიგიური კომპლექსის ნაწილია, სადაც არქეოლოგიურ მუზეუმსაც იხილავთ. მის გარშემო ულამაზესი მოზაიკის კედელი და სვეტებია, მე-17 საუკუნიდან. მუზეუმის ტერიტორიაზე უძველეს რომაულ აბანოსაც ნახავთ.

პიაცა სან დომენიკო მაგიორე & სანსევეროს სამლოცველო

ნეაპოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოედანზე, პიაცა სან დომენიკო მაგიორეზე ბერების მიერ აგებული ობელისკი დგას. აქვეა სანსევეროს სამლოცველო და კარავაჯოს და ტიციანის ნამუშევრების ასლები ფრესკების სახით.

სან ლორენცო მაგიორეს ბაზილიკა და რომაული ნანგრევები

იშვიათი გოთიკური არქიტექტურა ბერძნულ-რომაული ქალაქის ნაშთია, თავისი რომაული ფორუმით. აქ რამდენიმე დასასვენებელი სივრცეა მოწყობილი იმის საჩვენებლად, თუ როგორი იყო ქალაქი რომაულ ეპოქაში.

ნეაპოლის მიწიქვეშეთი

ქალაქის ქვეშ მალული ლაბირინთი მდებარეობს ანტიკური გვირაბებით და კატაკომბებით. აქ თეატრის ნანგრევებიცაა, სადაც იმპერატორ ნეროს გამოსაცვლელი ოთახი ჰქონდა. გამოიკვლიეთ ეს გასაოცარი სამყარო.

ნეაპოლის ეროვნული არქეოლოგის მუზეუმი

აქ გამოფენილია ბერძნული და რომაული ანტიკური ნიმუშები, მათ შორის მოზაიკა, სულპტურები, ვერცხლის და შუშის ნაკეთობები. ასევე, პომპეის ნანგრევებში აღმოჩენილი ნივთები. საიდუმლო კაბინეტში ეროტიკულ ნიმუშებსაც იხილავთ პომპეიდან.

სამეფო სასახლე

წარმოიდგინეთ ცხოვრება ნეაპოლის სამეფო სასახლეში! ეს Palazzo Reale-ია. მისი მომხიბვლელი ექსტერიერის მიღმა სამეფო აპარტამენტებია განთავსებული. სახურავზე მოწყობილ ბაღში თავს მეფედ იგრძნობთ.

პიაცა დელ პლებისიტო

ნეაპოლის შუაში მდებარე მოედანი  იტალიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილია. აქედან ვია ტოლედოზე განაგრძეთ გზა, საფეხმავლო ქუჩებზე, რომელიც ძველი ქალაქის არეალს წარმოადგენს.

ანატომიის მუზეუმი

ეს მუზეუმი მეცნიერების და ხელოვნების მუზეუმის ნაწილია. ზოგიერთისთვის ადამიანის ჩონჩხები საშიშია, თუმცა ზოგისთვის საინტერესო. აქ იხილავთ ჯუზეპე ალბინის მიერ შექმნილ ადამიანის ორგანოების უნიკალურ ნაწილებს.

სან გრეგორიო არმენო

ეს ნეაპოლის შოპინგისთვის განკუთვნილი ქუჩაა, დიდი ბაზრობით. აქ ბევრ ხელნაკეთ ნივთების მაღაზიას აღმოაჩენთ. აქვეა ამავე სახელობის ეკლესია.

დელოვოს სასახლე

ნავსადგურში მდებარე ციხესიმაგრე – Castel dell’Ovo, ნეაპოლში უძველესი ციხესიმაგრეა. ის პატარა კუნძულს იკავებს და სანტა ლუჩიას გამზირს უყურებს. ერთ დროს სამეფო რეზიდენცია, დღეს გამოფენების და კონცერტების ადგილია.

ნუოვოს სასახლე

ეს მასიური სასახლეც მუზეუმია, სადაც მე-14 საუკუნის ფრესკები, ნახატები და სკულპტურებია. შესასვლელში ტრიუმფალური თაღ მდებარეობს, რომლის ორიგინალი კარებიც ნეაპოლის სამეფო სასახლეშია გადატანილი.

სან კარლოს თეატრი

იტალიის უდიდესი და უძველესი ოპერა იდეალური აკუსტიკითაა ცნობილი. ის 1737 წელს აშენდა, თუმცა ხანძრის შემდეგ რესტავრაცია გაუკეთეს.

კაპოდიმონტეს მუზეუმი და პარკი

იტალიის მდიდრულ მუზეუმებს შორის, ეს გამორჩეულია, რადგანაც ტიციანის, ბოტიჩელის, რაფაელის და პერუჯინოს ნამუშევრებს აერთიანებს. დაათვალიერეთ სამეფო აპარტამენტები და შესანიშნავი ბაღი.

სან მარტინოს ეროვნული მუზეუმი და მონასტერი

გასაოცარი ხედები სანტა ლუჩიაზე ვომეროს მთიდან უნდა იხილოთ. ეს მონასტერი მე-14 საუკუნეში დაარსდა და მისი სამუზეუმო ნაწილი უნიკალური ნეაპოლიტანურ ბაროკოს ნიმუშებს წარმოგვიდგენს.

ბოტანიკური ბაღი

იტალიის საუკეთესო ბოტანიკურ ბაღად წოდებული ეს პარკი 1810 წელს გაიხსნა, რაც მას ევროპაში ერთ-ერთ უძველესადაც აქცევს. აქ ბევრი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ულამაზესი სათბურები.

ფუნიკულიორი

პირველად ვესუვიუსის მთაზე ფუნიკულიორის სარგინიგზო გზა მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენეს, თუმცა ის 1944 წელს ვულკანის ამოფრქვევის გამო დაიხურა. დღეს გზა სრულიად უსაფრთხოა და მგზავრებს ყოველდღე ემსახურება. ერთი მათგანი ვომეროს გამზირიდან ადის და სან მარტინოზე და სანელმოს სასახლეზე გვთავაზობს ხედებს, ცენტრალური ფუნიკულიორი, მსოფლიოში ყველაზე გრძელია და ვია ტოლედოდან ადის. აქ კიდევ ორია. ნეაპოლის ფუნიკულიორს ყოველწლიურად 4 მილიონი მგზავრი იყენებს.