ლუცერნი შვეიცარიის მინიატურული ვერსიაა. აქ ისტორია, კულტურა და ბუნება ბრწყინვალედ ერწყმის ერთმანეთს. ის იდეალური მდებარეობით გამოირჩევა, რადგანაც გარს ლუცერნის ტბა და ალპების მთები აკრავს. შვეიცარიაში ყოფნის დროს, ლუცერნი რამდენიმე დღით დაგეგმეთ და ნამდვილად ისიამოვნებთ. აქედან ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში მოხვედრა საკმაოდ იოლია.
ლუცერნის ტბა
შვეიცარიის ერთ-ერთი უდიდესი ტბა გამოსატოვებელი ნამდვილად არაა. გასაოცარი ბუნების გამო მას სკანდინავიასაც ამსგავსებენ. შეგიძლიათ ფეხით გაისეირნოთ მის გარშემო ან ჩასხდეთ ნავებში.
კულტურის ცენტრი
KKL Luzern – უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზს, ხელოვნების მუზეუმს და გასაოცარ არქიტექტურას აერთიანებს. ერთი ვიზიტით ქვეყნის საუკეთესო დარბაზს და ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს დაათვალიერებთ.
ციხესიმაგრე
Museggmauer-ს 9 კოშკურა აქვს და ის ლუცერნის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. ადრე ეს ძველი კედელი ქალაქზე იყო გარშემორტყმული და მას შემოსევებისგან იცავდა. 4 კოშკი საჯაროდაა ღია და მათზე ასვლა შეგიძლიათ. სამუშაო საათებია დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე. დააკვირდით 1535 წლით დათარიღებულ საათის კოშკსაც.
სამლოცველოს ხიდი
Kapellbrücke – ლუცერნის საკულტო ღირსშესანიშნაობაა. ეს ევროპაში უძველესი, 200 მეტრი სიგრძის ხის ხიდია, მორთული სხვადასხვა დეკორაციებით. გაისეირნეთ მასზე და დაათვალიერეთ ნახატები, რომლებიც მას შიგნიდან ამშვენებს. ღამით, როდესაც ხიდი ნათდება, განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
პილატუსის მთა
ლუცერნის და მისი შემოგარენის საუკეთესო პანორამული ხედებისთვის, პილატუსის მთას უნდა მიაკითხოთ – გონდოლათი (მიმართულება: Kriens) ან საბაგიროთი (მიმართულება: Fräkmüntegg). ლეგენდის მიხედვით, აქ ერთ დროს დრაკონი ცხოვრობდა. კარგ ამინდებში აქედან გადმოხედვისას 72 მთის დათვლა შეგიძლიათ.
ტრანსპორტის შვეიცარიული მუზეუმი
ტრანსპორტის შვეიცარიული მუზეუმი (Verkehrshaus der Schweiz) ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია. ის ყველა ტიპის ტრანსპორტის სახეობას აერთიანებს: ხმელეთის, ზღვის, ჰაერის და კოსმოსის. აქ ინტერაქციულ გამოცდილებას მიიღებთ, შეძლებთ მოთავსდეთ სხვადასხვა მოწყობილობაში. აქაა უზარმაზარი პლანეტარიუმიც, სადაც ვარსკვლავებს დააკვირდებით.
ძველი ქალაქი
კოშკები, ტაღები და ფრესკები ფასადებზე – ლუცერნის ძველი ქალაქი ისტორიული სარჩულით ხასიათდება. ეკლექტური არქიტექტურა მოიცავს შუა საუკუნეების შენობებსაც. მათ შორისაა წმ. პეტრეს ტაძარიც კაპელპლაცზე. ძველი ქალაქი მანქანებისგან თავისუფალია – გაატარეთ დრო ქვაფენილიან ქუჩებზე სეირნობით, პატარა მაღაზიების თვალიერებით და გემრიელი შვეიცარიული საკვების დაგემოვნებით.
როზენგარტის მუზეუმი
ლუცერნის ნეოკლასიკური ეროვნული ბანკის შენობა დღეს შვეიცარიაში თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო კოლექციებს ინახავს. Rosengart Collection-ის 1 სართული მთლიანად პაბლო პიკასოს (50 ნახატი) და პოლ კლეს (125 ნახატი) ნამუშევრებს მოიცავს. ამ მუზეუმში ასევე იხილავთ სეზანის, მონეს, შაგალის და მიროს ხელოვნების ნიმუშებს. სამუშაო საათები: აპრილი-ოქტომბერი: 10.00-18:00; ნოემბერი-მარტი: 11:00-17:00.
რიგის მთა
ეს მთა ზღვის დონიდან 2128 მეტრზე მდებარეობს, ლუცერნის სამხრეთით და შვეიცარიის საოცარ ხედებს გვთავაზობს. აქედან სამ სხვადასხვა ტბას დაინახავთ: ლუცერნის ტბას, ზუგის ტბას და ლაუერზის ტბას. აქ მომავალი რკინიგზა მაისიდან ნოემბრამდე მუშაობს. ქვევით შეგიძლიათ საბაგიროსაც ჩაყვეთ.