თუ მოგზაურობას პოლონეთის ლამაზ დედაქალაქში გეგმავთ, ჩვენ აქაურ საუკეთესო ღირსშესანიშნაობებს გირჩევთ. ვარშავა ქვეყნის ინტელექტუალური ცენტრია, ეკლექტიკური და ცოცხალი კულტურული ატმოსფეროთი. თუ ისტორია, მუსიკა და ხელოვნება გიყვართ, აქ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
ძველი ქალაქი
იუნესკოს დაცულ ძეგლებს შორის შეყვანილი ძველი ქალაქი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რესტავრირდა. ის მე-18 საუკუნის ნახატებითაა მორთული, რომლებიც იტალიელ მხატვარ კანალეტოს ეკუთვნის. ძველი ქალაქის გული ვარშავას ქალთევზას ქანდაკებაა. აქვეა ბაზრის მოედანი, რესტორნებითა და კაფეებით. მოინახულეთ წმ. ჯონის კათედრალიც.
სამეფო სასახლე
ყოფილი მე-16/მე-18 საუკუნის სამეფო რეზიდენცია, დღეს მუზეუმია და საჯაროდაა ღია. აღდგენილი ავეჯი და ხელოვნების ნიმუშები მნახველს პოლონეთის უკანასკნელი მეფის ხანაში ამოგზაურებს. ინტერიერი საოცრად მდიდრული და ბრწყინვალეა.
ბოტანიკური ბაღი და სასახლის კომპლექსი
Łazienki Królewskie Park – ჩვეულებრივი ქალაქის პარკი არაა. აქ დიდი ტბა და მე-18 საუკუნის ბაროკოს სტილის სამეფო რეზიდენცია მდებარეობს, ისევე როგორც, ბოტანიკური ბაღი, ორანჟერეა და ამფითეატრი უფასო კონცერტებისათვის. ვარშავის ცენტრში მდებარე ეს ბაღი ზაფხულის დღეებში განსაკუთრებით სასიამოვნოა.
აღორძინების მუზეუმი
Warsaw Rising Museum – პოლონეთის აღზევებას გვიყვება ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ. ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალებით, ინტერაქციული გამოფენა, უნიკალურ გამოცდილებას გპირდებათ. გაიცნობთ არამხოლოდ ქალაქის ისტორიას, არამედ ქვეყნის ისტორიულ ნარატივს ყველაზე ტრავმულ წარსულზე. მუზეუმის სლოგანია: “ჩვენ გვინდოდა თავისუფლება და ის ჩვენივე დამსახურებით მივიღეთ!”.
შოპენის მუზეუმი
ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიოგრაფიული მუზეუმია. ცნობილი პოლონელი კომპოზიტორის, შოპენის მუზეუმი ასიამოვნებს არამხოლოდ კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, არამედ ყველას ვინც იმ პერიოდითაა დაინტერესებული, როდესაც ეს მუსიკოსი ცხოვრობდა. აქ 15 ოთახი და მინი გამოფენები დაგხვდებათ. აღსანიშნავია, რომ ვარშავაში სეირნობის დროს, ქუჩებში შავ ღილაკებს დაინახავთ. თუ მათ დააწვებით, ამონარიდებს მოისმენთ შოპენის მუსიკიდან.
ვილანოუს სასახლის მუზეუმი და პარკი
Wilanów Palace – პოლონური არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში, სამეფო საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. 1805 წლიდან კი პოლონურ მუზეუმად იქცა. მას გარს საოცარი ბაღები აკრავს.
ხელოვნების ეროვნული გალერეა
Zachęta – თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება და წარმოგვიდგენს ცოცხალ პოლონელ და უცხოელ არტისტებს. აქ სხვადასხვა ღონისძიებები ხშირად ეწყობა. ეწვიეთ წიგნის მაღაზიასაც.
კულტურისა და მეცნიერების სასახლე
Palace of Culture and Science – საბჭოთა კავშირის საჩუქარი იყო პოლონელი ერისადმი და ის მოსახლეობის აზრს დღემდე ორად ყოფს: ნაწილი მას ვერ იტანს, ნაწილი კი შეეჩვია. სასახლეში კინოთეატრი, აუზი, მუზეუმები, თეატრები, უნივერსიტეტი და რამდენიმე კაფე-ბარია. შეგიძლიათ ახვიდეთ 30-ე სართულის ტერასაზეც და ქალაქის პანორამით დატკბეთ.
პოლინის ებრაული ისტორიის მუზეუმი
POLIN Museum – ინტერაქციული გამოფენაა, რომელიც პოლონურ-ებრაულ ურთიერთობებზე გვიყვება. აქ დააგემოვნევთ ებრაულ სამზარეულოსაც.
კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი
ვისტულას მდინარეზე არსებული კოპერნიკის ცენტრი, პოლონეთში უდიდესი სამეცნიერო ცენტრია – 450 ინტერაქციული გამოფენით. ის გამოჩენილი პოლონელი ასტრონომის, ნიკოლაი კოპერნიკის სახელს ატარებს. აუცილებლად ეწვიეთ პლანეტარიუმს, სადაც ლაივ შოუები და ფილმის ჩვენებები დაგხვდებათ. აქ დიდებიც და პატარებიც გაერთობიან.
ნეონის მუზეუმი
ვარშავის ნეონის მუზეუმი უჩვეულო მუზეუმების სიაში შედის. ნეონი ქუჩებიდან ნელ-ნელა ქრება, თუმცა მათ ამ მუზეუმში ერთად აქვთ თავი მოყრილი.

პოვაზკის სასაფლაო
Powązki Cemetery – ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების განსასვენებელია. აქ უამრავ ნეოკლასიკურ და თანამედროვე სკულპტურას აღმოაჩენთ. ამიტომაც, მისი დათვალიერება საინტერესო გამოცდილებას გპირდებათ.