ველური ფიორდებიდან დაწყებული, თანამედროვე ხელოვნების გალერეებამდე, ოსლო კოსმოპოლიტურ ქალაქს წარმოადგენს. შესაძლოა ის ევროპის იაფი მიმართულება არაა, თუმცა ნორვეგიის დედაქალაქის მაგიური შარმით ერთ უიქენდზე მაინც უნდა მოიხიბლოთ. მთებსა და ზღვას შორის მოქცეული ეს სკანდინავიური ქალაქი ბუნებისა და ურბანიზაციის მიქსია.

გაისეირნეთ ოსლოს ფიორდებზე

ულამაზესი ოსლოს ფიორდები ქალაქის სამხრეთით, 100 კილომეტრზეა გადაჭიმული და შთამბეჭდავ კუნძულებს: ლანგოიენს, გრეშჰოლმენს და ლინდოიას აერთიანებს. ზაფხულობით აქ ცურავენ, კაიაკით დადიან, ბარბექიუებს აწყობენ და კრუიზებით ტკბებიან. მათი სანაპიროებიდან ღია მინდვრებს და წყნარ სოფლებს მოინახულებთ. აქ ზამთარშიც ცურავენ, უბრალოდ მანამდე და შემდეგ საუნით თბებიან.

ეწვიეთ სამეფო სასახლეს

ნორვეგიელები ამაყობენ თავიანთი სამეფო ოჯახით და ქვეყნის ისტორიით, რაც ამ შენობას ნორვეგიის უმნიშვნელოვანეს ნაგებობად აქცევს. ნეოკლასიკურ სტილში აგებული სასახლე ლონდონის ბუკინგემის სასახლეს ჰგავს. ჩაეწერეთ გიდის ტურზე.

შეისეირნეთ მერიაში

Rådhuset – წითელი აგურის მერიის შენობაა, რომელიც 1950 წელს გაიხსნა და დღეს ქალაქის პოლიტიკურ ადმინისტრაციას წარმოადგენს. ყოველწლიურად, ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში სწორედ აქ გადასცემენ. შიგნით ნორვეგიული ხელოვნების ნიმუშები და ედვარდ მუნკის ნამუშევარიც დაგხვდებათ. აქ ხშირადაა კონცერტები, ხოლო გიდის ტურები მუდმივად.

მოინახულეთ ოსლოს კათედრალი

ოსლოს ცენტრში მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი მდებარეობს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რესტავრაციის შედეგად, საკუთარი ბაროკოს ინტერიერი სრული ბრწყინვალებით დაიბრუნა. დღეს მას ქორწილებისა და დაკრძალვებისთვის ხშირად იყენებენ, მათ შორის საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებისთვის.

გაისეირნეთ ვიჯილენდის სკულპტურების პარკში

Vigeland Sculpture Park მსოფლიოს უდიდესი სკულპტურების პარკია, სადაც გუსტავ ვიჯილენდის მიერ შექმნილ 200-ზე მეტ სკულპტურას იხილავთ. აქ მუზეუმიცაა, რომელიც მის ძველ სტუდიას და სახლს წარმოადგენს. აქვეა მყუდრო კაფეც. შესვლა უფასოა და ის მთელი წლის მანძილზე 24 საათია ღია.

ჩაიძირეთ წარსულში აკერშასის ციხესიმაგრეში

Akershus Fortress შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრეა და 1300 წლით თარიღდება. ის ერთ დროს მეფე კრისტიან მეოთხეს სამეფო რეზიდენცია იყო და აქ ოსლოს სამეფო და სამხედრო ისტორიას გამოიკვლევთ. შესაძლოა რაიმე კულტურული ღონისძიებაც დაგემთხვათ. აქედან ქალაქზე ულამაზესი ხედები იშლება. ეზოში შესვლა უფასოა, ციხესიმაგრეში კი ფასიანი.


ისარგებლეთ ატრაქციონებით გასართობ პარკში

TusenFryd – ნორვეგიის უდიდესი გასართობი პარკია, რომელიც დიდ გართობას გპირდებათ. აქ უამრავი ატრაქციონია თქვენი გემოვნების და სურვილების დასაკმაყოფილებლად. ოსლოს ცენტრიდან გაყევით ავტობუსს და ის ზუსტად პარკის შესასვლელთან გაჩერდება.

გამოიკვლიეთ კონ-ტიკის მუზეუმი

1947 წელს, კონ-ტიკმა სამხრეთ ამერიკიდან წყნარ ოკეანეში შეცურა და პოლინეზიის კუნძულებისკენ აიღო გეზი. მისი კაპიტანი ნორვეგიელი მოგზაური და მწერალი თორ ჰეიერდალი იყო. ეს მოგზაურობა საზღვაო მოგზაურობების ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ მუზეუმში გემის რეპლიკას და ბევრ საინტერესო ნიმუშს აღმოაჩენთ.

დაათვალიერეთ მუნკის მუზეუმი

ედვარდ მუნკის ცნობილი ნამუშევარი “კივილი” საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ეს თანამედროვე წყლისპირა მუზეუმი მხატვრის უდიდეს კოლექციას წარმოგვიდგენს. მაღაზიაში შეგიძლიათ მისი რეპროდუქციები და სხვადასხვა ნივთები შეიძინოთ.

ვიკინგების გემის მუზეუმი

ქალაქის მორიგი ზღვასთან ასოცირებული მუზეუმი ვიკინგებს უკავშირდებათ. აქ მსოფლიოში საუკეთესოდ შემონახულ ვიკინგების ხომალდებს იხილავთ, რომლებიც მათი ცხოვრების შესახებ ბევრ დეტალს გვამცნობენ. ეს მუზეუმი პატარაა, მაგრამ მისი ბილეთით ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ მუზეუმშიც შეხვალთ.

გამოიკვლიეთ ნორვეგიული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი

ეს მხიარული და ინტერაქციული მუზეუმი ყველასთვისაა. მას 80-ზე მეტი ინტერაქციული გამოფენა და თავის გამოსაცდელი ტესტები აქვს. აქ ბევრს შეისწავლით საკუთარ თავზე როგორც სამედიცინო, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.

გაითვალისწინეთ, რომ ოსლოში მუზეუმები ორშაბათობით დაკეტილია.