სლოვაკეთის დედაქალაქი ყველა სეზონზე, დილიდან დაღამებამდე, ენერგიით დუღს. ბრატისლავას ღირსშესანიშნაობები ისტორიულ ძველ ქალაქშია თავმოყრილი და საშუალებას გვაძლევს ერთ დღეში ბევრი რამ მოვასწროთ. თუ მხოლოდ 24 სთ გაქვთ, ჩვენ დროს ეფექტურად და საინტერესოდ დაგიგემავთ.

დილა

ბრატისლავას ყავის სახლებს მეოცე საუკუნეში არისტოკრატები სტუმრობდნენ. ეს იყო მეგობრების და ბიზნეს პარტნიორების შეხვედრის ადგილი. ამიტომაც, აქ ყოფნის დროს შეიგრძენით ბრატისლავას ყავის დალევის კულტურა რომელიმე კაფეტერიაში. არჩევანი ბევრია. ჩვენ ქალაქის მთავარ მოედანზე უძველეს კაფეტერიებს (Kaffee Mayer და Schokocafe Maximilian Delikates) გირჩევთ. დააგემოვნეთ სხვადასხვა ტიპის ლატე და კაპუჩინო.

ყავით ენერგიის მიღების შემდეგ, გაიარეთ ფეხით 15 წუთის სავალი გზა ძველი ქალაქიდან ბრატისლავას ციხესიმაგრემდე. სასახლეში ისტორიის მუზეუმი მდებარეობს, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების ისტორიას გვიყვება. გარეთ ბაროკოს ბაღები და ქალაქზე ლამაზი ხედია.

ლანჩისთვის შეჩერდით სასახლის ლუდსახარშში: Zamocky Pivovar. აქ თავად ხარშავენ ლუდს და სხვადასხვა ტიპის უგემრიელეს ლუდს შემოგთავაზებენ.

შუადღე

მიაქციეთ ყურადღება ორ მთავარ შენობას ქალაქის ცენტრში: მერიას და პრიმატების სასახლეს (Primatial Palace). მერიის შენობაში ბრატისლავას მუზეუმი მდებარეობს. პრიმატების სასახლეში კი განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობაა სარკეების დარბაზი. ამ საფეხმავლო ქუჩებზე სეირნობისას რამდენიმე მე-18 საუკუნის შენობას აღმოაჩენთ.

საღამო

საუკეთესო გზა, რომ ბრატისლავაში საღამო დაიწყოთ, სლოვაკეთის ეროვნული თეატრის ძველი შენობაა. აქ საოპერო, თეატრის და ცეკვის პერფორმანსები ტარდება. შემდეგ შეგიძლიათ დღე უფოს კოშკზე (UFO Tower) დაასრულოთ, საიდანაც ღამის ქალაქს იხილავთ.ასევე შეგახსენებთ, რომ ბრატისლავაში ცოცხალი ღამის ცხოვრებაა და აქ ბევრ ბარს და კლუბს ნახავთ. Nu Spirit Club და The Club Bratislava მათ შორის ყველაზე პოპულარულებია.