იტალიის უდიდეს საპორტო ქალაქს დიდი საზღვაო ისტორია აქვს – აქ ქაოსი გლამურს გრაციოზულად ერწყმის. თითქოს გენუა, ერთ ქალაქში მოქცეული იტალიაა. ჩვენ ამ ქალაქის დალაშქვრას შემდეგნაირად გირჩევთ:

პორტი/Porto Antico

მოინახულეთ ძველი პორტი, სადაც ხმელთაშუაზღვის უდიდესი პლაზა მდებარეობს: კულტურა, გამოფენა, შოუ-პროგრამა, სპორტი, გასტრონომია და შოპინგი ერთმანეთს ხვდება და თქვენ წინაშე იშლება. შეგახსენებთ, რომ გენუა უძველესი საპორტო ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ დასახლებულია, ამიტომაც ამ ქალაქში მოგზაურობა აქედან უნდა დაიწყოთ.

სასახლე/Palazzo Reale

ეს სამეფო სასახლე მე-17/მე-18 საუკუნეების დროიდელი არქიტექტურული კომპლექსია. მისი დარბაზები მორთულია ფრესკებით, სკულპტურებით, ავეჯით და სამოსით, რომლებიც აქ მცხოვრებ წარჩინებულ ოჯახებს ეკუთვნოდათ. გსურთ შეისუნთქოთ წარსულის ჰაერი? შეიძინეთ აქაური ესპრესო სასახლის კაფეტერიაში და გაისეირნეთ ყვავილოვან ბაღში.

აკვარიუმი/Genoa Aquarium

ევროპის უდიდესი აკვარიუმი 6000 სახეობის წყლის ბინადარს აერთიანებს და 6 მილიონ ლიტრ წყალს შეიცავს. დელფინებისა და ზვიგენების აუზის ზომა საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, რომ დაიჯეროთ. აქ სტუმრობა ბავშვებს განსაკუთრებით გაახარებთ.

ხელოვნების მუზეუმი/Musei di Strada Nuova

ეს სამი მუზეუმის კომბინაციაა, პალაცო როსოსი, პალაცო ბიანკოსი და პალაცო ტურსის. ის 75 ოთახს მოიცავს, მათ გადაკვეთებზე კი ტერასებსა და ბაღებს იხილავთ. პალაცო როსოდან საუცხოო გადმოსახედი დაგხვდებათ ქალაქზე.

ბულვარი/Corso Italia

გენუას ბულვარი მეთევზეთა სოფელს უერთდება, თუმცა მანამდე ბევრ კლუბს, ბარს და რესტორანს გაივლით. ასევე, შეხვდებით მონუმენტებსა და გადმოსახედებს. უბრალოდ დატკბით სეირნობით სანაპიროზე და გზად საყვარელი სასმელიც დალიეთ.

ტყე/Forte Diamante

ეს ტყე „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანს მოგაგონებთ. ის ზღვის დონიდან 667 მეტრზე მდებარეობს და რთულად მისაგნებ ლოკაციას წარმოადგენს. მისი წყალობით, მე-18 საუკუნეში იტალიური ძალები შეუმჩნევლები რჩებოდნენ. დღეს ტყე ტურისტებისთვის უკვე კომფორტულადაა მოწყობილი. შეგიძლიათ ახვიდეთ ბოლომდე და 30 წუთიანი სალაშქრო გზა გაიაროთ. ეს ბილიკი გენუას თავზე მოგაქცევთ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გაჩუქებთ.

საზღვაო მუზეუმი/Galata Museo del Mare

არაა გასაკვირი, რომ გენუაში, ქრისტეფორე კოლუმბის დაბადების ადგილას, იტალიის უდიდესი საზღვაო მუზეუმია. დიზაინი ესპანელ არქიტექტორს, გილერმო ვაზკეზ კონსუეგრას ეკუთვნის. გალერეები ოთხ სართულზეა განლაგებული და ვრცელ ისტორიას გამცნობთ.

შოპინგი/Via XX Settembre

პიაცა დე ფერარიდან გადაჭერით აღმოსავლეთით და 1 კილომეტრში გენუას შოპინგის მთავარ ქუჩაზე მოხვდებით. აქ იპოვნით როგორც ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, ასევე პატარა, საინტერესო ბუტიკებს. აქვეა კაფეებიც, სანაყინეებიც და წვიმის შემთხვევაში გადახურული მოსაცდელებიც.