პოზნანი მდიდარი ისტორიით გამოირჩევა – რენესანსის დროინდელი ქალაქის მერიის და პოლონეთის უძველესი კათედრალის თამადობით. მაგრამ, აქ კიდევ ბევრი რამაა საინტერესო.
ქალაქის მერია
პოზნანის მერიის შენობა ქვაფენილიან ძველი ბაზარის მოედანზე დგას. ყოველი დღის 12 საათზე, მექანიკური ცხვრები საათს რეკავენ. ამ სანახაობის შემდეგ, დაათვალიერეთ მოედანი საგულდაგულოდ. ეს ქალაქის უძველესი ნაწილია.

ციტადელის პარკი
ეს პარკი ქალაქის ცენტრში არსებული ოაზისია. აქ მშვიდი ატმოსფერო, კომფორტული კაფეები, ბოტანიკური ბაღები, მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე და მუზეუმია. მოინახულეთ ღია ამფითეატრიც, რომლის გარშემო ვრცელი მწვანე სივრცეა საპიკნიკოდ. უბრალოდ ისეირნეთ და განიტვირთეთ.

ახალი ზოოპარკი
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ზოოლოგიური პარკი, ეგზოტიკურ ცხოველებს წარმოგვიდგენს. შექმნილი ბუნებრივი პირობების გამო, აქ სპილოებისთვისაც და ჟირაფებისთვისაც იდეალური პირობებია.

გაისეირნეთ ნავით მალტას ტბაზე
პოზნანში მალტას ტბა დროის სასიამოვნოდ გატარებას გპირდებათ. ამ ხელოვნურ ტბას მთელი წლის მანძილზე იყენებენ. ზაფხულში ის გოლფის და ნაოსნობის ადგილია, ზამთარში კი სრიალის. ზოოპარკი ამ ტბის სიახლოვეს მდებარეობს.

შოპინგ ცენტრი: Stary Browar
ყოფილ ლუდსახდელ ქარხანაში მდებარე ეს უნიკალური შოპინგ ცენტრი და კულტურული სივრცე, პოზნანის შუაგულში გიმასპინძლებთ. აქ 200-ზე მეტი მაღაზია, 20-მდე კაფე-რესტორანი, საგამოფენო ოთახი, საკონცერტო დარბაზი, გალერეა, სასტუმრო და კლუბია თავმოყრილი.

საიმპერატორო სასახლე
დღეს აქ კულტურული ჰაბია მოწყობილი: მუზეუმის, კინოს და თეატრის გაერთიანება. მაგრამ, პოზნანის საიმპერატორო სასახლეს ბევრი ლეგენდა აქვს მოსაყოლი. ის 1910 წელს, გერმანელი იმპერატორისთვის, უილიამ მეორესთვის აშენდა, რომელმაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგა და შენობა ადოლფ ჰიტლერის რეზიდენციად იქცა. ომის შემდეგ, ის ქალაქის უნივერსიტეტს გადასცეს. დღეს კი აქ კულტურის ცენტრია. შესვლა უფასოა და ფასიანი ტურებიც ხელმისაწვდომია.

კათედრალის კუნძული
კათედრალის კუნძული სინამდვილეში კუნძული არაა. ეს ერთ დროს პოზნანის, როგორც ქალაქის საწყისი წერტილი იყო. პოზნანის კათედრალი პოლონეთში უძველესი ეკლესიაა. ის მეათე საუკუნით თარიღდება. მის გარშემო გალერეებს, კაფეებს და მუზეუმებს აღმოაჩენთ. მიიჩნიეთ ის ქალაქის ჰიფსტერულ ნაწილად.

წმ. სტანისლაუს ვარდისფერი ტაძარი
მე-17 საუკუნის ეს ეკლესია პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესია და პოლონური ბაროკოს არქიტექტურის უბადლო ნიმუშს წარმოადგენს. აუცილებლად მოინახულეთ მისი ინტერიერი, სადაც უძველეს ნახატებს და სკულპტურებს აღმოაჩენთ. სვიეტოსლავსკას ქუჩიდან ვარდისფერი ექსტერიერი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას და მის ფონზე სურათიც მშვენიერი გამოგივათ.

პალმების სახლი
ძველი ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურთან, პოზნანის პალმის სახლი მდებარეობს. ესაა კომპლექსი 12 პავილიონით და 1100 მცენარის სახეობით. პავილიონების უმეტესობა ვიზიტორებისთვის საჯაროდაა ღია. აკვარიუმის ნაწილში 170 თევზის სახეობა დაგხვდებათ. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც სათბურია – ტროპიკული ჯუნგლები.

პოზნანის ეროვნული მუზეუმი
ამ მუზეუმს პოზნანში რამდენიმე ფილიალი აქვს: გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკალური ინსტრუმენტების და ეთნოგრაფიის. სათაო ოფისში მხატვრობა დაგხვდებათ. აქ პოლონეთის უძვირფასესი კოლექცია ინახება, როგორც პოლონელი მხატვრების, ასევე, ვან დიკის, ველასკესის, ტინტორენტოს და მონეს.











