შვეიცარიის დედაქალაქი პატარა და კომპაქტურია – ცოცხალი ატმოსფეროთი, ქვაფენილიანი ქუჩებით და მდინარეზე ლამაზი ხედებით. ყველა ღირსშესანიშნაობას ძველ ქალაქში მიაგნებთ. ის ძირითადად საფეხმავლოა და დისტანციებიც მოკლე-მოკლეა. ბერნი სამოთხეა მათთვის, ვისაც ქალაქის დათვალიერება ფეხით უყვარს.
იხილეთ ცხოველები ზოოპარკში – Tierpark Dählhölzli
“მეტი ადგილი ნაკლები ცხოველისთვის” ეს ბერნის ზოოპარკის მთავარი ლოზუნგია. ამ ტყეში ცხოველების პარკი 1937 წელს გაიხსნა. აქ მდინარე, პატარა ტბა და 300-მდე სახეობის ცხოველი დაგხვდებათ, მათ შორის ფლამინგოები. აქვეა კაფეც, ბავშვთა გასართობი მოედანი, პონით გასეირნების შესაძლებლობა და სახის მოხატვა.
ამოიცანით დრო საათის კოშკზე – Zytglogge
ყოველ საათში ბერნის შუასაუკუნეების დროინდელ საათზე ცვილის ფიგურა ზარს ოქროს ჩაქუჩს ურტყამს. მის გარშემო კი სხვა ცხოველებიც იწყებენ მოძრაობას. ეს გასაოცარი შოუ მოედნიდან საინტერესო დასაკვირვებელია. თუმცა, შეგიძლიათ კოშკის თავზეც მოექცეთ. 130 საფეხურის ავლის შემდეგ, იუნესკოს სიაში შესული ქალაქის პანორამა და მოშორებით შვეიცარიული ალპები გადაგეშლებათ.
დაისვენეთ მოსეს ტბაზე – Moossee lake
ბერნის მთავარ სარკინიგზო სადგურიდან გაყევით მატარებელს და 10 წუთში სოფელ მუსედორფში აღმოჩნდებით. მცირეხნიანი სეირნობით კი მოსეს სანაპიროზეც ამოყოფთ თავს. აქ სპეციალურად მოწყობილი სანაპირო, მაგიდის ჩოგბურთი, ბავშვების გასართობი მოედანი და სხვა თავშესაქცევებია.
აღმოაჩინეთ ბერნის შადრევნები
შვეიცარიის დედაქალაქს “შადრევნების ქალაქსაც” კი უწოდებენ. ძველი დროიდან მოყოლებული ეს იყო თავშეყრის ადგილები, სადაც შვეიცარიელები პოლიტიკურ თუ ერთმანეთის ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს. აქ ბევრი უნიკალური შადრევანია, რომელთა უმეტესობაც ძველ ქალაქშია თავმოყრილი. ზოგიერთი მათგანი ალეგორიულ სკულპტურებს განასახიერებს.
ადით კოშკზე – Chutzen tower
ბერნიდან ავტობუსით ნახევარ საათში დიდ მინდორზე აღმოჩნდებით, სადაც 45 მ. სიმაღლის კოშკი დგას. მაღლიდან ახლომდებარე სოფლებიც მოსჩანს.
მოინახულეთ მაგიური მამული – Elfenau estate
ანა ფეოდოროვნამ ეს მამული მე-19 საუკუნის დასაწყისში შეიძინა. 1 საუკუნის შემდეგ, მოქალაქეებმა ხმა მისცეს ქცეულიყო ის საჯარო მწვანე სივრცედ. ტიერპარკის სიახლოვეს მდებარე ელფანაუსთან 19 ნომერი ავტობუსით 15 წუთში მიხვალთ. თუ მდინარეს გაუყვებით, ფეხითაც მიადგებით. აქ ცნობილი ლუდსახარშიც დაგხვდებათ.
დაისვენეთ სულიერად კათედრალში – Heilliggeistkirche
დაათვალიერეთ ეს უზარმაზარი მე-18 საუკუნის ბაროკოს სტილის ეკლესია რკინიგზის სადგურთან. ის შვეიცარიის უდიდესი პროტესტანული თაყვანისცემის ადგილია, რომელიც საოცარ არქიტექტურას წარმოგვიდგენს. 14 მასიურ თაღს მოხატული ჭერი უკავია. თუ გაგიმართლათ, ორღანის მუსიკასაც მოისმენთ.
შეუერთდით ტურს სენსორულ მუზეუმში – Sensorium Rüttihubelbad
სარკეების დარბაზი, სურნელოვანი ხეები, მომღერალი თასი, შადრევნები, ფერადი ჩრდილები – სენსორიუმს 80 გამოფენა აქვს, რომლებიც ჩვენი შეგრძნებების სტიმულაციას იწვევენ. აქ ბავშვებიც და დიდებიც სასიამოვნოდ ერთობიან.
დაათვალიერეთ ბუნების ისტორიის მუზეუმი – Naturhistorisches Bern
აქ ათასობით ჩონჩხს და ცხოველის ფიტულს აღმოაჩენთ, არამხოლოდ ნაცნობ ცხოველებს, არამედ უცნაურ ქმნილებესაც – ცხოველების სხეულის ნაწილებს ქილებში, თვალების კოლექციას და აშ.
გადმოიხედეთ ბერნის კათედრალიდან – Bern Münster
ბერნის გოთიკური კათედრალი მე-15 საუკუნეში აშენდა და ის ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ეკლესიაა. 100 მეტრი სიმაღლის ტაძარი შვეიცარიაში უმაღლესია. ნამდვილად არ ინანებთ მის წვერზე ასვლას და ქალაქის გადმოხედვას.
ეწვიეთ აინშტაინის სახლს
ალბერტ აინშტაინი ბერნში ცხოვრობდა და სამ სართულიანი ბინა, რომელსაც ის ცოლთან, მილევასთან ერთად ქირაობდა, დღეს მუზეუმია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ის ქალაქის ყველაზე მომნუსხველ ქუჩაზე, კრამგასეზე მდებარეობს.
დატკბით ხელოვნებით ბერნის ანტიკურ მუზეუმში – Kunstmuseum
კანსტმუზეუმი შვეიცარიის უძველესი სახვითი ხელოვნების მუზეუმია, მუდმივი კოლექციებით. ის წარმოგვიდგენს შუა საუკუნეებს დღევანდელ დღემდე. აქ სანდრო ბოტიჩელის, პიკასოს, პოლ სეზანის, კლოდ მონეს, ვინსენტ ვან გოგის და ედუარდ მანეს შემოქმედებასაც იხილავთ.
შეისწავლეთ შვეიცარიის შესახებ შვეიცარულ პარლამენტში – Bundeshaus
ბუნდეჰაუსი ექსტერიერითაც და ინტერიერითაც ხელოვნებისა და არქიტექტურის ბრწყინვალე ნამუშევარია. მთავარ დარბაზში ლამაზი ნახატები შვეიცარიულ ისტორიას აღბეჭდავენ. შენობა საჯაროდაა ღია და აქ 1 საათიანი გაიდ ტურებიც იმართება სხვადასხვა ენაზე.
აღმოაჩინეთ პოლ კლეს ნამუშევარი – Bern’s Paul Klee
მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვანს ცხოვრების მანძილზე 4000-მდე ნამუშევარი აქვს შექმნილი. 150 მათგანი აქაა წარმოდგენილი. მუზეუმი გარეგნულადაც ხელოვნებაა – იტალიელი გენიოსი არქიტექტორის, რენცო პიანოს მიერ აშენებული გამორჩეული ნაგებობა.