ბულგარეთის დედაქალაქი სოფია სიცოცხლით, კულტურით და ღონისძიებებით სავსე ქალაქია. თუ აქ მხოლოდ 48 საათი გაქვთ, ბევრის მოსწრება მაინც შეიძლება.

დღე 1

გაატარეთ რამდენიმე საათი ქვეყნის მდიდარი ისტორიის გაცნობაში. ამას ბულგარეთის უდიდესი ისტორიული მუზეუმის დარბაზებში შეძლებთ. ეროვნული ისტორიის მუზეუმი ათასობით გამოფენას აერთიანებს. ის ბოიანას უბანში მდებარეობს, ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში.

მისამართი: 16, Vitoshko Lale Street

სოფიას დათვალიერება კულტურის ეროვნული სახლით განაგრძეთ. NDK – ქალაქის ცენტრში მდებარეობს და აქ წლის მანძილზე ყველა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება ტარდება: კინოფესტივალები, წიგნის ფესტივალები, კონცერტები, ექსპო-გამოფენები და აშ. გაყევით საფეხმავლო ქუჩას – ვიტოშა ბულვარს: იშოპინგეთ ან დააგემოვნეთ ხელნაკეთი ნაყინი.

მისამართი: Boulevard “Bulgaria”

ლანჩის დროა! დააგემოვნეთ ბულგარული სამზარეულო ქალაქის ცენტრში, რომელიმე მყუდრო ატმოსფეროში.

შემდეგ გაუყევით განმანთავისუფლებელი მეფის ბულვარს, ჩაუარეთ არქეოლოგიურ მუზეუმს, ბუნების ისტორიის მუზეუმს, ეროვნულ გალერეას და რუსულ ეკლესიას, რათა ალექსანდერ ნევსკის კათედრალამდე მიხვიდეთ. ეს სოფიას ერთგვარი სიმბოლოა, ოქროთი მოჭედილი თაღით. მანდვე მდებარეობს წმ. სოფიას ბაზილიკა კატაკომბებით.

მისამართი: 1, Parizh Str

თუ საღამოს წვეულების ხასიათზე ხართ, აქ ბევრი არჩევანია. Bar Dak – ქალაქის ცენტრშია და თითქმის ყოველ საღამოს ღონისძიებებს მასპინძლობს. მის სიახლოვესაა Chicago Piano Bar – ლაივ პერფორმანსებით და ელეგანტური ატმოსფეროთი.

საუკეთესო ღამის კლუბები სოფიაში:

  • Yalta Club – ელექტრონული მუსიკის პირველი კლუბი ბულგარეთის დედაქალაქში. ინტერიერი კერძო ბინას მოგაგონებთ, რაც საღამოს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
  • Once Upon A Time Biblioteka – ეროვნულ ბიბლიოთეკის შენობაში მდებარე ეს კლუბი პოპულარულ საცეკვაო და პოპ-მუსიკას გვთავაზობს.
  • Bar Petak – ჯაზისა და სოულის მოყვარულთათვის.
  • Gotham Club – აქ ადგილობრივი ბენდების ცოცხალ შესრულებებს მოისმენთ.
  • Versus Karaoke Bar – კარაოკეს მოყვარულებისთვის აქ სიმღერების მრავალფეროვანი არჩევანია.
  • RockIt – ეს როკ-კლუბი საკმაოდ ბიუჯეტურ კვებასაც გთავაზობთ.

დღე 2

დაიწყეთ დღე ახლად დაფქული ყავით და გამომცხვარი ტკბილეულით. ჩვენ “ცისარტყელას ფაბრიკას” (Fabrika Daga) გირჩევთ. შემდეგ გაეშურეთ სოფიას ისტორიის მუზეუმში, სადაც ქალაქის წარსულს გაიცნობთ და რეტრო ტრამვაიზე დასხდებით. გაიგებთ რატომ დაარქვა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა სოფიას “ჩემი რომი” და ყოფილი ბულგარელი მეფეების სამეფო ცხოვრებას გამოიკვლევთ.

მისამართი: 1, Banski Square

ბევრ სუვენირს და ახალ ხილს აღმოაჩენთ ცენტრალურ ბაზრის დარბაზში, თუ მუზეუმის პირდაპირ ქუჩას გადაჭრით. აქ მთელი შუადღის გატარება შეგიძლიათ. ვიტოშას ბულვარზე ბევრი პატარა მოდის ბუტიკი, მეორადი სამოსის ვინტაჟური მაღაზიები და კაფეებია.

ამის შემდეგ, სოფიას ქალაქის პარკებში შეგიძლიათ განტვირთვა. დასხედით ეროვნული თეატრის წინ მდებარე რეკრეაციულ ზონაში – City Garden, სადაც ადგილობრივი ქუჩის მუსიკოსების ჰანგებითაც დატკბებით.

ღამით აქ ადამიანები ლუდის დასალევად, მუსიკის დასაკრავად ან უბრალოდ სალაპარაკოდ იკრიბებიან და მეგობრულ ატმოსფეროს ქმნიან.