საბერძნეთში სტუმრობა გურმანებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგანაც ბერძნული სუფრა გემრიელი კერძებით ყველას ხიბლავს. აქაური კერძები როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური კულტურით იყო შთაგონებული. ბოსტნეული, თევზი და ზღვის პროდუქტები საბერძნეთში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მრავალფეროვანი კერძები აქ ისტორიის და კულტურის ნაწილია, ამიტომაც ეცადეთ, სანამ ამ ქვეყანაში იმყოფებით, მაქსიმალურად მეტი ადგილობრივი საკვები და სასმელი დააგემოვნოთ.

Amygdalota/ამიგდალოტა

უგლუტეინო ნუშის ორცხობილა ბერძნულ ყავას ძალიან უხდება. საბერძნეთის სხვადასხვა ნაწილში ის სხვადასხვანაირია, თუმცა მთავარი ინგრედიენტი, ნუში – არ იცვლება.

Baklava/ბაქლავა

ეს საკვები შეიცავს თხილს, კარაქს და შაქარს. გამოცხობის შემდეგ ფენებს შორის ტკბილი სიროფი იღვრება, რაც მას მეტად გემრიელს ხდის. მართალია ბაქლავა თურქეთსა და რუმინეთშიც ტრადიციულ დესერტადაა დამკვიდრებული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბერძნებმა მის დამზადებაში სრულყოფილებას მიაღწიეს.

Horiatiki/ბერძნული სალათა (ჩორიატიკი)

საბერძნეთში ჩორიატიკს ამზადებენ პომიდვრისგან, ზეთისხილისგან, მწვანე წიწაკისგან, კიტრისგან და დიდი ზომის ფეტა ყველისგან. აქ სალათის ფურცელს მასში არ ურევენ. მართალია, ბერძნული სალათა ერთხელ მაინც გექნებათ გასინჯული, მაგრამ „სწორად მომზადებულ“ ჩორიატიკს მხოლოდ საბერძნეთში დააგემოვნებთ.

Gyros/გიროსი

გიროსი ეკონომიური და გემრიელი საკვებია. პიტაში მოთავსებულ ხორცის ნაჭრებს ემატება სოუსი, ნიორი, სალათის ფურცელი, პომიდორი და კარტოფილის ჩიფსები. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი ხორცით: საქონლის, ცხვრის, ქათმის თუ ღორის. თუ ჩქარობთ და სწრაფი კვება გესაჭიროებათ, გიროსი საუკეთესო არჩევანია.

Halva/ხალვა

თუ დიეტურ დესერტს ეძებთ, საბერძნეთს თქვენთვისაც აქვს გემრიელი შემოთავაზება. ბერძნული ხალვა 4 ინგრედიენტის მშვენიერი კომბინაციაა: ზეთის, სემოლინის, შაქრისა და წყლის.

Kataifi/კატაიფი

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესერტი სპეციალური ცომისგან, კატაიფისგან მზადდება. დარიჩინი მას განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

Moussaka/მუსაკა

და აი ისიც! ლეგენდარული, ტრადიციული კერძი, რომელიც კრემიანი და წვნიანია. მუსაკას საბერძნეთის ყველა ტავერნაში აღმოაჩენთ. ოჯახურ შეკრებებზე მას ყოველთვის ამზადებენ. შეგიძლიათ მხოლოდ მუსაკას შეკვეთას დაჯერდეთ, რადგანაც ის აუცილებლად დაგანაყრებთ. აღსანიშნავია, რომ ამ კერძის უამრავი ინტერპრეტაცია არსებობს: მას ოჯახებში და რესტორნებში სხვადასხვანაირად ამზადებენ, ამიტომაც თუ პირველად გასინჯვის შემდეგ დიდად კმაყოფილი არ დარჩით, სხვაგან მეორე შანსი აუცილებლად უნდა მისცეთ. მუსაკას „ბერძნულ ლაზანიასაც“ უწოდებენ.

Pasteli/პასტელი

ის ორ კომპონენტს შეიცავს: თაფლსა და სეზამეს მარცვლებს, თუმცა ხშირად ამრავალფეროვნებენ სხვადასხვა სახეობის თხილითაც. პასტელი ძალიან უხდება ჩაის, გამოგადგებათ ლანჩზე წასახემსებლად და დროებით ენერგიასაც შეგმატებთ. პასტელი მდიდარია კალციუმით, პროტეინებითა და რკინით. ის საბერძნეთში ანტიკური დროიდან არსებობს.

Pastitsio/პასტიციო

ეს არის გამომცხვარი პასტა საქონლის ხორცითა და სოუსით. პასტიციოთი ყველა სეზონზე დატკბებით. საბერძნეთში ეს კერძი მწვანე სალათასთან, თეთრ ძმართან და ზეითუნის ზეთთან ერთად მოაქვთ.

Revani/რევანი

რევანიც პოპულარული დესერტია ლიმნის არომატით.

Saganaki/საგანაკი

ყველის მოყვარულებს საგანაკი ნამდვილად დაგაინტერესებთ. ეს არის შემწვარი ყველი, რომელიც 10 წუთში მზადდება და მის გასაკეთებლად მხოლოდ ცომი და ყველი გამოიყენება. ზოგიერთ რესტორანში უმატებენ პომიდორსა და კრევეტებს. უკეთესი გემოსთვის ზევიდან დააწურეთ ლიმნის წვენი.

Souvlaki/სუვლაკი

ეწვიოთ საბერძნეთს და არ დააგემოვნოთ სუვლაკი, იგივეა რაც ეწვიოთ ლონდონს და არ მიირთვათ „თევზი და ჩიფსები“. სუვლაკი აქ ქუჩის კვების მნიშნელოვანი ნაწილია. ბერძნულად ეს სახელწოდება ითაგრმნება როგორც „ხორცი შამფურზე“. ბერძნები მას ხანდახან პიტას პურში ახვევენ. ტრადიციული რეცეპტის მიხედვით, ხორცი ცხვრის უნდა იყოს, დამარილებული ლიმონსა და ზეითუნის ზეთში. სუვლაკი ბერძნულ სალათას და შემწვარ კარტოფილს ძალიან უხდება. ვეგეტარიანელებისთვის არსებობს სუვლაკის ვარიანტები ბადრიჯნით, წიწაკით და სოკოთი.

Spanakopita/სპანაკოპიტა

იხპანახის ღვეზელი დღის ნებისმიერ მონაკვეთში გასიამოვნებთ. ფეტას ყველი, კარაქი და ზეითუნის ზეთი იდეალურ ხრაშუნა მდგომარეობამდე ცხვება.

Taramasalata/ტარამასალატა

ტარამასალატას ამზადებენ ხიზილალისგან, ლიმნის წვენისგან, ზეითუნის ზეთისგან და სველი პურისგან. ხანდახან პურის ნაცვლად კარტოფილსაც იყენებენ. ის გამოიყენება როგორც აპეტაიზერი.

Tiropita/ტიროპიტა

ტიროპიტა ყველის ღვეზელია, რომელსაც სტარტერად ან წასახემსებლად იყენებენ. ის სხვადასხვა ფორმებსა და ზომებში გვხდება. მის დასამზადებლას ძირითადად ფეტას ყველს იყენებენ, მაგრამ ყველის სხვა სახეობებისგანაც მზადდება.

Fasolatha/ფასოლადა, ფასოლია

ბერძნული საავტორო ლობიოს სუპი ძალიან ნოყიერი და ჯანსაღი კერძია. განსაკუთრებით გესიამოვნებათ ცივ ამინდში ან მაშინ, როცა გათბობა გინდათ.

Loukomades/ლუკომადესი

თუ ფიქრობთ, რომ დონატები თანამედროვე გამოგონებაა, ცდებით. ბერძნული ლუკომადესი ჩვ.წ-მდე 776 წლით თარიღდება. ოლიმპიური თამაშების დროს მას ათლეტები მიირთმევდნენ. ტრადიციული ლუკომადესი ეს არის ცომის ბურთულა დარიჩნითა და თაფლის სიროფით. მიირთვით ის ბერძნულ უფემრიელეს ყავასთან ერთად.

რვაფეხა გრილზე

ეს საბერძნეთის უნიკალური კერძია. მას განსაკუთრებულად კუნძულებზე მოგართმევენ, თითქოს პირდაპირ ზღვიდან თქვენს მაგიდაზე. მიაყოლეთ თეთრი ღვინო.